როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რუსეთის თითქმის ყოველდღიურ თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, გასულ ღამეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.
ვინიცაში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
ზელენსკის განცხადებით, ხარკოვში რუსეთის ძალებმა თავდაპირველად სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტს დაარტყეს, შემდეგ კი განმეორებითი დარტყმა მიაყენეს ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებს. შედეგად, დაშავდნენ მაშველები.
მისივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში თავდასხმების სამიზნე გახდა თბოელექტროსადგური, ელექტროქვესადგურები, მარცვლეულის საცავები, სავაჭრო ცენტრები და საფოსტო-ლოგისტიკური ცენტრი. ნგრევა და დაზიანებები უკრაინის ცხრა რეგიონში დაფიქსირდა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცირება დაუშვებელია.
„აი, როგორ პასუხობს რუსეთი დიპლომატიასა და დეიზოლაციას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად არ შემცირდეს მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ადამიანთა სიცოცხლეს იცავს“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკვე დამტკიცებული სამხედრო დახმარების, განსაკუთრებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდება.
მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერის გაგრძელებაც, რათა ქვეყანამ შეძლოს რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედის“ ტიპის დრონებისგან თავდაცვა.
„აუცილებელია ევროპის ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდების განბლოკვა. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა, რათა თავი დავიცვათ რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედებისგან“. თავდაცვის თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიცოცხლეების გადარჩენას უწყობს ხელს“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის თავდასხმების ინტენსივობა კვლავ მაღალია, ხოლო სამიზნეებს შორის სამხედრო ობიექტებთან ერთად საცხოვრებელი შენობები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებიც ხვდება.