Blinken after G7 meeting: support for Ukraine must remain strong
ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან

„რუსეთის დღეები დათვლილია“ - ვოლოდიმირ ოგრიზკო ბუქარესტის სამიტის მემკვიდრეობაზე

22.04.2023 ნახვები: 1380

„აზრზე არ იყვნენ, რა უნდოდა რუსეთს, რას აპირებდა და ამის ფასს დღეს ჩვენ, უკრაინელები საკუთარი სისხლით ვიხდით”, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი (2007-2009 წწ.) ვოლოდიმირ ოგრიზკო დარწმუნებულია, რომ 15 წლის წინ, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ნატოს ქვეყნებს უკრაინისა და საქართველოსთვის ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა - MAP-ი რომ მიეცათ, რუსეთი არც საქართველოში შეიჭრებოდა 2008-ში, და არც უკრაინაში ჯერ 2014-სა და შემდეგ 2022-ში.

„[კონდოლიზა] რაისმა [აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2005-2009 წწ.] მითხრა: შეხედე, ვლადიმირ - ყოვლად წარმოუდგენელია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ასეთ უზარმაზარ ქვეყანაში. საქართველო სხვა საქმეა - პატარაა და თავის დაცვის შანსი არ ჰქონდათ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ რუსეთი თავს დაგესხმებათ და ამხელა ქვეყნის ოკუპაციას ცდის”, - ასე იხსენებს უკრაინის ყოფილი მინისტრი აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონში უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების მიღების მცდელობებს. დღეს ვოლოდიმირ ოგრიზკოს იმედი აქვს, რომ რუსეთი დაიშლება და უკრაინა, საქართველო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ძალის ახალ ცენტრს შექმნიან ნატოსა და ევროკავშირში.

ვაჟა თავბერიძემ უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი ბუქარესტის სამიტის მემკვიდრეობის შესახებ კითხვით დაიწყო.

იყო რუსეთის მეზობლად - ეს ნიშნავს, იყო აგრესიის ობიექტი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ეს „ფავორიტი უმცროსი ძმის“ ტიტულისთვის ბრძოლაა.

რადიო თავისუფლება: ბანალური დასაწყისია, მაგრამ - როგორია ბუქარესტის სამიტის მემკვიდრეობა დღეს?

ვოლოდიმირ ოგრიზკო: მაშინ, თხუთმეტი წლის წინ, ნატოს ზოგიერთ წევრს პოლიტიკური ნება, გამბედაობა და პრინციპულობა არ ეყო იმისთვის, რომ საქართველოსა და უკრაინის მხარეს დამდგარიყო - აი, ესაა ბუქარესტის სამიტის მემკვიდრეობა. სულმოკლეები აღმოჩნდნენ... ალბათ მაინც მკითხავთ, რატომო და ბარემ აქვე გიპასუხებთ. იმიტომ, რომ მაშინ ჩვენი გერმანელი და ფრანგი მეგობრები შეპყრობილნი იყვნენ იდეით, რომ რუსეთის გადაკეთება შეიძლება, შეიძლება მის ლიბერალურ, დემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევა. ჩემი გადმოსახედიდან, ეს იყო სტრატეგიული შეცდომა, რადგან ჩვენ უკრაინელებს და, თავისთავად ცხადია, თქვენც, ქართველებს, მშვენივრად გესმით, თუ რას ნიშნავს ან რუსეთად გაქციონ და მის ფარგლებს შიგნით ცხოვრობდე, ან კიდევ იყო მის მეზობლად - ეს ნიშნავს, იყო აგრესიის ობიექტი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ეს „ფავორიტი უმცროსი ძმის“ ტიტულისთვის ბრძოლაა. ასე რომ, ჩვენთვის ეს შეცდომა აშკარა, ყბადაღებული იყო და მახსოვს, რომ ასეც ვუთხარით ჩვენს დასავლელ კოლეგებს: უზარმაზარ შეცდომას უშვებთ, სწორად არ აანალიზებთ იმას, რაც რუსეთში ხდება. თავად რუსეთში კი სწორი ანალიზის პრობლემა არ ჰქონდათ - პუტინმა გაიაზრა: ეს იყო სიგნალი, რომ ხელები ხსნილი ჰქონდა - შეეძლო, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა და დაუსჯელი დარჩებოდა. რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა - სამიტიდან მალევე, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. და სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ამ აგრესიაზეც დასავლეთის პასუხი იყო ასევე... სამარცხვინო, ალბათ ეს იქნება სწორი შეფასება.

რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავფრინდი ვაშინგტონში, მოვითხოვე მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან შეხვედრა. მიმიღეს. შევედი და ვუთხარი: უკრაინა იქნება შემდეგი, თუ პოლიტიკას არ შეცვლით. ეს არ არის თეორიული საფრთხე, ეს რეალური, ხელშესახები საფრთხეა. სამწუხაროდ, ვერ მივიღე ისეთი პასუხი, რომელსაც ვიმედოვნებდი, მივიღე ისეთი პასუხი, რომლისაც მეშინოდა. შევთავაზე, რომ ამერიკას დაეწყო მუშაობა ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე უკრაინასთან, დაახლოებით ისეთზე, როგორიც სამხრეთ კორეასთან აქვს. პასუხი იმედისმომცემი არ იყო. რაისმა მითხრა: შეხედე, ვლადიმირ - ყოვლად წარმოუდგენელია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ასეთ უზარმაზარ ქვეყანაში. საქართველო სხვა საქმეა - პატარაა და თავის დაცვის შანსი არ ჰქონდათ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ რუსეთი თავს დაგესხმებათ და ამხელა ქვეყნის ოკუპაციას ცდის.

ეს იყო რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი ფილოსოფია, აზრზე არ იყვნენ, რა უნდოდა რუსეთს, რას აპირებდა და ამის ფასს დღეს ჩვენ, უკრაინელები საკუთარი სისხლით ვიხდით.

რადიო თავისუფლება: სამიტამდე, რამდენად საფუძვლიანი, რეალური იყო იმედები, რომ MAP-ს [გაწევრიანების სამოქმედო გეგმას] მიიღებდით? თუ გქონდათ ასეთი მოლოდინი, რას ეყრდნობოდა?

ვოლოდიმირ ოგრიზკო: კარგი კითხვაა. იმ წლის იანვარში, შევხვდი ნატოს მაშინდელ გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰოოპ სხეფერს და ჩავუტანე პრეზიდენტ იუშენკოს, პრემიერ ტიმოშენკოს და მაშინდელი რადის სპიკერის, იაცენიუკის წერილი. წერილში, მარტივად რომ ვთქვა, ეწერა, რომ აი, ასე და ასე, ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმა გვინდა, ეს გზა ჩვენი გზაა. ვერ ვიტყვი, რომ ჰოოპ სხეფერი ცას ეწია სიხარულით, ეს წერილი რომ წაიკითხა. მითხრა: „ჰო, მაგრამ, მხოლოდ სამი თვე გვაქვს ასეთი რამისთვის? მაგრამ კარგი, თუ ასეა, დავიწყებთ კონსულტაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პოზიცია“. შეერთებული შტატები კი ჩვენს მხარეს იყო - მიდიოდა გამალებული კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე და ამ ყველაფრის კულმინაცია იყო პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი კიევში ზედ სამიტის წინ. რა თქმა უნდა, გვესმოდა უკმაყოფილო ხმები პარიზიდან და ბერლინიდან, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ ამერიკა, როგორც ნატოს მოტორი, მოახერხებდა მათ დარწმუნებას. მათ გვითხრეს, რომ მხარს დაგვიჭერდნენ, და ამიტომ, ვთვლი, რომ ჩვენი იმედები სამიტის წინ არცთუ უსაფუძვლო იყო.

მაპი ვერ მივიღეთ. რომ მიგვეღო - დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიხილავდით რუსეთის შეჭრას საქართველოში, ვერც ყირიმის ანექსიას.

რადიო თავისუფლება: რას გაიხსენებდით თვითონ სამიტიდან - თქვენც ხომ იქ იყავით - რაიმე ფარდის მიღმა ისტორიებს, რომელთა მოყოლაც ახლა უკვე შეიძლება და სინათლეს მოჰფენდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს?

ვოლოდიმირ ოგრიზკო: ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის იყო, რომ როდესაც პუტინი ჩამოვიდა, სხვადასხვა დელეგაციას განუცხადა, რომ, აი, უკრაინა ქვეყანა არ არის, არშემდგარი სახელმწიფოა, რუსეთის ტერიტორიაა, რუსები და უკრაინელები ერთი ერია. მოკლედ, რასაც დღეს გაიძახის, უკვე მაშინ ამბობდა. ზოგ დელეგაციაში ჩათვალეს, რომ ეს კაცი, ცოტა არ იყოს, უბერავდა, მაგრამ ფრაუ მერკელისა და მუსიო სარკოზის პოზიციების შესაცვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - მაპი ვერ მივიღეთ. რომ მიგვეღო - დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიხილავდით რუსეთის შეჭრას საქართველოში, ვერც ყირიმის ანექსიას, შემდგომ დონბასს და დღეს კიდევ ამ სრულმასშტაბიან ომს.

რადიო თავისუფლება: სარკოზის ცნობილი ციტატა არსებობს - დაუფარავი სიამაყით ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ვერ გაიტანა ნატოში. რამდენად დიდი იყო თავად სარკოზის და მერკელის, როგორც პოლიტიკური ლიდერების წვლილი ამ გადაწყვეტილებაში?

ვოლოდიმირ ოგრიზკო: ეს ამოსავალი კითხვაა - ევროპის პოზიციის შესახებ, ამერიკა - რუსეთი - ევროპის სამკუთხედში. იმას, თუ რატომ მოიქცნენ ასე საფრანგეთი და გერმანია - ორი მიზეზი აქვს. პირველი - მძლავრი ანტიამერიკანიზმი ამ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ დანგრეული საფრანგეთი ფეხზე წამოაყენა მეორე მსოფლიო ომის მერე, გერმანიას კი საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლებაში დაეხმარა. მოკლედ, ერთი მიზეზია ანტიამერიკანიზმი, მეორე კი ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები - ისინი გვიკარნახებენ თამაშის წესებს. რუსეთთან ვაჭრობას ვერ ელეოდნენ. დღესაც კი, ამ უზარმაზარი აგრესიის შემდეგ, დასავლური კომპანიების საკმაოდ დიდი რაოდენობა რჩება რუსეთში, და ამ შესაძლებლობას იყენებს უზარმაზარი სარგებლის მისაღებად. ასე რომ, რაც უნდა სამწუხარო იყოს, ხშირად ეკონომიკური ინტერესები, მოხვეჭის სურვილი გადაწონის ხოლმე გეოპოლიტიკურ ინტერესებს, მორალურზე რომ არაფერი ვთქვათ.

მოსკოვში მიხვდნენ, რომ დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან „დალაგებაზე“ ფიქრობდა, ანგარიშს უწევდა მოსკოვის სურვილს და ამასთან შედარებით სხვა ყველაფერი, უკრაინა, საქართველო - მეორეხარისხოვანი იყო.

რადიო თავისუფლება: გავიხსენოთ რეაქციები მაშინდელ საქართველოსა და უკრაინაში - ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ეს იყო „მაპზე უკეთესი რამ“, თქვენმა კი განაცხადა, რომ უკრაინისთვის მაპის მიცემა უბრალოდ „პოლიტიკური ფორმალობაღა იყო“ და, რომ დეკემბერში მაპს მიიღებდით. რამ შვა ეს ოპტიმიზმი? ნაადრევი ხომ არ იყო?

ვოლოდიმირ ოგრიზკო: კი, იყო ერთგვარი ოპტიმიზმი და შემიძლია აგიხსნათ, რატომ. მივიღეთ ეგრეთ წოდებული ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც მართლაც მაპის მსგავსი იყო, იგივე კრიტერიუმები უნდა დაგვეკმაყოფილებინა, თუმცა არ იყო სავალდებულო. დასავლელმა კოლეგებმა მაშინ გვითხრეს: მოდით, ამ წესებზე შევთანხმდეთ ჯერ - მთავარი ხომ არა გეგმის სახელი, არამედ ისაა, თუ რას ვაკეთებთ და რა არის იმის არსი, რასაც ვაკეთებთ? მოდით, დავიწყოთ პრაქტიკული საქმეებით. მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორად გაშიფრეს მოსკოვში: მიხვდნენ, რომ დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან „დალაგებაზე“ ფიქრობდა, ანგარიშს უწევდა მოსკოვის სურვილს და ამასთან შედარებით სხვა ყველაფერი, უკრაინა, საქართველო - მეორეხარისხოვანი იყო. ჩვენ მათ ვეხვეწებოდით: თვალები გაახილეთ, ნუ გჯერათ პუტინის „მინდა მეგობრები ვიყოთ“ განცხადებების, ამის ნაცვლად, გთხოვთ, შეხედეთ რუსეთს, გააანალიზეთ, რა სურს მის მოსახლეობას, შეხედეთ, რა ხდება რუსეთში - ნუ გავიწყდებათ ჩეჩნეთი, ნუ გავიწყდებათ მიწასთან გასწორებული გროზნო... და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, არ მოგვისმინეს - უფრო სწორად, მოსმენით მოგვისმინეს და ეგ იყო და ეგ. საქართველოს მაგალითიც ძალიან პესიმისტური იყო, რადგან ომიდან სამ თვეში დასავლეთი ისევ ჩვეულ აღებმიცემობას დაუბრუნდა რუსეთთან, დაუბრუნდა ჩვეულ რუტინას.

ვიხილავთ ბევრად უფრო მცირე, პატარა რუსეთს, ისტორიული მოსკოვიის ფარგლებში, გარშემორტყმულს იმ ხალხებით, რომლებიც დღეს რუსეთის შემადგენლობაში შედიან, მაგრამ ხვალ აღარ ჩათვლიან თავს რუსებად.

რადიო თავისუფლება: ბოლოს 2017-ში ვისაუბრეთ და მაშინ ბევრი საინტერესო რამ თქვით. მაგალითად, რომ მოვა დრო, როდესაც თბილისს და კიევს აქეთ შეეხვეწებიან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. რომ 20 წელიწადში უკრაინა სუპერსახელმწიფოდ მოგვევლინება და გააგრძელებს ევროპის ხერხემალს - პარიზი - ბერლინი - ვარშავა - კიევი. იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, რამდენად შორსაა ეს დრო? როგორ ხედავთ თქვენი და ჩემი ქვეყნის მომავალს?

ვოლოდიმირ ოგრიზკო: მე ოპტიმისტი ვარ. მესმის, რომ ევროპასა და შტატებში ჯერ კიდევ რჩება ხალხი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს - აი, ყველაფერი რომ მორჩება, მერე კიდევ ვცდით რუსეთის გარდაქმნას, ლიბერალიზაცია-დემოკრატიზაციას. ეს არაა პირველი, არც ბოლო იქნება: მახსოვს, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სამი თვით ადრე, როგორ ჩამოვიდა ჩვენთან პრეზიდენტი ბუში უფროსი, რომელმაც გვითხრა: ძვირფასო უკრაინელებო, ნუ იქნებით ასეთი ნაციონალისტები.

რადიო თავისუფლება: ე.წ. კიევური კოტლეტის [“Chicken Kyiv”] ცნობილი გამოსვლა.

ვოლოდიმირ ოგრიზკო; სწორედ ასეა. დარჩით გორბისთან [გორბაჩოვი - რ.თ.], გორბი კაი კაცია. არადა, ობიექტური მიზეზების გამო, საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა, ძალიან მარტივად, და ძალიან სწრაფად, და დღეს რუკაზე აღარ არსებობს. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაციაც ამ ბილიკს დაადგა - და კი არ მიაბიჯებს, მირბის ამ ბილიკზე, გზის დასასრულისკენ. ის ძალიან სუსტია შიგნით - რუსეთის ეკონომიკა, სანქციების ფონზე, რამდენიმე წელიწადში თავზე ჩამოეშლებათ. რუსული ელიტები, პუტინის გარემოცვა, უკვე ფიქრობს - უნდათ კი პუტინთან ერთად ჰააგაში სადამსჯელო მერხზე ჯდომა თუ სჯობს, გაერიდონ? რუსეთის მოსახლეობაც თანდათან თვალს ახელს - და არ დაგავიწყდეთ, რუსეთის მოსახლეობა მხოლოდ რუსები არ არის - ათეულობით სხვადასხვა ეთნოსსა და ერზე გვაქვს საუბარი, რომელთაც აქვთ თვითგამორკვევის უფლება. ამიტომ მწამს, რომ რუსეთის დღეები დათვლილია. მალე, განსაკუთრებით უკრაინული არმიის გამარჯვებების ფონზე, პუტინის რეჟიმი დაემხობა და რა მოჰყვება ამას? მე ვფიქრობ, ვიხილავთ ბევრად უფრო მცირე, პატარა რუსეთს, ისტორიული მოსკოვიის ფარგლებში, გარშემორტყმულს იმ ხალხებით, რომლებიც დღეს რუსეთის შემადგენლობაში შედიან, მაგრამ ხვალ აღარ ჩათვლიან თავს რუსებად. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ უკრაინა, საქართველო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მომავალში ძალის ახალ ცენტრს შექმნიან ნატოსა და ევროკავშირში. და ამ გადმოსახედიდან, მწამს, რომ ჩვენი ქვეყნების მომავალი პოზიტიურია.

 

რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა