ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

ნახვები: 379 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის საქმეში ტერორისტული მიზნის არსებობა გონივრულ ეჭვს მიღმა არ არის დასაბუთებული, რის გამოც ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მისი ტერორისტული აქტის მცდელობაში გამტყუნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს არღვევს.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს გარემოება საფუძველს ქმნის, რომ ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკურ პატიმრად ჩაითვალოს და მისი სახელი პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიტანონ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა, თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ქმედება ტერორისტული მიზნით იყო ჩადენილი.

„სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ის, რომ ელისაშვილს სურდა სასამართლოს შენობის გადაწვა და რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, არამედ ისიც, თუ კონკრეტულად რა სპეციალური მიზანი ამოძრავებდა მას. სასამართლომ ეს ვერ გააკეთა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები მიუთითებს პოლიტიკურ და საპროტესტო მოტივზე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური მოტივი და ტერორისტული მიზანი სამართლებრივად განსხვავებული ცნებებია.

ორგანიზაციის შეფასებით, განაჩენში არ არის დასაბუთებული, რომ ელისაშვილის მიზანი იყო მოსახლეობის დაშინება, ხელისუფლების იძულება ან ქვეყნის პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური თუ სოციალური სტრუქტურის დესტაბილიზაცია, რაც ტერორისტული დანაშაულის აუცილებელი ნიშნებია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელისაშვილის პოლიტიკური საქმიანობის, მმართველ პარტიასთან ხანგრძლივი დაპირისპირებისა და საქმის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ტერორისტული აქტის მუხლით მისი გასამართლება შესაძლოა მიზნად ისახავდა ოპოზიციის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის სამაგალითოდ დასჯასა და მისთვის, მისი პარტიისა და მთლიანად პროდასავლური ოპოზიციისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნით, სასამართლოს ჰქონდა საფუძველი დაედგინა სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტი, თუმცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რის გამოც, ორგანიზაციის შეფასებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა კონვენციური უფლებები.

ამ საფუძვლით ორგანიზაცია აცხადებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის სახელი პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიტანს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა