საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხოლოდ ფორმალური სახელწოდება შერჩა, რადგან მმართველი პარტია დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით ქვეყნის ევროპულ მომავალს ძირს უთხრის. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, მაშინ როდესაც ევროკავშირის გაფართოების პროცესი ბოლო 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ტემპით ვითარდება, საქართველო დემოკრატიული უკუსვლის გამო გაწევრიანების პროცესის მიღმა რჩება და კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული შესაძლებლობებით ვერ სარგებლობს.
„გასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და კვლავ ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს“, – განაცხადა ელჩმა.
მისი შეფასებით, მმართველი პარტია განაგრძობს სახელმწიფოს მიტაცების ხელშეწყობას, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასა და რეპრესიული კანონმდებლობის გამკაცრებას. ამასთან, ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ევროპული მისწრაფებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ რიტორიკას, დეზინფორმაციის გავრცელებასა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე უარის თქმას.
ჰერჩინსკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელიც ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას უკავშირდება. მისი განცხადებით, ასეთი მცდელობები საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.
„გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება უფრო მეტად გაუარესდა: ვხედავთ დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას, კანონის უზენაესობის სწრაფ რღვევას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანის შედეგია და ამ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოჰყვება.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ყოველივე ეს საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია. არჩევანს მნიშვნელობა აქვს. არჩევანს შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ უცვლელია.
მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუმცა პროცესის განახლებისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულებებს დაუბრუნდეს.