სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ახლა ბოლო აკორდი დარჩა და როგორ ფიქრობთ, ვის აწყობს ეს? რისთვის?

14.09.2021 ნახვები: 1534

ბოლო 4 წლის განმავლობაში ლამის თავი მოვიკალი, რომ საზოგადოებისთვის სწორად დამენახებინა ის საფრთხეები, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ, საპატრიარქოშია.

ყველანაირი ხერხით მიბრძოლია და ვიბრძვი, რომ მავანმა სწორად დაინახოს საფრთხე - იდეოლოგიური ბმა, რომელიც არსებობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესია ხელისუფლების ნაწილია და არა - დამოუკიდებელი ინსტიტუცია.

წლების განმავლობაში მოითხოვდნენ ჩემგან „გრუ"-ს თუ „ეფ-ეს-ბე"-ს მიერ ქართველ სასულიერო პირებზე გაცემულ „ქსივას" და როდესაც ვუხსნიდი, „ქსივაზე" უფრო უარესი დოკუმენტი აქვთ, იდეოლოგია-მეთქი, არ და ვერ იგებდნენ.

ქუჩაში პატრიარქის გადახაზული ფოტოებით მორბენალთა უმეტესობა ერთ დღესაც მის გულანთებულო მომხრეებად იქცა. თითქოს უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ არ გამიკვირდა. მე ხომ პატარა ბიჭი აღარ ვიყავი და ბევრ რამეს მივხვდი, ბევრ მიზეზს ჩავწვდი.

ამასობაში, მისი უწმინდესობა კიდევ უფრო მოხუცდა და საპატრიარქო ტახტი საჯილდაო ქვა გახდა.

ის მაინც დოკუმენტური ფაქტია, რომ პირველმა მე დავწერე ილარიონ ალფეევის მიერ პატრიარქისგან მეუფე შიოს გამორჩევის მოთხოვნა. მაშინ მედიამ, რომელიც ახლა საკმაოდ კარგ ურთიერთობაშია პირადად შიოსთან და პოლიტიკოსებმა - ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში - თემას წაუყრუეს.

მქონდა განცდა, რომ მისი უწმინდესობა (გვერდზე გადავდოთ, ვის მოგწონთ და ვის - არა, ფაქტებზე ვსაუბრობ) შველას ითხოვდა. ესეც დაწერილი და გამოქვეყნებულია, ინტერნეტში რომც გაქრეს, გაზეთშია დაბეჭდილი და, მინიმუმ, ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი ამ პუბლიკაციის პოვნა.

იყო „ციანიდის სკანდალი", რომელიც საპატრიარქოს დაჯგუფებებმა მოაწყვეს და მას ორი შემადგენელი ჰქონდა - ქონება და ტახტი. ამ ამბავში - უბედურებაში, ნამდვილად არასაკმარისი გამოცდილების მქონე ხელისუფლება საპატრიარქომ (რის გამო, ამას მნიშვნელობა არ აქვს) საკმაოდ ფილიგრანულად ჩაითრია.

ამ საქმეში დაზიანებულ დაზარალებული ხელისუფლება აღმოჩნდა და ეს, იმის მიუხედავად, რომ დეკანოზი მამალაძე საპატრიარქოს პირადი პატიმარია, თუმცა ისტორიას დარჩება სინოდის შუამდგომლობა პრეზიდენტისადმი დეკანოზის გასათავისუფლებლად და პრეზიდენტის აბსურდული უარი - სინოდს და პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ფეხზე მკიდია, რადგან პატრიარქს კლავდნენო. არადა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში სულ სხვა რამ წერია.

ამ პერიოდში - „ციანიდის საქმის" დროს კიდევ უფრო გამიმძაფრდა განცდა, რომ ყველაფერი ეს არ იქნებოდა ბოლო აკორდი. სწორედ ამ დროს კულუარებში გავრცელდა ხმა ფარულ კადრებზე. სახელდებოდნენ კონკრეტული ადამიანები, ვისაც შეეძლოთ, ეს კადრები გამოექვეყნებინათ და ღმერთმა იცის, რამდენი ძალისხმევა მაქვს დახარჯული, რომ თუ ბუნებაში ასეთი რამ არსებობდა, არ მომხდარიყო, თუმცა სულ ვფიქრობდი, ვის და რაში სჭირდება პატრიარქის დისკრედიტირება და მისი მორალური მოკვდინება? და აქ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რასაც ამბობდნენ, მართალი იყო თუ ტყუილი. ფაქტია, რომ სადღაც ეს მოიხარშა და ადრესატებიც იპოვნა.

მერე იყო ის ავადსახსენებელი სინოდის სხდომა, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში პირველი (!) კომენტარის გაკეთება მე მომიწია და რომ ველოდებოდი, მედია და საზოგადოება ახლა მაინც მოუღებდა ბოლოს პირად ცხოვრებაზე საუბარს, ადამიანები - „დაინტერესებული პირები" უფრო მეტად დაიგეშენ.

მე კი ისევ ვყვიროდი - პირადი ცხოვრება კი არა, ეკლესიაში რუსული გავლენებია პრობლემა არამხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ, ქართული სახელმწიფოსთვის.

ისევ ვერ ჩავჯექი ქართული ტელემედიის სურვილებში და ერთმანეთის მიყოლებით მომხსნა თითქმის ყველა არხმა ეთერიდან. ცალკეულ სიუჟეტებში კი მხოლოდ ის ხვდებოდა, რაც მათ აწყობდათ და ბოლოს, მე თავად ვთქვი უარი ტვ-ებში „გამოჯდომაზე". იშვიათი გამონაკლისი „ტვ ფორმულა" გახდა, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი. მთავარი ის იყო, რომ ტვ-ბი და ზოგადად, მედია საპატრიარქომ საკუთარ ინსტრუმენტად აქცია.

ასე იყო პანდემიის პირველი ტალღის დროს, როდესაც მედია ვერ მიხვდა სხვაობას რწმენასა და კოვზს შორის და ერთხელაც არ გააკეთა სწორი აქცენტი. იმ პერიოდის ქრონომეტრაჟებს თუ ამოვიღებთ ეთერში სამჯერ მეტი დრო ეთმობოდა საპატრიარქოს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი ქმედებების პროპაგანდას, რეალობის ახსნას კი - ბევრად ნაკლები.

კლასიკური მაგალითი იყო ერთ-ერთი ტვ-ს ეთერში ერთ მხარეს გაუნათლებელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მღვდელი და მეორე მხარეს პროფესორი გოჩა ბარნოვი. იმას, ჯამში, 18 წუთი, ბარნოვს კი - 5,33 წუთი. ან კიდევ, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, ასევე, ერთ-ერთ მეინსტრიმულ არხზე მეუფე ნიკოლოზის წამოსკუპება, თუმცა რას ვიზამთ, ეს პერსონა ლამის მთელი „ნაცმოძრაობის" მოძღვარი ყოფილა და თავად კიდევ - რუსების „პლატნი" აგენტი.

ისე, აგენტებზე თუ ვიტყვით, საპატრიარქოში „ქეშად" შეტანილი ფული ბევრად მეტია, ვიდრე ის 30 ათასი, რაც ამ შარაგზის ყაჩაღს ჩაურიცხეს, მაგრამ დავუბრუნდეთ ჩემს შიშებს და ფიქრებს.

რატომ? რატომ? რატომ?.. და ერთ დღესაც, საკმაოდ გონიერ ქალბატონთან მსჯელობისას პრობლემის გასაღებიც ვიპოვე... ვინც უნდა გახდეს ილია II-ს შემდეგ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ის იქნება ბევრად უსახური, განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ ახლაც უსახურია.

ახალ პატრიარქს მოუწევს იმავე წესებით ცხოვრება და მოღვაწეობა. მასვე მოუწევს იმ გარემოცვაში ყოფნა - ვგულისხმობ არამხოლოდ ეპისკოპოსებს, რომლებიც ამჟამად არიან და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს დასი ისეთივე მორჩილი იქნება ახლის დროს, როგორიც დღესაა.

შესაბამისად, ახალი პატრიარქი დიდი პრობლემის წინაშე დგას - ნულია შანსი, გახდეს არამხოლოდ ეკლესიის, არამედ, როგორც ჩვენში დამკვიდრდა, ერის სულიერი ლიდერი.

რამდენად ძალუძს ეს მეუფე შიოს ან ნებისმიერ სხვას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა? არა, ამის შანსი არ არის. შესაბამისად, ილია II იმ დროსაც იქნება საპატრიარქოსა და ეკლესიაში, როდესაც იქ ფიზიკურად აღარ იქნება.

რომელ ახალს სურს ეს და რა არის აქ გამოსავალი? მისი დისკრედიტაცია და ასევე იმათი დისკრედიტაცია, ვინც მის თავგადაკლულ მომხრეებად ითვლება, თუმცა საკითხავია, შორენას გარდა, რეალურად შერჩა პატრიარქს ვინმე? შორენა კიდევ სხვა ფენომენია საქართველოს ეკლესიისთვის და დღეს ცხადზე უცხადესია, რომ ის თავისი მოღვაწეობით ბევრად მნიშვნელოვანი, გონიერი და ხშირ შემთხვევაში სასარგებლო პერსონაა, ვიდრე - მრავალი ეპისკოპოსი.

ამ გააზრების პირობებში უამრავი არგუმენტისა და კონტრარგუმენტის მოხმობამ მომიწია. ვცდილობდი, მაქსიმალურად გამებათილებინა ვარაუდი, რომ პატრიარქს და ამ შემთხვევაში, ეკლესიას ვინმე კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებდა. ამ შემთხვევაში, ზიანი ჩემთვის ამორალობასთან იყო იდენტიფიცირებული, ანუ ყველაფრის მკადრებლობასთან და არა - ფაქტთან, ან ცოდვასთან, რომელიც ისევ და ისევ ეკლესიამ გააფეტიშა. სიძვის რიგში მდგარი სოდომია კაცობრიობის უპირველეს ცოდვად წარუდგინა ცრურწმენაში მყოფ მრევლს, მრევლს, რომელსაც ქრისტე დაივიწყა და პატრიარქი აქცია კერპად. მრევლს, რომელიც მიიჩნევს, რომ ქრისტიანულია შესაწირი - სისხლის დაღვრით. უფრო ღრმად არ წავალ, ეს ყველაზე ნათელი მაგალითია ჩვენი მრევლის არაქრისტიანობისა და ზოგადად, მცირე რწმენის დემონსტრირებისთვის.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი ვითარებას. უამრავი ფაქტი და ინფორმაცია დაგროვდა, რომ პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების მსურველთა წრე დავიწროებულიყო. პარალელურად, მიმდინარეობდა სხვადასხვა პროცესი - საპატრიარქოს მხრიდან სახელმწიფოს დაშანტაჟების და ამ ინსტიტუციის მხრიდან კუნთების თამაშის.

ყოველი ასეთი შემთხვევის დროს, ხელისუფლება და ოპოზიცია, მედია და ექსპერტების დიდი ნაწილი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით აფასებდა მოვლენებს და არავინ ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციაში, მინიმუმ, სასარგებლო იდიოტების როლს თამაშობდნენ და მაქსიმუმ, პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების დადგმული სცენარის მონაწილეები იყვნენ.

აქ ხომ ყველაფერი მარტივია, აქ ხომ „ვერბოვკა" საჭირო არ არის, ეკლესია ამას აკეთებს იდეოლოგიური ბმის გამო, ოპოზიცია და ხელისუფლება კი - მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამასობაში, მეუფე შიო საკმაოდ გაძლიერდა და ცრუმოსაყდრემ (მართვა-გამგეობის დებულების იგნორირებით და საეკლესიო კანონიკის დარღვევით დანიშნულმა) საკუთარი თავი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ გამოაცხადა და ყველაზე დიდი დარტყმა სახელმწიფოს 5 ივლისს მიაყენა.

ჰო, საკვირველებავ: მის გვერდით აღმოჩნდა, როგორც „ქართული ოცნება", ასევე მთავარი ოპოზიციური პარტია (სხვებიც, მცირედი გამონაკლისის გარდა) და მისი დევნილობაში მყოფი ლიდერი. აღმოჩნდნენ სიტყვითაც და საქმითაც. და ორივე პოლიტიკური პოლუსი - თუ არსებობს ეს პოლუსები, პირდაპირ აღმოჩნდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის მხარეს და აღმოჩნდნენ რუსეთის სპეცსამსახურების სპეცოპერაციის მონაწილეები.

ეს, იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას. არც ერთი გააზრება საკუთარი პოზიციის, უფრო მეტიც, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი მავნებლური ქმედების.

რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არც შიოს მოწინააღმდეგე ბანაკია. აქ მოწინააღმდეგე პირობითი ცნებაა, რადგან ორივეს ერთი პატრონი ჰყავს და პატრონისთვის სულ ერთია, ვინ ავა საქართველოს პატრიარქის ტახტზე, თუმცა ურთიერთდაპირისპირების პროცესი, რა თქმა უნდა, პატრონისთვის ფრიად სასარგებლოა, რადგან ან დაპირისპირებისა და ომის დროს სახელმწიფო ზიანდება და თუ საქმე იქამდე მივა, რომ საქართველოს სუვერენობაც ეჭვის ქვეშ დადგება, მოიშლება ინსტიტუციები, ეს პატრონისთვის სასარგებლოა.

მოდით, ახლა ეს გავიაზროთ - ქართული სპეცსამსახურების შექმნაში უდიდესი ძალისხმევა აქვს ჩადებული აშშ-ს. აქ მხოლოდ კონსულტაციებზე არ არის საუბარი, საუბარია საქმიანობის ასპექტებზე. ასე ჰარი -ჰარალედ სუს-იდან ინფორმაციებს ვერავინ გაიტანდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ „ვიკილიქსისა" და ასანჯის მაგალითს, უნდა ვიცოდეთ, რომ გაჟონვა ხდებოდა, ხდება და მოხდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში არსებობს დაინტერესებული მხარე - ვისაც სურს, იყოს ინფორმაციის, კომპრომატების მფლობელი.

ჩვენს შემთხვევაში კი დიდი უგუნურობა იქნება ვისაუბროთ, რომ დაინტერესებული მხარე სამშობლოზე გულაღტკინებული სუს-ის თანამშრომელია. სურს თუ არა ამის აღიარება, ხელისუფლებას მოუწევს ოდესმე თქმა, რომ სპეცსამსახურიდან გატანილი ფაილები რუსეთის სპეცსამსახურების სპეცოპერაციაა, რომელშიც ჩართული იყვნენ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები. აქ შემიძლია ვარაუდები დავწერო, მაგრამ იმ გააზრებით, რამე არ გავაფუჭო, შევეცდები, ამჯერად თავი შევიკავო, თუმცა რეგიონის სახელმწიფოებზე მივანიშნებ.

მათი მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში, სავარაუდოდ, ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდებოდა. ნაკლებად დამაჯერებელია, ფაილებზე შეზღუდული წვდომის მქონე თანამშრომლებს შორის გამოძიებას არ ჰქონდეს კონკრეტული ვერსიები, რომლის განხილვა აქაც შეიძლება, მაგრამ ისევ თავს შევიკავებ.

და მაინც, რა იყო და არის ამ სპეცოპერაციის მიზანი, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ქართული მედია და საზოგადოების ერთი ნაწილი? ვიმეორებ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შენს ხელში რომ აღმოჩნდება აგენტურის სია, მიყურადების მასალები და ყველაფერ ამის გასაჯაროებას ასანჯივით დაიწყებ, კითხვები არ უნდა გაგიჩნდეს, რომ ნებსით თუ უნებლიედ ვის თამაშში ერთვები?

მეზობელ სახელმწიფოებთან მომუშავე აგენტებს ღია ეთერში რომ გაშიფრავ და გადაბირებაზე იტყვი, პირადი ცხოვრებით დააშანტაჟებო, ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა? და თუ მაინც გინდა გაშიფრო, მორალთან ახლოს ხომ არის, პირადი ცხოვრებით დაშანტაჟება, არ ახსენო?

ახლა ქართული მედია ხვდება, რომ ამ მასალებზე ატეხილი გნიასით, ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო? თუმცა მედიას აქვს არგუმენტი და იტყვის, ჩვენი მოვალეობა საზოგადოების ინფორმირებააო და უნდა დავეთანხმოთ, მაგრამ ფასი?

მითხარით, რომელ ინსტიტუციას აქვს საქართველოში ყველაზე მეტი ავტორიტეტი? მითხარით, პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში - ასე გაზულუქებული საპატრიარქოს და ეკლესიას უფრო მეტი გავლენა აქვს მასაზე თუ თქვენ?

და ახლა იცით, რა გააკეთეთ, ამ რუსული სპეცოპერაციით საპატრიარქო კი არა რუსეთი გააძლიერეთ. ა, ჰო, გასაგებია, ეგ თქვენი საქმე არ არის...

აი, ახლა რა ხდება, ამ წუთას? რა ხდება ამ სპეცოპერაციის დამგეგმავების კაბინეტებში და რა ხდება რომელიღაც რედაქციაში, სადაც ჟურნალისტი და პროდიუსერი მორიგი ექშენისთვის ემზადებიან?

რომელიმე ფიქრობს, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით მეუფე შიო დაზიანდა ან საპატრიარქო? ამას რეალურად ფიქრობთ? და თუ გეტყვით, რომ პირიქით, მოიგო მეუფე შიომაც, მეუფე ანდრიამაც, მეუფე გერასიმემაც.... ა, ჰო, თუმცა ეგენი თქვენი მოძღვრები არიან და მერე რა, თუ რუსეთი მათთვის უფრო ახლოა, ვიდრე მცხეთა - მეორე იერუსალიმი?

ხელისუფლების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ სწორედ ახლა, აი, ამ წუთას, აი, ამ, უკვე გამოქვეყნებული და აწი გამოსაქვეყნებელი კადრებით საკუთარ თავზე, საპატრიარქო ხელისუფლებას აშანტაჟებს და ხელისუფლება კი ვერც ხვდება, რა თამაშში მიჰყვება. ისევე, როგორც ისინი ვერ ხვდებიან, ვინც ამ შანტაჟის ირიბი მონაწილეები არიან.

და აი, ახლა, აი ამ წუთას, როგორ ფიქრობთ, ვისთან ლაგდება ხელისუფლება? ჰო, მოსაყდრესთან ინსტიტუციონალურად და ცალკეულ ეპისკოპოსებთან ინდივიდუალურად.

ყველაფერ ამის მიუხედავად, ახლა ბოლო აკორდი დარჩა და როგორ ფიქრობთ, ვის აწყობს ეს? რისთვის? - ეგ უკვე დავწერე.

თუ იმდენი გონიერება გეყოფათ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგათ - მშვენიერი. თუ გადადგამთ, არც ამით დაინგრევა ქვეყანა - უბრალოდ, ცრუდმორწმუნენი ერთ კერპს დაანგრევთ და ახალ კერპს დაისვამთ, როგორც ეს ბატონ ვ.ვ-ს სურს.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა