დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ არათუ არ გამოასწორა ევროკომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, არამედ მიიღო დამატებითი შემზღუდველი კანონები, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
„საქართველომ თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა, რომლებიც მე-7 ანგარიშში იყო გაცემული. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან კიდევ უფრო უკან დაიწია, კონკრეტულად კი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კრიტიკულად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, რაც უვიზო მიმოსვლის მიცემის საფუძველს წარმოადგენს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიის ინფორმაციით, საქართველოსთვის 2024 და 2025 წლებში გაცემული რეკომენდაციები, პირველ რიგში, ფუნდამენტური უფლებების დაცვას, დისკრიმინაციასთან და კორუფციასთან ბრძოლას ეხებოდა. თუმცა 2025 წლის ივლისში ჩატარებულმა ფორმალურმა მოკვლევამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ მაკორექტირებელი ზომები არ მიიღო.
ანგარიშის თანახმად, დარღვევების გაგრძელების გამო, ევროკომისიამ 2026 წლის 6 მარტიდან, თავდაპირველად 12 თვით, აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი. მისი პირველი ეტაპი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხო, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული დამატებითი დიალოგიც უშედეგო აღმოჩნდა და იმ პრობლემების მოგვარების მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა, რომლებმაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედება განაპირობა.
საქართველოს რიგითი მოქალაქეები შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მოგზაურობით 2017 წლის მარტიდან სარგებლობენ. ანგარიშში აღწერილი შეჩერების პირველი ეტაპი მათ არ ეხება.