ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთთან გასვლითი მატჩის მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და რაზგრადში „ჯვაროსნების“ თამაშზე ისაუბრა.
„თამაშის წინ ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის თეორიულია. ახლა კი უკვე შედეგზე ვსაუბრობთ. ბედნიერებაა, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.
– თამაშიდან თამაშამდე გუნდში დინამიკა იგრძნობა და ეს ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ ახლა უკვე მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც ისევე პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ, როგორც ბულგარეთთან შეხვედრას.
– შემდეგი შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლაზე, სკოპიეში გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახლა კარგად დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და სასურველ შედეგს სკოპიეშიც მივაღწიოთ.
– როგორ ავხსნი ასეთ კარგ თამაშს და რატომ არ იყო ლობჟანიძე ძირითადში? დიახ, იყო ცვლილებები გიბრალტართან მატჩის შემდეგ, რადგან 10 დღეში 4 მატჩს ვთამაშობთ. მნიშვნელოვანია, რომ დავასვენოთ ფეხბურთელები. ლობჟანიძის ნაცვლად კაკაბაძის დაყენება ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან მიმაჩნია, რომ უფრო დაცვითი პროფილის ფეხბურთელია, რაც ამ მატჩში გამართლებული გამოდგა. შემდეგ თამაშებში ეს ჩვენ დაგვეხმარება, ერთში, ან ორივეში, ამას მოგვიანებით გადავწყვეტ. 29 ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც კარგად არიან შეწყობილნი ერთმანეთთან. ეს დღეს მოედანზეც ვნახეთ.
– მიხარია, რომ 16-წლიანი პაუზის შემდეგ გასვლაზე ამდენი გოლი პირველად გავიტანეთ. როგორ შევაფასებ შეტევის თამაშს? მატჩის შემდგომ რთულია ანალიზი, მაგრამ შემიძლია ვისაუბრო საქმის მიმართ მიდგომაზე. ფეხბურთელებმა გამოაჩინეს გამარჯვებულის მენტალიტეტი, როდესაც მეტოქის ნახევარზე ბურთისთვის იბრძოდნენ და ხშირად, მის დაბრუნებასაც ახერხებდნენ. ამით ბედნიერები ვართ – მანამ, სანამ ამ მენტალობას, ფსიქოლოგიურ ფაქტორს შეინარჩუნებენ, დარწმუნებული ვარ, მსგავს კარგ თამაშებს კიდევ ვაჩვენებთ.
– როდესაც 15 თვის წინ მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, იგივე ამოცანა მქონდა, რაც ნებისმიერ ახალ მწვრთნელს. ჯერ მოთამაშეები უნდა გამეცნო, რადგან თუ მათ არ იცნობ, არ იცი რა დავალებები მისცე და სწორად როგორ გამოიყენო. მნიშვნელოვანი იყო ნაკრებში ახალი მოთამაშეების დამატებაც, რომლებსაც ახალ სისხლს შეგვმატებდნენ. მნიშვნელოვანია გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავი.
– ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ჩვენი ნაკრების შესრულებით, თუმცა გავიხსენებდი შვედეთთან სტუმრად წაგებულ მატჩს, სადაც ასევე კარგად გამოვიყურებოდით. იმავე ესპანეთთან პირველი 60 წუთის განმავლობაში. დღეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ მოხდა და ჩვენი შრომით მოგებას ვიმსახურებდით. თუმცა ფეხბურთელებმა იციან, რომ დღეს შეუძლიათ იზეიმონ, ხვალიდან კი შემდეგი მატჩისთვის მზადება დაიწყონ, რადგან მე მათგან მხოლოდ 100%-ით თამაშს ვითხოვ.
– გულშემატკივრებს რაც შეეხება, მათ მთელი მატჩის მანძილზე აჯობეს მასპინძლებს. მოთამაშეებს ეს ესმოდათ, იცოდნენ, რომ ამ ხალხმა დიდი გზა გამოიარა ძალიან ამაყები ვართ, რომ ასეთი გულშემატკივარები გვყავს და გვიხარია, თუკი მათი გახარება მოვახერხეთ და სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ. ვეცდებით, ოთხ დღეში იგივე ემოცია ჩრდილოეთ მაკედონიაშიც მივანიჭოთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ც4 ჯგუფში პირველი ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, 4:0 თბილისში გიბრალტართან, ხოლო 2:5 რაზგრადში ბულგარეთთან და ასპროცენტიანი მაჩვენებლით, 6 ქულით ჯგუფში გალიდერდა.