„დროას“ განმარტებით, რუსეთის გენერალური პროკურატურა პარტიას ედავება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებას, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე საუბარს და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების რუსეთთან შესაძლო ფარული კავშირების გამოაშკარავებას.
პარტიის განცხადებით, რუსეთის პრეტენზიები ასევე ეხება საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობას, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის მხარდაჭერას, უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ „ქართული ოცნების“ რუსული კურსის კრიტიკას.
„ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„დროა“ ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების შეცვლისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის.
„ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი პარტიის საქმიანობაში არსებული „რუსოფობიური შეხედულებები“ გახდა.