კანონპროექტით უქმდება ნორმა, რომელიც მაუწყებლებსა და გაზეთებს უფლებას აძლევს, საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი საეთერო დრო ან საგაზეთო ფართობი სხვა მონაწილეებს თანაბრად გაუნაწილონ.
ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება აკრძალული შემოწირულობის შესახებ მოქმედ რეგულაციას, რომელიც საარჩევნო სუბიექტისთვის დამატებითი სარეკლამო დროის უსასყიდლოდ დათმობას ზღუდავს.
ცვლილებები პოლიტიკური რეკლამის ვიზუალურ მოთხოვნებსაც ამარტივებს. კერძოდ, უქმდება წესი, რომლის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და ნომრის აღმნიშვნელი სიმბოლოები რეკლამის მიმდინარეობისას კადრის არანაკლებ 10%-ს, ხოლო ბოლო წამს 50%-ს უნდა იკავებდეს. ახალი რეგულაციით, საკმარისი იქნება, რეკლამაში თვალნათლივ ჩანდეს სუბიექტის სახელწოდება, ნომერი და სიმბოლიკა.
ამასთან, შუალედური არჩევნების დროს უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა მხოლოდ ადგილობრივი მაუწყებლებისთვის იქნება სავალდებულო.
ცვლილებები პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის ნაწილია.