გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
თიბისი კონცეპტის მაისის თვის შეთავაზებები დასვენების კატეგორიაში
თიბისი აგრობიზნესისთვის - ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად
გიორგი ვაშაძე - მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის“
თინა ბოკუჩავა - „MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის
სალომე ზურაბიშვილი - გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას
სადგურის მოედანზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
IPN - ნატო განმარტავს, რატომ აღარ არის გენმდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ჩანაწერი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ

გიორგი ვაშაძე - მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის“

06.05.2025 ნახვები: 214

მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის“ - ეს არის პირდაპირი პასუხი მოძალადე რეჟიმს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც წინააღმდეგია საქართველო, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, გახდეს ევროკავშირის წევრი, იყოს ძლიერი სახელმწიფო, იქნება ძალიან მრისხანე ქმედებების სუბიექტი ამერიკის მხრიდან.

„მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი ერთსულოვანი, უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის”. „MEGOBARI აქტი“ არის პირდაპირი პასუხი მოძალადე რეჟიმს, რომ ძლიერი ამერიკა არასდროს ქართველი ხალხის, ჩვენს ბრძოლას არ მიატოვებს და ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც შეეცდება დემოკრატიული სისტემის ხელყოფას, საქართველოს მიტაცებას, ხალხის ნების წინააღმდეგ ბრძოლას, მიიღებს ძალიან მკაფიო პასუხს ჩვენი მეგობარი ამერიკის მხრიდან.

ეს მართლაც უპრეცედენტო დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ძალიან კონკრეტულ ქმედებებს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი ამერიკის მხრიდან. უპრეცედენტო ერთსულოვნებით, შეიძლება ითქვას, ორპარტიული კონსენსუსით მიღებული დოკუმენტია, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხარდაჭერის კუთხით.

მინდა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს ვუთხრა - რაც არ უნდა შეეცადოთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ხედავთ, რომ ჩვენს ბრძოლას, ხალხის წინააღმდეგობას აქვს კონკრეტული შედეგები. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო იქნება ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის, ძლიერი პარტნიორი, რეგიონის ლიდერი ქვეყანა. რაც არ უნდა გინდოდეთ, რომ მიგვატოვოს ამერიკამ, ევროპამ, დაგვტოვოთ მარტო მტრის საჯიჯგნად, თქვენ ეს არ გამოგივათ და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ახლა რეჟიმი იყენებს, მოვუწოდებ: - გაემიჯნეთ! სანამ დროა, გაემიჯნეთ, იმიტომ, რომ შემდგომ ვერაფერს იზამთ. თუ თქვენი თავი არ გეცოდებათ, შეიცოდეთ თქვენი შვილები, მომავალი თაობა, რომელსაც ართმევთ პერსპექტივას. ივანიშვილს, კობახიძესა და მათ გარშემო მყოფ დაჯგუფებას ვეუბნები: - თქვენ პირდაპირ ეღობებით საქართველოს განვითარებას, თქვენ ეღობებით ევროკავშირში ინტეგრაციას, ძლიერ ამერიკასთან მეგობრობას, ძლიერ ევროპასთან მეგობრობას და რატომ? - ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ და მეტი არაფერი. ჩვენ გვინდა უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, ამერიკული ინვესტიციები, გვინდა ევროპული ინვესტიციები, გვინდა ევროკავშირის წევრობა, გვინდა ის მილიარდები, რომელიც მაგალითად, მოლდოვამ მიიღო და ჩვენ თქვენ გამო ვერ მივიღეთ. ჩვენ ეს გვინდა. ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის. „MEGOBARI აქტი“ ძალიან მკაფიო ზღვარს ავლებს ამ ყველაფერთან მიმართებით. ყველა, ვინც წინააღმდეგია საქართველო გახდეს, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ევროკავშირის წევრი, იყო ძლიერი სახელმწიფო, იქნება ძალიან მრისხანე ქმედებების სუბიექტი ამერიკის მხრიდან. სანქციებიც იქნება და ბევრი სხვა რამ. მაგრამ სანამ თავს დაისანქცირებთ, გაემიჯნეთ და მოეგეთ გონს! მოუსმინეთ ხალხს! საზოგადოებას ვეუბნები, დიახ, ჩვენს, თქვენს ბრძოლას აქვს შედეგი და დიდი მადლობა იმ უწყვეტი პროტესტისთვის, ამ წინააღმდეგობის ხაზისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ამერიკა კონკრეტულ გზავნილს უგზავნის რუსი ივანიშვილის რეჟიმს. ან მოეგეთ გონს, ან თქვენი ბედი მომავალში იქნება ძალიან მძიმე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა