კოალიციის შეფასებით, ანგარიშის შინაარსი განგაშის სიგნალი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა.
„გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკური გაერთიანება ყურადღებას ამახვილებს ევროკომისიის შეფასებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში.
კოალიციის განცხადებით, ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.
განცხადებაში ასევე მოყვანილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასება, რომლის თანახმადაც, დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას.
„რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა“, – აცხადებს კოალიცია.
პოლიტიკური გაერთიანება მოქალაქეებს 28 ნოემბერს მასობრივ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ქართველი ხალხისაა. ჩვენ ვწყვეტთ, სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.