სააკაშვილის შეფასებით, რესპუბლიკელების მარცხი, მიუხედავად ილონ მასკისა და სხვა მილიარდერების ფინანსური მხარდაჭერისა, ძირითადად ცხოვრების გაძვირებამ და სოციალური უსამართლობის განცდამ განაპირობა.
„რა არის გაკვეთილი საქართველოსთვის? მთავარი არის ის, რომ როდესაც არსებობს ხალხში მუხტი და დიდი სურვილი, ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, ნამდვილ სტიქიაში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს“, – წერს სააკაშვილი.
მისი განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების მიერ შექმნილი შეზღუდვების მიუხედავად, ცვლილებების მოთხოვნა ძლიერდება. ამ პროცესს ის საკუთარ თავსა და თანამებრძოლებს – ლევან ხაბეიშვილს, ზაზა ბიბილაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, ანი წითლიძესა და სხვა პოლიტიკურ აქტივისტებს უკავშირებს.
„მე უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი. მე ვიქნები თავისუფალი არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ აქ, საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შევძლებ თავისუფლად გადაადგილებას, ჩემს ხალხთან შეხვედრას და ერთად გამარჯვებას“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
სააკაშვილი მიზნად თავისუფალი არჩევნების მიღწევას, ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბებასა და მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური პირობების შექმნას ასახელებს.
ის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკასაც აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება ტრამპის ადმინისტრაციასთან და ვერც დემოკრატებთან მოახერხებს თანამშრომლობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე მათი პოზიციის გათვალისწინებით.
ამასთან, სააკაშვილი რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პერსპექტივების უგულებელყოფას ნაადრევად მიიჩნევს.
„არავის არ ვურჩევ ტრამპის და „რესპუბლიკელების“ ჩამოწერას“, – წერს ის და აღნიშნავს, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ინარჩუნებს, ხოლო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელებს ძლიერი კანდიდატები ეყოლებათ. მათ შორის სააკაშვილი ჯეიდი ვენსსა და მარკო რუბიოს ასახელებს.