გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას. მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა, თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდიან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მანამდე სააკაშვილმა ისაუბრა მმართველ პარტიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ანგრევს ყველაფერს, რაც ეხება „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს.
„გამოაცხადეს, რომ აუქმებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ე. ი. ისევ სრული მასშტაბით შევა კორუფცია, რომელიც ამათ უკვე ნაწილობრივ დააბრუნეს განათლების სისტემაში. არადა, ეს იყო „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი. ერთი სიტყვით, ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ეხება „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს და ეს ნგრევა იღებს კატასტროფულ ხასიათს ყველაზე, მაგრამ ყველაზე დიდ ნგრევას ყოველთვის მოჰყვება ყველაზე დიდი აღმშენებლობა, ამას ვამბობ, როგორც „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი და ჩვენ „ვარდების რევოლუციის“ გაგრძელების ახალი ეტაპი აუცილებლად გვაქვს წინ, იმიტომ, რომ ისევ აღმოსაფხვრელია კორუფცია, კრიმინალი, იმიტომ, რომ ისევ გასაყვანია საქართველო საერთაშორისო არენაზე, იმიტომ, რომ მთელი ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ყველაფერ ამისთვის ვართ მზად. ამისთვის არის, როგორც შიდა, ისე გარე პირობები. ამ ომების ხარჯზე, უკრაინაში, ირანსა და ისრაელს შორის, სადაც ისრაელმა და ამერიკამ გაიმარჯვეს, პალესტინასთან მიმართებაში, მოჰყვება პოლიტიკის დიდი გადააზრების დრო და ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში.
საქართველოში, ახლა, არის სრულიად გაუკუღმართებული პროცესი, ქვეყანას მართავს ივანიშვილი, რომელიც ინსტრუქციას იღებს თავისი FSB-ს კურატორისგან... ყველაფრის, ისტორიული ლოგიკის, ხალხის განწყობის გათვალისწინებით, ასეთი რეჟიმი დიდ ხანს ვერ გაძლებს. ჩვენ გვაქვს წინ დიდი ცვლილებები. საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილები დაბრუნდებიან თავიან სახლებში, იმპერია ისჯება და ამ საკითხებში დგას კავკასიის გაერთიანების ამბავი იმიტომ, რომ კავკასიის გაერთიანებაში ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ ისტორიულად დიდ როლს, გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, მეცნიერებაში არნოლდ ჩიქობავა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში მას უმეტესობა უჭერს მხარს, მან სხდომაზე მის მხარდამჭერებს მიმართა და ერთიანობაზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა, გაყოფის დრო აღარ არის, რადგან „ყველას სათითაოდ ანადგურებენ“. ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ბოლო პერიოდში დაკავებულ პოლიტიკოსებს.
„გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას, იმიტომ, რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ძალიან ვაფასებ იმას, რომ არ თანამშრომლობენ არალეგიტიუმრ პარლამენტთან. ძალიან განვიცდი, რომ ნიკა მელია, ხაზარაძე, ჯაფარიზე, მეორე ჯაფარიძე [ არიან ციხეში]. იუსტიციის სახლის ბევრი პროექტი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი, გიორგი ვაშაძის მონაწილეობით არის შექმნილი, ასეთ ადამიანს უშვებენ ციხეში და ვინ უშვებს? სრულიად არარაობები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რა შეუძლია ქვეყნისთვის გააკეთოს, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.
„მე, რა თქმა უნდა, [ვაცნობიერებ] ჩემ დიდ ისტორიულ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ მე შემიძლია ამ ყველაფრის, საქართველოს გამთლიანების, ფეხზე დაყენების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი წვლილის შეტანა. მე ეს შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების გამო, ჩემი რეპუტაციის გამო, რადგან რეგიონის თითქმის ყველა ლიდერთან ვარ ძალიან ახლო ურთიერთობაში, მაგალითად, ფაშინიანი იმეორებს იმ ანტიკორუფციულ რეფორმებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ თავის დროზე. მე ვგრძნობ, რომ ეს შემიძლია და ეს შემიძლია მხოლოდ ქართველ ხალხთან ერთად და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად. მე ვიღებ ჩემ თავზე ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვიცი და ვაცნობიერებ, რომ ძალა ერთობაშია და ცალკე ადამიანი ამას ვერ შეძლებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ძალას მოვახმარ იმას, რომ ამ მიმართულებით დროზე ავმოძრავდეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
IPN