ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრობას საჯაროდ ადასტურებდა, მისი წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს არ ესწრებოდნენ.
„კარგია, რომ ახლა საჯაროდ ითქვა ის, რაც დე ფაქტო რეალობა იყო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ერთობას, მან აღნიშნა, რომ ერთიანი ოპოზიციური გაერთიანება არ არსებობს, თუმცა ალიანსში ამჟამად ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფია წარმოდგენილი.
„ალიანსი თანამშრომლობს როგორც სამოქალაქო, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, დღეს აქ იყვნენ „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზეც ერთად მუშაობა შეგვიძლია. ვცდილობთ, გავიზარდოთ და ძალების უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მან „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მისი აზრით, არსებული ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.
„მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი ან ჩამოიშლება, ან იძულებული იქნება უკან დაიხიოს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბევრი გაბრაზებული ადამიანის მობილიზებით ქუჩებში. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საქმიანობის შეზღუდვის პირობებში თავისუფალ საარჩევნო გარემოზე საუბარი შეუძლებელია.
„როგორ წარმოგიდგენიათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, როდესაც პარტიები აკრძალულნი არიან და ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში რამე გაუპროტესტებია, რამეზე ხმა ამოუღია, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება?“ – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.