გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
თიბისი კონცეპტის მაისის თვის შეთავაზებები დასვენების კატეგორიაში
თიბისი აგრობიზნესისთვის - ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად
გიორგი ვაშაძე - მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის“
თინა ბოკუჩავა - „MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის
სალომე ზურაბიშვილი - გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას
სადგურის მოედანზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
IPN - ნატო განმარტავს, რატომ აღარ არის გენმდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ჩანაწერი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ

IPN - ნატო განმარტავს, რატომ აღარ არის გენმდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ჩანაწერი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ

06.05.2025 ნახვები: 141

ნატო განმარტავს, რატომ აღარ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში საუბარი ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ.

შესაბამის საკითხზე კითხვით ნატოს „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც ალიანსის ოფიციალურმა პირმა კითხვის საპასუხოდ განმარტა, ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სურვილი იყო, 2024 წლის ანგარიში უფრო ლაკონური და მთავარ აქცენტებზე ფოკუსირებული ყოფილიყო, შესაბამისად, „ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას“.

„2011 წლიდან ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვნად განვითარდა. თავის პირველ ყოველწლიურ ანგარიშში, გენერალურმა მდივანმა რუტემ გადაწყვიტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი, ლაკონური და ფოკუსირებული დოკუმენტი ჰქონოდა, რაც შეესაბამება ნატო-ს ყურადღებას არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე. შედეგად, 2024 წლის ანგარიშში არ შედის მრავალი თემა და დეტალი. ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას,“ - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ნატო-ს ოფიციალური პირი საქართველოში შექმნილ ვითარებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ალიანსის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს საგარეო პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილებით და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“. მისი თქმით, ნატო-ს 17 ინიციატივიდან 5 „ამჟამად შეჩერებულია და ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ რეფორმების პროგრესი პრიორიტეტად უნდა აქციოს, მათ შორისაა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გაძლიერება. ნატო-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის დროს და შემდეგ უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღების და პოლარიზაციის გაზრდის შემდეგ. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნატო-მ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. სულ 17 ინიციატივიდან 5 ამჟამად შეჩერებულია და შემდგომ შეტყობინებამდე არ განახლდება (სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და სასწავლო ობიექტები); დარჩენილი 12 ინიციატივიდან 2 გარკვეული ადაპტაციით გრძელდება (სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები და სამხედრო პოლიცია); ხოლო 10 უცვლელად გაგრძელდება (ნატო-საქართველოს სასწავლო და შეფასების ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის სკოლა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, სამხედრო ინჟინერია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციების ძალები, სტანდარტიზაცია და კოდიფიცირება და ინგლისური ენის შესაძლებლობების განვითარება). წარმატებით დასრულებულია სამი ინიციატივა: სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა (დაიხურა 2017 წელს); ლოჯისტიკა (დაიხურა 2020 წელს); და შესყიდვები (დაიხურა 2023 წელს).

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში.

ნატო კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ყველა სუვერენულ ერს, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და რუსეთს არ აქვს უფლება, კარნახობდეს ამ არჩევანს.

ნატო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი და განათლებული თავდაცვის ძალების შემდგომ განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში,“ - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 24 აპრილს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის ძირითადი მიღწევები და პრიორიტეტები გასული წლის განმავლობაში. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის აღწერით შემოიფარგლება, თუმცა გამოტოვებულია ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტები, როგორიცაა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულება საქართველოს საბოლოო წევრობის ან ქვეყნის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსის შესახებ. დოკუმენტში აღარ არის ჩანაწერი არც უკრაინის და იმის შესახებ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა