ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და შესაბამისად, შეაფერხა ქვეყნის პროგრესი და განვითარება-დღეს საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტი-დასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა, - ამის შესახებ 118 ქართველი დიპლომატის განცხადებაშია ნათქვამი.
დიპლომატები მივმართავენ პარტნიორებს და მეგობრებს შეინარჩუნონ საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.
„ერთი წელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებიდან. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია “ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და შესაბამისად, შეაფერხა ქვეყნის პროგრესი და განვითარება. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის სუვერენიტეტის გაძლიერების, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფის გზა. საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ასევე, არის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი ფორმით აღდგენის ერთადერთი საშუალება.
2022 წელს რუსეთის მიერ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის, წინააღმდეგ გაჩაღებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რომელიც წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რადიკალურად შეცვალა გეოპოლიტიკური გარემო, რამაც საქართველოს მისცა ისტორიული შანსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის ნათელი დასტური იყო ორი წლის წინ საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა.
დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუეა, თითქოს ვინმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ, სუვერენიტეტის დათმობას ან “მეორე ფრონტის“ გახსნას სთხოვდა საქართველოს. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებით აღებული ვალდებულებები დაკავშირებული იყო, მათ შორის, კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასთან, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან, კორუფციის აღმოფხვრასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების პატივისცემასთან. ეს კრიტერიუმები იდენტურია ევროკავშირის ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამ პირობების შესრულებაზე მიზანმიმართულად თქვა უარი “ქართულმა ოცნებამ“ და შეაჩერა სვლა ევროპული მომავლისკენ. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს მოსახლეობას შეუზღუდა წვდომა ინტეგრაციული პროცესის თანმხლებ სიკეთეებზე და რისკის ქვეშ დააყენა ყველა მნიშვნელოვანი მონაპოვარი, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
დღეს საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტი-დასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოები მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე იყო. ყველაზე რთულ წლებში პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გვეხმარებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში. მათ მხარდაჭერაზე იყო დაფუძნებული 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მძიმე შედეგების დაძლევა, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღემდე რჩება ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად საოკუპაციო ხაზთან. აშშ-სა და ევროკავშირის აქტიური ჩართულობით წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. ამ ფონზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და რუსეთს შორის პარალელების გავლება, ან ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან გაიგივება, აბსურდული და ამორალურია.
საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული საფრთხეების გამოყენებით, რუსეთი წლებია ცდილობს ჩვენი ქვეყნის ევროპული იდენტობის შეცვლას, დასავლური სამყაროსგან ჩვენს იზოლირებას და ნეიტრალიტეტის იდეით მანიპულირებას. საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, სწორედ იზოლაციონიზმისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რაც გამოიხატება ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან კონფრონტაციით. ეს ტენდენცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკას აზიანებს, არამედ უშუალოდ ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საქართველო პრაქტიკულად მარტო რჩება რუსული საფრთხის წინაშე. შესაბამისად, როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას არ აქვს რეალური ალტერნატივა.
უკანასკნელ პერიოდში მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებულმა შეტევებმა, განსხვავებული აზრის დევნამ, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობებმა და პოლიტპატიმრების რაოდენობის ყოველდღიურმა ზრდამ, კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს დისტანცირება ევროპული ოჯახისგან და მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის რეპუტაციას.
ცალსახაა, რომ დღეს “ქართული ოცნების“ მიერ გატარებული საგარეო-პოლიტიკური კურსი სრულიად არის აცდენილი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან, ცივილიზაციურ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ვითარებაში უაღრესად ძნელია მომავლის პერსპექტივაზე საუბარი, გვჯერა რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, საქართველო სწორედ თავისუფალი სამყაროს განუყოფელ წევრად იქნება მოაზრებული.
მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს შეინარჩუნონ საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.
დარწმუნებული ვართ, რომ შეუქცევადია საქართველოს მისწრაფება დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპულ ოჯახში“,-აღნიშნულია განცხადებაში, განცხადებას ხელს აწერს: