საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოში დღეს რთული ვითარებაა. სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქვეყნის დასავლურ მისწრაფებასთან მიმართებაში არაერთგზის გამოხატული საზოგადოებრივი ერთობა ივანიშვილისთვის ნიშნავს, რომ მისი 11-წლიანი ძალისხმევა, საქართველო გაეხადა ღია პლატფორმა პუტინის რუსეთისთვის, განწირული აღმოჩნდა. ოლიგარქის რეჟიმისთვის ფინიშთან მიახლოების ნიშანს იძლევა უკრაინასთან ომში რუსეთის პერმანენტული მარცხიც.
საქართველოში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი რეალური მმართველისთვის დღეს პრობლემაა ყველა ის ინსტიტუცია და ადამიანი, ვინც მისი მკაცრი ვერტიკალის ქვეშ არ არის მოქცეული. „ქართული ოცნების“ მმართველისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მისგან, რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია, ახალგაზრდები. ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის, რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.
ამ ფონზე მე არ მაქვს შეკითხვა, რატომ გავხდი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სამიზნე. რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით ხდება – პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები – არის ნიშანი იმისა, რომ ერთ-ერთ მსხვილ სამიზნედ ვარ შერჩეული და ხელისუფლებას ნებისმიერ ფასად უნდა როგორც ჩემი საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება.
მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი, საქართველო დამეტოვებინა, არაერთ სირთულესთან მომიწია გამკლავება. აქ არ ვაპირებ, ბრალდებების ნიაღვართან ბრძოლის ემოციურ ნაწილზე შევჩერდე. შეგიძლიათ, მხოლოდ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს საუკეთესო რუსული ტრადიციით შექმნილი მესიჯის თვალყურის დევნება, რომ თითქოსდა ჩემს ხელში გაიფლანგა ქართული ჯარის წვრთნისა და აღჭურვისთვის განკუთვნილი მილიონები – იმ ჯარის, რომელსაც მთელი გულითა და გონებით ვემსახურე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ და ამ პროცესში პროპაგანდისტული მანქანის ეპიცენტრში ყოფნასაც მივეჩვიეთ, ჩემთვისაც კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ბრალდებების მრავალწლიანი კასკადის ბოლო ეპიზოდი, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით. მის სირთულეს კი განაპირობებს ის სამწუხარო ფაქტორი, რომ ჩემ წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამორჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება, რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია, პატივი არ სცე. მიუხედავად ამისა, მიწევს ვთქვა, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში ჩემთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება.
პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას – The Times of Israel-ს (არა – BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს, შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს.
ახლა რაც შეეხება იმავე ავტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებას და ე.წ. ქოლცენტრების სქემასთან ჩემს დაკავშირებას, აქ მინდა, მეტ დეტალზე გავამახვილო ყურადღება:
როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს.
რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს. ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუტებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ, როგორიცაა OCCRP (Organized Crime and Corruption Reporting Project), გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ „ვერ მიაკვლია ვერცერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს.
ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე საკითხი სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით: ჩემ მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია ,,ფორმულა” თავისუფალი მაუწყებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუნძულია საქართველოში. ამ სივრცეში საკუთარი საქმის პროფესიონალებს სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ. „ფორმულა“ ხელისუფლების მუდმივი დარტყმის ქვეშაა. დღეს მე ვაცნობიერებ, რომ იქ მომუშავე ხალხს ბრძოლაში სჭირდება არა მხოლოდ ჩემი დახმარება და რესურსები, არამედ მორალური სიმყარეც – ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია და დაშვებები – უსაფუძვლო. ანალოგიურად, ყველა ჩემს მეგობარს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე სჭირდება იგივე მორალური სიმყარე. ამისთვის მე, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყველაფრს გავაკეთებ.
აქვე, პასუხი კითხვაზე – ხომ არ შეიძლება, ჩემი სახით მომავალში ახალი ოლიგარქი მივიღოთ? საქართველოს ბოლო წლების გამოცდილებით ეს გასაგები საფრთხეა და მესმის, რომ, შესაძლოა, ბევრ ჩემთვის პატივსაცემ ადამიანსაც ჰქონდეს ეს კითხვა.
მრავალი წელია, მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ სჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ, ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა, ვიღებ გადაწყვეტილებას, ჩემი დახმარების პარალელურად, ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედიამოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორის ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და, ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში.
დიდი მადლობა „ფორმულას“, მის თითოეულ თანამშრომელს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა. თქვენი სამოქალაქო პოზიცია და პროფესიული ღირსება ყოველთვის იყო და იქნება სამაგალითო ჩემთვის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უამრავი ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მაყურებელს, ვინც არაერთ რთულ ვითარებაში თქვენ გვერდით დადგა და დარჩა „ფორმულას“ ერთგულად. ეს არხი დღეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ამ მხრივ სრულიად გამორჩეულია ქართულ მედიაბაზარზე.
შეჯამებისთვის კი, კიდევ ერთხელ ყველას გარწმუნებთ, ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დავამტკიცებ საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას. ეჭვი არ მეპარება, რომ მორალურად წელგამართული განვაგრძობ თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.