ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტპატიმრად წარმოჩენა ნამდვილი პოლიტპატიმრების შეურაცხყოფაა.
„ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო. ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც 2013 წელს 2-ჯერ შევიდა ბაჩო ახალაიასთან საკანში, მათ შორის ერთხელ ტელეკამერით და ეუბნებოდა მიეცი სააკაშვილზე ჩვენება და ახლავე გაგიშვებთო“, – წერს სააკაშვილი.
მისივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა იმავე მიზნით ახალაიასთან ანზორ ჩუბინიძეც ორჯერ გაგზავნა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება ყურადღებას ამახვილებს ღარიბაშვილის მიერ აღწერილ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, თუმცა სათანადო შეფასების გარეშე რჩება მისი წარსული ქმედებები.
„ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია ამ სისულელეს არავინ აიტაცებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.