სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

RMG-ის ოქრო და სიცოცხლე სიკვდილის ფასად

06.09.2020 ნახვები: 805

avtori: გოჩა მირცხულავა

შიდა ქართლში ჩემი ვოიაჟის მიზანი რამდენიმე ხნის წინ ერთი ადგილობრივი მოსახლის მიერ გამოთქმული გულისწყრომა იყო: „ვიწამლებით, გვსპობენ, ნადგურდება უნიკალური ფლორა და ფაუნა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს".

ეს არ არის სიმართლე, რაგდან ძალიან ბევრს თუნდაც საყდრისზეც ჰქონდა ადეკვატური რეაქცია. წლების წინათ კომპანია GPM-ის (ჯეოპრომაინინგი) (რომელიც კაზრეთში ოქროს მოიპოვებდა), იმჟამინდელ ხელმძღვანელ კობა ნაყოფიას „ქორთიარდ მარიოტში" ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას ვკითხე: „რუსები, კონკრეტულად კი, გენერალოვი, რატომ მდიდრდებიან ქართული ოქროთი? ეს თქვენ, აფხაზეთიდან დევნილს, დისკომფორტს არ გიქმნით?" მიპასუხა: „ინვესტორის ეროვნებაზე საუბარი არაეთიკურად მიმაჩნია". ჩვენი „შპილკაობა" გარემოს დაცვის საკითხებით, ბუნებაზე ზემოქმედების თემით, თანამშრომელთათვის ადეკვატურ შრომის პირობებსა და ანაზღაურებაზე აქცენტებით გაგრძელდა, თუმცა რეპლიკები: „ბიუჯეტში მსხვილი შემომტანი... თქვენ არასწორი ინფორმაციები გაქვთ... არ იცით...", იმდენად ნათლად წარმოაჩენდა პირდაპირი პასუხებისგან თავის არიდების მცდელობას, რომ მის წარმოდგენაში აშკარად ვერ ვაფასებდი „ოქროს სიდიადეს".
ცნობისთვის: 1994 წელს შეიქმნა შპს „კვარციტი", რომელმაც დაიწყო ძვირფასი ლითონების, მათ შორის, ოქროს შემცველი მადნის, გროვული გამოტუტვის მეთოდით დამუშავება. 2005 წელს განხორციელდა შპს „კვარციტისა" და სს „მადნეულის" პრივატიზაცია, რის შედეგადაც მათი მესაკუთრე გახდა რუსული კომპანია „პრომიშლენი ინვესტორის" შვილობილი კომპანია _ „სთენთონ იქვითიზ ქორფორეიშენს", რომელიც ოფშორულ ზონაში _ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული. სს „მადნეულის" განკარგულებაში გახლდათ კომბინატი. ამის შემდეგ სს „მადნეულისა" და შპს „კვარციტის" აქციები/წილები გასხვისდა: 2007 წელს _ სს „კომპანია ჯეოპრომაინინგზე", ხოლო 2012 წელს _ რუსულ კომპანია „კაპიტალ ჯგუფზე". საბოლოოდ, შპს „კვარციტს" ეწოდა შპს „RMG Gold", ხოლო სს „მადნეულს" _ სს „RMG Copper".

* * *
სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბრში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიკოს კიაზო ფიცხელაურზე დაყრდნობით განაჩენი გამოუტანა საყდრისს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრების გურამ (მირიან) ოდიშარიასა და მიხეილ გიორგაძის „ინტერესებში" აშკარად გამოიხატა ოქროს „მხარდაჭერა", ვიდრე კულტურისა და ისტორიის (თუნდაც, ლეგენდის) მომგებიან ბიზნესად ქცევა, ყველაფერი ნათელი გახდა. ახლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ვინ რა სარგებელი ნახა საყდრისის აფეთქებით _ აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ RMG-ის ან თუნდაც ბიუჯეტში შეტანილ სოლიდურ გადასახადებს, არამედ თვალდახუჭულ თუ თვალმოჭუტულ გულდათუთქულ გულშემატკივრებსაც. ფაქტი ჯიუტია: ადამიანების ნაწილი, თუნდაც კომპანიაში დასაქმებულები, რომელთაგან არც ერთი ხმამაღლა არ ასახელებს საკუთარ გვარს, თუმცა ჩურჩულით გამოთქვამენ საყვედურებს არსებულ მდგომარეობაზე _ წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ საკუთარ ქვეყანას. კერძო ინტერესებს კონტექსტების დონეზე თავს თუ დავანებებთ, ბიზნესს აქვს ერთი ფრიად სასტიკი წესი _ იაფად ვიშოვო/ვაკეთო ბევრი ფული. სახელმწიფოს აწყობს ბიზნესის მიერ ნაშოვნი ბევრი ფული, რადგან ეს არის სოლიდური საბიუჯეტო შემოსავალი. მაგრამ სახელმწიფოს აქვს უმთავრესი ვალდებულება _ სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და რაც მთავარია, უზრუნველყოს მისი მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული სოცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე სახელმწიფოს აქვს გარემოს დაცვის ვალდებულებაც და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება... თუმცა რა აზრი აქვს ამ ვალდებულებების ჩამოთვლას, _ ეს ხომ ისედაც იცით? ზემოთ ვახსენე კულტურისა და ისტორიის ლეგენდად ქცევა. აბა, წარმოიდგინეთ, სათანადო არგუმენტების საფუძველზე, რომელიც აკადემიკოს კიაზო ფიცხელაურის დასკვნით თურმე არ არსებულა, საყდრისს თუ ოქროს მოპოვების არქეოლოგიურ მექად ვაქცევდით, თუნდაც ისტორიულ პერსპექტივაში _ 2042 წლის შედეგაც კი (ამ დრომდე არსებობს ოქროს მოპოვების ლიცენციები), რაოდენ მეტ სარგებელს ნახავდა სახელმწიფო? მაგრამ ჩვენთან პრიორიტეტია „ახლა გამდიდრება" და არა სამომავლო _ ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური სარგებელი...

* * *
მგონი, არ ღირს, აქ საქართველოში ოქროს მოპოვების ისტორიასა და ტრადიციებზე ვისაუბრო და პირდაპირ საქმეზე გადავალ: საქართველოს სამთომომპოვებელი საქმიანობა და სამთომოპოვებით მრეწველობაზე დამოკიდებულების ინდექსი ყოველწლიურად იზრდება. ბუნებრივი რესურსების მოპოვებას თან ახლავს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მიყენება, რის შესამცირებლადაც სამთომომპოვებელი კომპანიებისთვის სახელმწიფოს მიერ კონკრეტული მოთხოვნებია დაწესებული (საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 2017-2018; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, 2017-2018). აღნიშნული მოთხოვნები მინიმალურია, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ადასტურებს, რომ ეს კომპანიები ამ მინიმალურ მოთხოვნებსაც კი არ ასრულებენ. ამას ცხადყოფს კომპანიების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევების შედეგად, მათზე დაკისრებული ჯარიმების ოდენობა (მარიამ დევიძე, „ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის" საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე").
საქართველოში ბუნებრივი რესურსების ყველაზე დიდი მომპოვებელი კომპანიაა Rich Metals Group - RMG, რომლის საქმიანობა მართალია საკმაოდ დიდ მოგებას უტოვებს თავად კომპანიასა და სახელმწიფოსაც კი, მაგრამ უდიდეს სოციალურ და ეკონომიკურ ზემოქმედებას ახდენს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობაზე: კერძოდ, ჯანმრთელობის საკითხებზე, მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაზე, სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე, დასაქმებაზე, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, გარემოზე ზემოქმედებაზე.
დიახ, საქართველოში ყველაზე დიდ სამთომოპოვებით პროექტს განეკუთვნება კომპანია „არემჯის" მიერ ქვემო ქართლში, სალიცენზიო ტერიტორიებზე ოქროსა და სპილენძის მოპოვება. სპილენძის მოპოვება აქ, ჯერ კიდევ, 1975 წელს დაიწყო კომპანიის წინამორბედმა საწარმო „მადნეულმა", 1994 წელს კი ჩამოყალიბდა ოქროს მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „კვარციტი". 2012 წელს ორივე კომპანია გადავიდა „არემჯის" მფლობელობაში და „მადნეულს" ეწოდა „RMG Copper", ხოლო „კვარციტს" - „RMG Gold" Rich Metals Group - RMG, 2014-2018), ა) „შპს RMG Gold-ის მესაკუთრეა კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ Rich Metals Group B.V.", რეგისტრირებული ნიდერლანდებში (წილის 96.21%) და სს „RMG Copper" (წილის 3.79%); ხოლო სს „ RMG Copper "-ის მფლობელების შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში წარმოდგენილი არ არის, ვინაიდან აქციის მფლობელების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას საქართველოს კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს" (მწვანე ალტერნატივა, 2017, გვ. 1). ამ საკითხს ქვემოთაც შევეხები _ საინტერესო პერსონების კონტექსტში.
რამდენიც არ უნდა იმართლოს თავი კომპანიამ, რომ იგი იცავს ოქროს მოპოვების სტანდარტებს, გარემოზე ზემოქმედება და მიყენებული ზიანი არის უდიდესი. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნა (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულება #7, 2018). მართალია, სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ მოხერხებულად აუარა გვერდი კომპანიის მიერ ადგილობრივ მოსახლეობაზე მიყენებულ უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ ზემოქმედებას და მნიშვნელოვანი აქცენტები არ გააკეთა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გრძელვადიან შედეგებზე, თუმცა ამის მიუხედავადაც კი ისინი იძულებული გახდნენ, საკმაოდ სოლიდური და კომპანიისთვის ანგარიშგასაწევი, ადეკვატური გააზრების შემთხვევაში უმძიმესი დასკვნა დაედოთ.
პირადად ჩემთვის შოკი იყო, რაც ვნახე _ გადათხრილი კარიერები, უმოწყალოდ გაჩეხილი ტყე, განადგურებული მწვანე საფარი. ამას დაერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენი ცხოვეელი და ტყის ბინადარი მოისპო და გადაშენდა, როგორ ბინძურდება ჰაერი, ამას დავამატოთ ჰაერის ციანიდით მოწამვლის ფაქტები, ასევე როგორ იწამლება მდინარეები, წყლის მეშვეობით სასოფლო სამეურნეო პროდუქტები და საბოლოოდ, რა ზიანი ადგება ადამიანს, არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეს, არამედ თუნდაც თბილისის მცხოვრებს, რომელიც ბაზარში აქ მოყვანილ პროდუქტებს ყიდულობს.
საქართველოს ხელისუფლებას უნდა შევახსენო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 302-ე მუხლის მიხედვით: „1. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობას გარემოს დაცვის რეგიონულ ან გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ... (ფ) ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები; და (გ) ქიმიური ნივთიერებების მართვა; 2. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირებას არა მხოლოდ გარემოსდაცვით პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკის სხვა სფეროებშიც" (ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, 2014, მუხლი 302). ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რაშიც ინტეგრირებული იქნება პროექტების განხორციელების არეალებში არსებულ დასახლებებზე ნეგატიური სოციალური ზემოქმედების შემცირება-არიდების სტრატეგიები.
აქ ვიყოთ სიმართლესთან ახლოს (აბსოლუტური არაფერი არსებობს და დიდად ნუ გამოიდებს თავს ნურავინ) და ვაღიაროთ ისიც, რომ გარემოზე ზემოქმედების, მიყენებული ზიანის თემა არც ერთ წინა ხელისუფლებას ანაღვლებდა, მეტიც: 2012 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სახელმწიფომ სს „მადნეულსა" და შპს „კვარციტს" 18 წლის განმავლობაში (1994-2012 წლებში) მიყენებული ზიანი ამავე კომპანიების „კეთილი ნების" საფუძველზე 13 მილიონ ლარად „შეუფასა". ანუ ამ კანონის საფუძველზე სს „მადნეულმა" და შპს „კვარციტმა" 2012 წლის 14 მაისს მიმართეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს 1994 წლის პირველი აპრილიდან 2012 წლის 14 მაისამდე პერიოდში მათ მიერ ჩადენილი ყველა ქმედების კანონიერად ჩათვლისა და კომპანიების ყველა სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მიზნით, 13 მილიონი ლარის კომპენსაციის სანაცვლოდ შეთანხმების დადების მოთხოვნით. მინისტრმა საკითხი იმავე დღეს განიხილა, მოიწონა და იგი გადაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, რომელმაც ასევე იმავე დღეს გამოსცა აქტი შეთანხმების დადების თაობაზე. თავად შეთანხმება მეორე დღეს, 2012 წლის 15 მაისს, დაიდო. დადებული შეთანხმებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სს „მადნეულსა" და შპს „კვარციტს", ანუ RMG-ს, აპატია 1994 წლის პირველი აპრილიდან 2012 წლის 14 მაისამდე პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი ყველა დარღვევა. ეს იმასაც გულისხმობდა, რომ სახელმწიფო იმ პერიოდისთვის RMG-ის მიმართ სახელმწიფო კონტროლსა და შემოწმებას ვერ განახორციელებდა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 20 მარტს მიღებული კანონის ის ნორმა, რომელიც ამგვარი შეთანხმების დადებისა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პატიებას ითვალისწინებდა, 2013 წლის 10 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

* * *
ორგანიზაციამ „მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა", 2017 წელს განახორციელა კვლევითი პროექტი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების არეალთან დაბინძურების კერების, დაბინძურების დონის, წყალსა თუ ნიადაგში მძიმე ნივთიერებების კონცენტრაციის დასადგენად. 21 სოფელში აიღეს 43 სინჯი, რომელიც შემოწმდა შემდეგ მეტალებზე: სპილენძი (Cu), თუთია (Zn), მანგანუმი (Mn), რკინა (Fe), კადმიუმი (Cd), ნიკელი (Ni), კობალტი (Co) და ტყვია (Pb). კვლევამ აჩვენა, რომ მძიმე მეტალებით მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული მდინარე მაშავერა და ფოლადაური. „მდინარე მაშავერას შეერთებამდე, მდინარე კაზრეთულაში კადმიუმის კონცენტრაცია 10-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო მდინარე კაზრეთულას შეერთებიდან 300 მეტრში, მდინარე მაშავერაში კადმიუმის კონცენტრაცია 9-ჯერ აჭარბებს ზღვრულად დასაშვებს. მდინარე ფოლადაურის ქვედა წელში, წუღრუღაშენთან, კადმიუმის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 28-ჯერ აჭარბებს" (წიქარიძე და სხვ., 2017, გვ. 26). წყლის დაბინძურების საგანგაშო მდგომარეობის გარდა, მწვავე ვითარებაა ნიადაგის დაბინძურების კუთხითაც. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სპილენძი, მანგანუმი, კადმიუმი და თუთია საგანგაშოდაა მომატებული არაერთ სოფელში და არა მხოლოდ კომპანიის სამუშაო არეალთან ახლოს მყოფ ტერიტორიებზე. „სოფელ რატევანში სპილენძის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმასთან შედარებით გაზრდილია საშუალოდ 1300%-ით, თუთიის - 979%-ით, კადმიუმისა კი - 3760 %-ით. სოფელ ნახიდურში სპილენძი 143%-ით, თუთია 379%-ით, კადმიუმი 1875%-ითაა გაზრდილი" (წიქარიძე, და სხვ., 2017, გვ. 30-31). საყდრისის მაღაროს ირგვლივ არსებული სოფლების, ანუ, ძირითადად, ბალიჭისა და აბულბუქის სავარგულები ჰაერითაც ბინძურდება კარიერზე მიმდინარე ინტენსიური აფეთქებების შედეგად.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2013-2014 წლების ანგარიშის მიხედვით, კომპანია „არემჯის" მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა ფინანსურ მაჩვენებლებში შემდეგნაირად შეაფასა: 1) RMG Gold-ის მიერ მიწის დაბინძურებისა და დეგრადირების კუთხით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა - 29 153 880 ლარი; 2) სს RMG Copper -ის გამამდიდრებელი საწარმოს მიერ მდ. კაზრეთულაში მჟავე კარიერული წყლის ჩაღვრის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 078 188 ლარი შეადგინა (გარემოსდამცველი ზედამხედველობის დეპარტამენტის ანგარიში, 2013-2014 წწ.).
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის ანგარიშში (გვ.5) ვკითხულობთ: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას. კერძოდ, აუდიტის პერიოდში გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებიდან გენერირებული თანხები არ მიიმართებოდა მიზნობრივად გარემოს აღდგენის ღონისძიებებისაკენ. შესაბამისად, არსებული პრაქტიკა იწვევს იმას, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანი არ აღმოიფხვრება".
მარიამ დევიძე ზემოთ დასახლებულ ნაშრომში აღნიშნავს: _ გამოვითხოვე ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმ დაავადებების ინციდენტობის შესახებ, რომელთა რიცხვიც შესაძლოა, მაღალი იყოს რეგიონში არსებული გარემოს დაბინძურების შედეგად. ამ შემთხვევაში, დაბინძურებასა და დაავადებების ინციდენტობას შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა, კონტექსტის წარმოსაჩენად, ამ მონაცემების მოყვანა საინტერესოა. მუნიციპალიტეტში ყველაზე ხშირია სასუნთ ორგანოთა ავადმყოფობები (5209 ადამიანია დაავადებული ამ ავადმყოფობით), მათ შორის, 0-15 წლამდე ბავშვებში (3057). რიგითობით გახშირებული ავადმყოფობებია: სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები (4524 ადამიანში), ჰიპერტენზია (3517 ადამიანში), ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული (1913 ადამიანში) და ნერვული სისტემის დაავადებები (839 ადამიანში).
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ძალიან რთულად და თითქმის არც ხდება სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადებების დადგენა. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, სადაც მხოლოდ 25 სპეციალისტი მუშაობს. „პროფესიული დაავადების შემწეობის ქმედითი პრაქტიკის არარსებობის გამო, მოსახლეობა სამსახურს მძიმე დაავადების შემთხვევაშიც კი ვერ ანებებს თავს. იმისათვის, რომ შემოსავლის წყარო არ შეუწყდეს, სადამდეც შეუძლია ტკივილის ატანა და შრომისუნარიანია, ჯანმრთელობის პრობლემებს უძლებს; ეს კი დაავადების იდენტიფიკაციასა და პრევენციას ართულებს და ამ ადამიანებზე ტრაგიკულად აისახება (მარიამ დევიძე).
როგორც ირკვევა, ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობაში გავრცელებული არ არის ექიმთან ხშირი ვიზიტებისა და დაავადებების კონტროლის პრაქტიკა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ სამედიცინო დაზღვევა აქვთ, ის სრულად არ ფარავს საწამოო ტრავმებისა და წარმოების პროცესების გამო მიღებული დაავადებების მკურნალობის ხარჯებს.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას პროტესტის სურვილიც არ გააჩნია, პირიქით, ის ძალიან ძნელად მოდის ღია (იდენტიფიცირებულ) კომუნიკაციაზე და არის შემთხვევები, როდესაც აგრესიასაც კი ავლენს სამუშაოს დაკარგვის შიშით.

* * *
და მაინც, იმის გამო, რომ ვინმემ სუბიექტურობაში არ დამდოს ბრალი და ჩემ მიერ ადგილზე ნანახი და მოსმენილი ზღვარგადასულ ემოციებს არ მიაწროს, რომლის შედეგადაც დღესვე დავხურავდი საწარმოს, ვიდრე უმკაცრეს სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა იგი, მათ შორის, თანამაშრომელთა და მათი ოჯახის წევრების, ასევე გარემოს დაბინძურების არეალში მცხოვრები 0-18 წლის ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევას მოვითხოვდი, არ დავუტოვებდი სამთვიანი (მოკლევადიანი) შრომითი ხელშეკრულებების „ხვრელს" კომპანიას, ვიდრე არ დაიწყებოდა ტყის მასივების მშენებლობა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის 2018-2019 წლების მონიტორინგის ანგარიშს" მივაპყროთ ყურადღება.
სამუშაო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გადაწყვეტილებით, სს „ RMG Copper"-ისა და შპს „RMG Gold"-ის მიერ სამთომოპოვებითი სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლის მიზნით. ჯგუფი დაკომპლექტდა გარემოს კომიტეტის, ა(ა)იპ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმების" წარმომადგენლებით.
რადგან ანგარიში საკმაოდ მოცულობითია, აუცილებლადაც კი მიმაჩნია მისი ცალკეული აქცენტების ასევე ვრცლად გამოყოფა (რიგითი ნომრები მინიჭებულია ჩემ მიერ გამოყოფილი პრიორიტეტების მიხედვით. ცალკეული ციტატები შემოკლებულია):
1. ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის დაბინძურების ძირითადი წყაროა RMG-ის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საწარმოო და სალიცენზიო ტერიტორიები, რომლებიც ძირითადად მდებარეობს დაბა კაზრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მაშავერას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე. ამასთანავე, ეს ტერიტორიები დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გზაგასაყარზე მდინარე ფოლადაურის ხეობას ესაზღვრება. შეიძლება აღინიშნოს დაბინძურების წყაროები, რომლებიც აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე წყალსა და ნიადაგს. თავის მხრივ, წყალი და ნიადაგი, როგორც დაბინძურების გამავრცელებლები, ხელს უწყობს სახიფათო ნივთიერებების გავრცელებას სხვადასხვა მიმართულებით;
2. სს „ RMG Copper"-ის სალიცენზიო ტერიტორიებზე განლაგებულია კარიერი, სანაყაროები, სპილენძისა და ბარიტის კუდსაცავები, გამამდიდრებელი საწარმო. ტერიტორიები მდებარეობს მდინარე მაშავერას მარჯვენა ნაპირზე, დაბა კაზრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამასთანავე, ის აღმოსავლეთიდან მდინარე ფოლადაურის ხეობას ესაზღვრება, სს „ RMG Copper"-ის სანაყაროებთან კი სათავეს იღებს ფოლადაურის რამდენიმე შენაკადი, რომელიც, სამუშაო ჯგუფის კვლევის შედეგებით, ძალზე დაბინძურებული იყო;
3. შპს „RMG Gold"-ის სალიცენზიო ტერიტორიებზე განლაგებულია კარიერები, ღია სამსხვრევი დანადგარები, გროვული გამოტუტვის მოედნები, სანაყაროები, კარიერული და სანაყაროსქვეშა წყლების შემკრები დამბა. ტერიტორიები მდებარეობს მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, სოფელ ბალიჭის მოპირდაპირე მხარეს, ასევე მაშავერას შენაკადის _ მდინარე კვირაცხოვლის (აბულმუქი) ხეობაში. ის მოიცავს საყდრისის ხუთ საბადოს, სამ სანაყაროს, გროვული გამოტუტვის მოედნებს და სამსხვრევ მოწყობილობა-დანადგარებს;
4. დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა საწარმოო მტვერი, რომელიც მადნის ბურღვა-აფეთქებითი მოპოვებისა და მადნის სამსხვრევის მუშაობის პროცესში წარმოიქმნება. თუმცა მტვერი ვრცელდება აგრეთვე საწარმოს შიდა და მიმდებარე (სახელმწიფო) გზებზე მადნის გადამტანი სატვირთო მანქანების მოძრაობისას, კარიერის მოშიშვლებული ფერდობებიდან, გამომშრალ-გამოფიტული სანაყაროებიდან და სხვ.;
5. სამუშაო ჯგუფის მიერ გასვლითი შეხვედრების დროს განხორციელებული მონიტორინგისა და საწარმოო პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა მტვერი, რომელიც მადნის ღია კარიერული მოპოვებისას წარმოიქმნება. ეს ხდება ძირითადად: კარიერული აფეთქებების, ღია სამსხვრევი დანადგარის მუშაობისა და სატვირთო მანქანების გადაადგილების დროს;
6. წყლის დაბინძურების მრავალი წყარო არსებობს, მაგალითად, კუდსაცავებიდან გამოჟონილი წყალი, სანაყაროებიდან ჩამოჟონილი წყალი, კარიერის ზუმფის წყლის მიწისქვეშა წყლებთან კონტაქტი. თავის მხრივ, წყალი და მტვერი ნიადაგის ძირითადი დამაბინძურებლებია;
7. მდინარე ფოლადაურთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს, კერძოდ, სიმძიმის ძალის გამო მე-4 სანაყაროს ფერდობი დაძრულია და გასულია კომპანია სს „ RMG Copper "-ის სალიცენზიო ტერიტორიებიდან. ის მდინარის შენაკადის დინების მიმართულებით მოძრაობს და მისგან ჩამოჟონილი წყალი ამ შენაკადებს აბინძურებს;
8. კუდსაცავში დაგროვებული ზედმეტი წყალი უკან, საწარმოში იტუმბება, ხოლო ფუჭი ქანების ნაწილი კუდსაცავის ძირზე ილექება. ამ მჟავე წყლის ნაწილი ოდითგანვე ჟონავდა და ჩაედინებოდა კუდსაცავის ძირში მოწყობილ გუბურაში, საიდანაც ეს წყალი, წესით, ისევ კუდსაცავში უნდა ამოტუმბულიყო. 2017 წლის მდგომარეობით ეს სისტემა მოძველებული იყო, კუდსაცავიდან გამოჟონილ წყალს სრულად ვერ აკავებდა და წყლის ტუმბვას ვერ უზრუნველყოფდა. კუდსაცავიდან დრენირებული წყლები კუდსაცავის ძირში მოწყობილი გუბურის (მცირე ავზი) გავლით ხვდებოდა მდ. კაზრეთულაში;
9. სს „ RMG Copper "-ის ტერიტორიაზე ოთხი დიდი სანაყაროა განთავსებული. მათგან მე-2, მე-3 და მე-4 სანაყაროები ისტორიულ, ყველაზე ძველ სანაყაროებად არის მიჩნეული. მე-4 და მე-3 სანაყაროებიდან გამოჟონილი წყალი უერთდება მდინარე ფოლადაურის ორ შენაკადს, რომელიც, თავის მხრივ, აბინძურებს მდინარის ქვედა წელს, სოფელ სამწევრისიდან მოყოლებული. მე-2 სანაყაროდან გამოჟონილი წყალი მდინარე კაზრეთულას აბინძურებს. 1-ლი სანაყარო შედარებით იზოლირებულია, თუმცა იგი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს... დღეს არსებული პრობლემები, რომელიც ამ სანაყაროებს უკავშირდება, გამოწვეულია არასწორი დაგეგმარებითა და საინჟინრო გადაწყვეტებით, კერძოდ, სადრენაჟო სისტემების მნიშვნელობისა და ჰიდროგეოლოგიური ასპექტების გაუთვალისწინებლობით;
10. სანაყაროები მუდმივ მოძრაობაშია. წლების განმავლობაში ფუჭი ქანების უწესრიგო და გადამეტებული დაგროვების გამო ისინი საკუთარ წონას ვერ უძლებენ, ჩამოწოლის საშიშროების წინაშე დგანან და, თუ მე-4 სანაყაროს მაგალითს მოვიშველიებთ, მათი გავრცელების არეალი კომპანიის სანაყაროსთვის გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებს სცდება;
11. საყდრისის უბანზე გროვული გამოტუტვის მოედნები მდინარე კვირაცხოვლის ზემო წელზე, კარიერებისა და სანაყაროების დასავლეთით მდებარეობს. გროვული გამოტუტვით ხორციელდება ძვირფასი ლითონების შემცველი დამსხვრეული მადნის გადამუშავება. ეს ხდება ციანიდის კონცენტრატის გამოყენებით. ხსნარში ციანიდის კონცენტრაცია უმნიშვნელო და უსაფრთხოა. ციანიდის ხსნარს გროვებად დალაგებულ მადანზე ასხურებენ ისე, რომ ციანიდი მადნის გროვაში აღწევს და ძვირფასი ლითონების მიკროსკოპულ ნაწილაკებთან ნაერთს ქმნის. შემდეგ ძვირფასი ლითონების შემცველი ხსნარი სპეციალური არხებით შესაბამის რეზერვუარში იკრიბება;
12. 2018 წლის 15 ივნისს გარემოს კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა რეკომენდაციით, რომ სსიპ _ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ RMG-ს არ მისცეს უფლება, ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაიწყოს ახალი საბადოს დამუშავება, ვიდრე არ გამოვლინდება კომპანიის ნება და რეალური ქმედებები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გარემოს კომიტეტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ სავალდებულოა RMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულება. ამის შედეგად კომპანიას არ მიეცა ბნელი ხევის ტერიტორიაზე ახალი საბადოს დამუშავების უფლება. ეს საკითხი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული;
13. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ფორმატში სამუშაო ჯგუფმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს RMG-ის გარემოსდაცვითი ვალდებულებების გეგმაზე შენიშვნებით მიმართა და მიუთითა, რომ უნდა განხორციელდეს გაჟონვის ყველა კერის განსაზღვრა-შესწავლითი საქმიანობა საწარმოების მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ისტორიული დაბინძურების ადგილებში, საწარმოო წყლების ციკლის მაქსიმალური ჩაკეტვა და დეტალური სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელიც ორიენტირებული იქნება დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფაზე და არა მის შედეგებთან ბრძოლაზე;
14. სამუშაო ჯგუფმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე მიუთითა, რომ კარიერზე მიმდინარე აფეთქებითი და სხვა სახის სამუშაოების შედეგად გატყორცნილი მძიმე მეტალების შემცველი მტვრის შესაკავებლად აუცილებელია, კომპანიას მკაფიოდ დაეკისროს მტვერშემაკავებელი დანადგარების დაუყოვნებლივ ამუშავება, აგრეთვე დაყენდეს წყლის გაშხეფვის ავტომატური სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს გზების მუდმივად დასველებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მტვრის გაფანტვას გარემოში.

* * *
ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რაზედაც ანგარიშშია საუბარი, მაგრამ აქ ყურადღებას იპყრობს შემდეგი გარემოება, რომ იმ პირობებში, როდესაც კომიტეტი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამსახური გასცემდა რეკომენდაციებს, კომპანიის რეაგირება მასზე იყო შერჩევითი ხასიათის, რაც თვალნათლივ ჩანს კიდეც ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია:
1. კომპანიამ დაიწყო სანაყაროების დატერასების პროცესი სანაყაროებზე წონის დაბალანსებისა და დაწოლის წერტილების განტვირთვის მიზნით. განხორციელდა სანაყაროების გეოლოგიურ-ინჟინრული გამოკვლევა. დატერასების პროცესი დღესაც მიმდინარეობს, ყველაზე ინტენსიურად _ მე-2 სანაყაროზე, სადაც უკვე ათზე მეტი ტერასა მოეწყო. კომპანიას სამუშაო ჯგუფისთვის ამ სანაყაროს მართვის პროექტი უნდა მიეწოდებინა. სანაყაროების რეკულტივაციის პროცესი არ დაწყებულა;
2. მე-4 სანაყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიას არ დაუწყია დროებითი სალექარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ნალექის შემთხვევაში მდინარის მძიმე მეტალებით გაჟღენთილი წყლისგან დაცვას უზრუნველყოფს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების მიხედვით, აღნიშნული სალექარი კომპანიას უნდა მოეწყო 07.2018-08.2018 პერიოდში, რაც არ განუხორციელებია. მე-4 სანაყაროს ძირში დროებითი სალექარის მოწყობის შემდეგ, „მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის" შესაბამისად, დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და გაწმენდილი წყალი უნდა ჩავიდეს მდ. ფოლადაურში;
3. გამწმენდის დამონტაჟებამდე პროცესი დასრულებულად ვერ მიიჩნევა, მაგრამ, ზემოაღნიშნული ღონისძიებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დაბინძურებული წყლები მდინარე კაზრეთულაში და შემდეგ მდინარე მაშავერაში უფრო ნაკლებად ხვდება. თუმცა ეს არ ნიშნავს პრობლემის სრულად გადაჭრას. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და აღნიშნულ მდინარეებში მძიმე მეტალების კონცენტრაციების დასაშვები ზღვრის ქვემოთ არსებობის დადასტურება, რაც მათი ჩამდინარე წყლით დაბინძურებას აღმოფხვრის;
4. მეორე ავარიული მიმღები რეზერვუარის ტევადობაა 6000 მ. 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, კუდსაცავიდან გამოჟონილი წყლების გაჟონვის შეკავების პროექტი დასრულებულია და წყალსაქაჩიც ფუნქციონირებს, თუმცა მისი მუშაობის ეფექტიანობას დაკვირვება მაინც ესაჭიროება;
5. სამსხვრევი მოწყობილობიდან გაფრქვეული მტვრის პრობლემის გადაჭრის მიზნით კომპანიამ ორი „Eლეფანტე"-ს სისტემის დანადგარი შეიძინა. ეს დანადგარი მძლავრი ვენტილატორის წნევის საშუალებით გამოყოფს ათასობით წყლის წვეთს, რომელიც მტვერს ასველებს და მის გავრცელებას ხელს უშლის. მიუხედავად ამისა, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ეს ხერხი მტვრის გავრცელებასთან საბრძოლველად საკმარისად ეფექტიანი არ არის. კომპანიამ საყდრისის სამსხვრევის მტვრის წარმოქმნის ყველა წყაროზე დამატებით დაამონტაჟა წყლის გამფრქვევი სისტემა, რომელიც მტვრის დაჭერას უზრუნველყოფს და გარემოში მის მოხვედრას ხელს უშლის. ეს შეიძლება შემარბილებელ გარემოსდაცვით ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, რადგან მტვრის სრული განეიტრალება, განსაკუთრებით _ ქარიან ამინდში, ვერ ხერხდება;
6. შპს „RMG Gold"-ის ტერიტორიაზე, სს „ RMG Copper "-ის ტერიტორიის მსგავსად, განხორციელდება მდინარე კვირაცხოვლის ინკაფსულაცია, წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და მისი გაწმენდის მეთოდების დანერგვა. პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ არ წარდგენილა, ანუ პროცესი ჯერ არ დაწყებულა და კვირაცხოველი ისევ დაბინძურებული სახით ერთვის მდინარე მაშავერას.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიამ მართლაც ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების კუთხით, მაგრამ ეს აშკარად არ გახლავთ საკმარისი და მეტიც, როგორც ადგილობრივები და სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, იგი თვალის ახვევის პოლიტიკას ემსახურება.
უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ინფორმაციის გამჭვირვალობის მიზნით, კომპანია RMG-ის ეთხოვა, 2020 წლის მეორე კვარტალში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული მიწერილობის (გარემოსდაცვითი ღონისძიებები) შესრულების მიზნით 2018-2019 წლების მდგომარეობით გაწეული დანახარჯების შესახებ ჩატარებული აუდიტის დასკვნა. dასკვნა საკმაოდ მოცულობითია და მისი შესწავლა და შედარება არსებულ რეალობასთან დროს მოითხოვს, ამიტომაც მას სავარაუდოდ, ცაკლე პუბლიკაცiა დასჭირდება.
იმის მიუხედავად, რომ კომიტეტის ანგარიშით კომპანიისთვის გაცემულია რეკომენდაცია „ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, კომპანიამ მტვრის ჰაერში გაფრქვევის საწინააღმდეგოდ უზრუნველყოს სატვირთო მანქანების გადახურვა, მოძებნოს თანამედროვე ტიპის უფრო ეფექტიანი ხსნარები, რომელიც მორწყვის დროს გამოიყენება გზების ამტვერიანების შესამცირებლად, ან გზების გასწვრივ განათავსოს სასხურებელი მილები და გზებზე გადააგოს მტვერსაწინააღმდეგო მასალები", ჩემი ადგილზე ყოფნის დროს არც გადახურული მანქანები მინახავს და არც „ეფექტიანი ხსნარებით" მორწყული გზები.
როგორც ადგილზე დასაქმებულებმა კონფიდენციალობის გარანტიით გამიმხილეს, კვლავ ნარჩუნდება მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც შპს „RMG Gold"-ის მე-5 კარიერი პერიოდულად უშვებს გრუნტის წყლებს. ანგარიშში ამაზე ნათქვამია, რომ „ეს წყლები მდინარეში ჩაედინება. ამასთანავე, მჟავე წყლის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში ერევა კირი, რაც იწვევს ქიმიურ რეაქციას. ამის შედეგად ყვითელი წყალი და ქაფი 30 კილომეტრის მანძილზე ჩაედინება".
ასევე შენარჩუნებულია ვითარება, როდესაც „საამფეთქებლო საქმიანობის დროს მტვრის სრული განეიტრალება, განსაკუთრებით, ქარიან ამინდში, ვერ ხერხდება". როგორც ადგილზე დასაქმებულები და მოსახლეობა აცხადებს, კვლავ მიმდინარეობს აფეთქებები ქარიან ამინდში.

* * *
ზემოთ კომპანიის თავნებობა ვახსენე და ამის კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რაც ასევე აღნიშნულია ანგარიშში:
_ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 13 მარტის #1971/01 წერილის მე-9 პუნქტის 9.2 ქვეპუნქტით სს „ღMG ჩოპპერ"-ისთვის განსაზღვრული ვალდებულება არ შესრულებულა. კერძოდ, კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობის მისთვის ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში სამინისტროსთვის არ შეუთანხმებია ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მეთოდები;
_ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ #3 სანაყაროდან გამომავალი ნაჟური წყლების მართვის მიზნით კომპანიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადაში (დროებითი სალექარის განთავსების ვადა _ 09.2018?11.2018) არ დასრულებულა დროებითი სალექარის მოწყობის სამუშაოები.
თუმცა ობიექტურობისთვის აღვნიშნავ, რომ ანგარიშის მიხედვით ამ საკითხებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.

* * *
ფრიად სამწუხაროა, რომ კომიტეტის ანგარიშში არაფერია ნათქვამი და ამ მხრივ, ალბათ, შემეკამათებიან, რომ ეს არ იყო მათი კვლევა-შესწავლის მიზანი, რაშიც მართლებიც იქნებიან _ რამდენი ხე განადგურდა, რამდენი მწვანე საფარი მოისპო, რამდენი მელა და ტურა გადაშენდა, რამდენმა ადამიანმა მიიღო საწარმოო ტრავმა, რამდენი თევზი ამოწყდა მდინარეებში, რამდენი ჩვენი თანამოქალაქეა დაავადებული და მეტიც, კვდება ნელი სიკვდილით არა მხოლოდ იქ _ ბოლნისსა და დმანისში, არამედ თბილისში, რუსთავში რეალიზებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით.
მამაძაღლი „ოქრო"!.. ჯანდაცვის სამინისტრომ ზუსტად იცის დმანისსა და ბოლნისში მოსახლეობის დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორები? აქვს ეს შესწავლილი? თუ უფრო გლობალური გამოწვევის წინაშე დგანან? ეჰ, „მამაძაღლი ოქრო"!..

* * *
ახლა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც: თუ ობიექტურები ვიქნებით _ მაქსიმალურად ობიექტურები _ იმის აღიარება მოუწევს ყველას, მათ შორის, გარემოს დაცვის კომიტეტს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ მათი საქმიანობა მიდევნებული ლამპარია, ფორმალობაა და თუ ვინმეს ეკუთვნის მადლობა, თუნდაც, კომპანიის იძულებაში, რომ მათ თურმე „ნახეთ რამდენი რამ გააკეთს საყრდისისთვის, ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობისთვის", არის „საყდრისის დაცვის კომიტეტი". პერსონალურად ჩამოთვლაც შეიძლება და მათთვის მალობის გადახდა, მაგრამ მაინც ასე უკეთ ჟღერს: „საყდრისის დაცვის კომიტეტი". სიმართლე გითხრათ, რომ არა ისინი, არც აფეთქების „ისტორიული" კადრები შემოგვრჩებოდა, რომელსაც განაჩენი ერთად გამოუტანეს აკადემიკოსმა კიაზო ფიცხელაურმა, მეცნიერებათა აკადემიამ, კულტურის სამინისტრომ და, ზოგადად, ქართულმა სახელმწიფომ, ანუ მე და თქვენ. და თუ დღეს ბოლნისსა და დმანისში სიკვდილის ტემპები ოდნავ მაინც შენელდა, ესეც არა პარლამენტის კომიტეტისა თუ სამინისტროს, არამედ „საყდრისის დაცვის კომიტეტის" დამსახურებაა. მადლობა თქვენ, ჩემგან _ ერთი რიგითი ქართველისაგან, ჩემს თანამოქალაქეებზე, ჩემი ქვეყნის გარემოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე ზრუნვისთვის.

* * *
ბარემ ისიც იცოდეთ, რომ RMG GOLD-ი 2025 წლამდე, დაახლოებით, 13 685.54 კგ. ოქროს მოპოვებას ვარაუდობს.
კომპანია ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. კერძოდ, გრძელდება საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება/გადამუშავება, ასევე უკვე გადამუშავებული მადნის მესამედ გადამუშავება.
მიმდინარეობს ე. წ. აგლომერაციის პროექტი, რაც გულისხმობს ბარიტის მადნის შერევას უკვე გადამუშავებულ მადანთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება სს „არემჯი კოპერზე" მისაწოდებლად.
ისე, რა აქ მოსატანია, რადგან ინვესტიციას ეროვნება არ აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი: KPMG-ის მიერ მომზადებული მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, RMG Gold-ის, ისევე როგორც RMG Copper -ის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეები არიან რუსი მილიარდერები და ბიზნესპარტნიორები _ დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი.
Fორბეს-ის ინფორმაციით, როგორც კორჟევის, ასევე ტროიცკის ქონება $1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კორჟევი და ტროიცკი კლასელები იყვნენ, მათ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში ავტომობილებით ვაჭრობით დააგროვეს, შემდგომ კი რუსეთის ერთ-ერთი წარმატებული რითეილის ქსელი OKey დააფუძნეს.
რუსმა ბიზნესმენებმა RMG ჰოლდინგი 2012 წელს შეიძინეს. აღნიშნული გარიგების ღირებულება საჯაროდ ცნობილი არ არის.

* * *
ისე, ქართული ეკონომიკისთვის, თუნდაც ზემოთ აღწერილი ვითარების გათვალიწინებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ნედლეული ადგილზე გადამუშავდებოდეს, ექსპორტზე უკვე მზა პროდუქცია უნდა გადიოდეს და არა _ ნედლეული ან ნახევარფაბრიკატი. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს, მეტ სამუშაო ადგილს, მაგრამ რაც კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, ის სულაც არ გახლავთ სასარგებლო ოქროს მომპოვებელი კომპანიის მფლობელებისთვის.
ან რატომ უნდა ანაღვლებდეს „ინვესტორს ეროვნების გარეშე" ქართული ეკონომიკა და საქართველოს მოქალაქე, ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა, როდესაც ეს ყველაფერი არ ანაღვლებს ხალხს _ ხელისუფლების წყაროს. ამ ყველაფრის შემდეგ ნამდვილად დასაფასებელია კონსტიტუციაში არსებული ნებისმიერი ფორმალური ჩანაწერი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, კულტურის, ტრადიციის, გრემოს დაცვისა თუ სხვა სიკეთეების შესახებ, რომელიც მხოლოდ ჩანაწერია, ვიდრე ნებისმიერ სხვას შეგვიძლია ვუსაყვედუროთ: „ვიწამლებით, გვსპობენ, ნადგურდება უნიკალური ფლორა და ფაუნა და ამას ყურადღებას არ აქცევთ"...

* * *
„ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, ყველას აქვს უფლება, ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე"... ეს კონსტიტუციაში წერია... რა კარგად ჟღერს, არა? ამ შემთხვევაში კი, როცა საქმე ოქროს ეხება „ყველას აქვს უფლება", ჰქოდეს არაფრის უფლება. რატომ? ბოლო სიტყვებს დააკვირდით: „...ყველას აქვს უფლება, ზრუნავდეს გარემოს დაცვაზეო", _ გვეუბნება საქართველოს უმთავრესი კანონი, არადა, იცით, რა იქნებოდა მართებული ჩანაწერი? _ „ყველას აქვს ვალდებულება, ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე"... მაშინ საკითხის გააზრება იქნებოდა სხვა. ისე, ჩვენ ასევე გვაქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლებაც, მაგრამ რად გინდა? აგერ, RMG გვკლავს წლებია და რა? ისე, როგორ თუ რა, ჩვენ ვიხოცებით ნელი სიკვდილით, ისინი კი _ ინვესტორები ეროვნების გარეშე _ მდიდრდებიან, ახლა და აქ! სხვათა შორის, ბევრად უკეთესი იქნება, კანონმდებლებმა არსებული ვითარების გათვალისწინებით, კონსტიტუციაში ერთი უწყინარი ჩანაწერი გააკეთონ: „საქართველოს მოქალაქეს აქვს სიკვდილის უფლება, რათა დროებით იცოცხლოს და აცოცხლოს ოჯახის წევრები". ეს ჩანაწერი ზუსტად გაამართლებდა ბოლნისსა და დმანისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის ყოფას, სახელმწიფოს ორგანოები კი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, „უაზრო" ნორმატიული აქტებისა და რეკომენდაციების მოფიქრებაში არ დახარჯავდნენ დროს. რაც მთავარია, ღMG და მსგავსი „პასუხისმგებლობის" კომპანიების მოგებაც გაიზრდებოდა და ბიუჯეტში შენატანებიც საგრძნობლად მსუყე გახდებოდა.
მელა, ტურა და კალმახი? კარგით, რა.

---
ჩემი სუბიექტური მსჯელობისა და მოსაზრებების მიღმა, რაოდენ მძიმე შეფასებას ან ემოციურ განცდას უნდა შეიცვდეს ის, არსებობს მეორე მხარის პოზიციაც. აქვე დავძენ, როგორც წერილში არაერთგზის აღვნიშნე, მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ გახლავთ იდეალური და კვლავაც საფრთხის შემცველია.
ამის გათვალისწინებით მივმართე კომპანიას ინფორმაციისთვის, თუ რა გაკეთდა სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან დღეისთვის და რა პროცესი მიმდინარეობს სხვა რეკომენდაციების შესასრულებლად.
კომპანიიდან ოპერატიულად (რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი) მიღებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.


მოგესალმებით, ბ-ნ გოჩა

გაცნობებთ, რომ 2018 წლის დასაწყისში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სს RMG Copper -სა და შპს RMG Gold-ს განუსაზღვრა გონივრული ვადები გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად.
აღნიშნული მიწერილობის ფარგლებში განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და დადებითად არის შეფასებული, როგორც მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყებების, ასევე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და მასთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის" წევრების მიერ.
მაგალითისთვის გთხოვთ იხილოთ მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანისა და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია:
https://www.youtube.com/watch?v=osNtn39PIzA&fbclid=IwAR0JICH0O6OZXrCmBtZmW-VWfmxlmxelItHVnlSuK7wnssXdlo_ELoOfIB4

https://www.youtube.com/watch?v=BbujJyXz_gk&t=1s&fbclid=IwAR1UTPU5Z4acxsdMKouDbtF7Wy_-v9v3nE0nB-LS01jaSGMjV_Y8vB2-t4M

https://www.youtube.com/watch?v=GdZPdusAya8&t=7s&fbclid=IwAR2hqfWpeG1pms1D1YC2uB2nfE2cfR4_UxyOHoT3qezO-w8d4vzi7vo6d1E
ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ კომპანია ითვალისწინებს რეკომენდაციების იმ ნაწილსაც, რომელიც არ შედის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობაში, თუმცა გათვალისწინებულია პარლამენტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ანგარიშში და აქტიურად მუშაობს მათ შესრულებაზე.
გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის ფარგლებში „არემჯის" მიერ 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული ღონისძიებების მოკლე ჩამონათვალი:

სს RMG Copper

წყალდაცვითი ღონიძიებები
1. წლების განმავლობაში მდინარე კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურების მაღალი რისკის მქონე წყაროს წარმოადგენდა ღMG ჩოპპერ-ის კუდსაცავიდან დრენირებული წყლები, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენდა მდინარის წყლის ხარისხზე.
აღნიშნული წყლების მიერ მდინარის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით კუდსაცავიდან დრენირებული წყლების მართვის მიზნით მოეწყო 2 ერთეული რკინა-ბეტონის შემკრები რეზერვუარი და სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფს დრენირებული წყლების მთლიანად შეგროვებას და უკან კუდსაცავში გადატუმბვას.
აღნიშნული ღონისძიების შედეგად მდ. კაზრეთულას (რომელიც მდ. მაშავერას შენაკადია) მთლიანად აერიდა კუდსაცავიდან დრენირებული დამაბინძურებელი წყლები. პროექტი დასრულებულია;
2. საწარმოს ტერიტორიაზე სხვა სახის დიფუზიური თუ სანიაღვრე წყლების მართვის მიზნით ამავე პერიოდში განხორციელდა მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დამცავი ინფრსატრუქტურული პროექტი, რომლის შედეგად მდინარე საწარმოო პერიმეტრის გასწვრივ 2560 მ. მანძილზე მოექცა დამცავ მილში, ხოლო სანიაღვრე წყლების შეგროვებისა და მისი გაწმენდა-დალექვის მიზნით ხეობის ქვედა წელში მოეწყო სამსაფეხურიანი სალექარების კასკადი, სადაც მუდმივად მიმდინარეობს წყლის ხარისხის კვლევა (განსაკუთრებით მოსული ნალექის დროს). ამავე ობიექტიდან ხდება დამტკიცებული ზდჩ ნორმების კონტროლი. აღნიშნული პროექტი დასრულებულია.
პროექტის მომდევნო სტადიაა, კასკადის შემდეგ, ჩამდინარე წყლების გაწმენდის მიზნით, თანამედროვე ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რომელზედაც მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ბოლოსთვის, რის შემდეგაც მთლიანად გამოირიცხება მდინარის დაბინძურება;
3. საწარმოს გავლენის ზონაში არსებული ზედაპირული წყლებიდან დღეისათვის ნეგატიურ ზემოქმედებას განიცდის სპილენძ-პოლიმეტალური კარიერის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე მდინარე ფოლადაური, რომელსაც უერთდება ფუჭი ქანების მე-3 და მე-4 ისტორიული სანაყარებიდან ბუნებრივად დრენირებული წყლები, რაც წლების მანძილზე წარმოადგენდა მდ. ფოლადაურის დაბინძურების წყაროს.
განხორციელებული წყალდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, მდ. ფოლადაურის დაბინძურებისგან დასაცავად მოეწყო გადასატუმბი ინფრასტრუქტურა, რომლის შედეგად მე-3 სანაყაროდან ჩამონადენი წყლები გროვდება სანაყაროს დაბალ ნიშნულზე, ხევში მოწყობილ ავზში, საიდანაც გადაიტუმბება კარიერის პერიმეტრში მოწყობილ წყალგაუმტარ რეზერვუარში.
აღნიშნულის შედეგად მთლიანად აღიკვეთა მე-3 სანაყაროდან ჩამდინარე წყლის მავნე ზემოქმედება მდ. ფოლადაურზე.
რაც შეეხება მე-4 სანაყაროდან ჩამონადენი მჟავე წყლების მართვას, მათ შესაგროვებლად და შემდგომში გასაწმენდად დაწყებულია ქიმიური გამწმენდი ნაგებობის ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის თანახმად, სანაყროს ქვეშ მოწყობილია ღია ტიპის წყალგაუმტარი წყალშემკრები ავზები (დროებითი სალექარები).
პროექტის ბოლო ეტაპზე წყალშემკრები ავზების შემდგომ მოხდება თანამედროვე ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, სადაც წყალი ქიმიურად გაიწმინდება და მდ. ფოლადაურში ჩაეშვება. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ბოლოსთვის, რის შემდეგაც მთლიანად გამოირიცხება მდ. ფოლადაურის დაბინძურება;
4. მდინარეების დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მადანსაზიდი გზა, რომელზეც მოსული სანიაღვრე წყლები უერთდებოდა მდ. კაზრეთულას.
სანიაღვრე წყლების ორგანიზებული მართვის მიზნით სს RMG Copper -ის კარიერის მთავარ მადანსაზიდ გზაზე მოეწყო სადრენაჟო და სალექარ-რეზერვუარების სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვმართოთ სანიაღვრე წყლები და მისი შემადგენლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნას საწარმოო დანიშნულებით. პროექტი დასრულებულია;
5. გამამდიდრებელი ფაბრიკისა და კუდსაცავის საწარმოო ტექნოლოგიურ პროცესებში შესაძლო ავარიული პროცესების დროს დამაბინძურებელი წყლების დროებით შეგროვება-მართვის მიზნით მოეწყო მიმღები საავარიო რეზერვუარები. პროექტი დასრულებულია;
6. კომპანიის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მართვის მიზნით, სს ღMG ჩოპპერ-ის ტერიტორიაზე მოეწყო საკანალიზაციო წყლის ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გაწმენდასა და კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვას. პროექტი დასრულებულია.

ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები

1. საავტომობილო და შიდა კარიერულ გზებზე მტვრის გავრცელების შესამცირებლად შეძენილ იქნა სპეცავტო-სატრანსპორტო საშუალებები და მორწყვის ინტენსივობის განსაზღვრის მიზნით დადგინდა შესაბამისი მარშუტები და მორწყვის საჭირო ინტენსივობის ოპტიმალური დროები, რომლის შესახებ შემუშავდა ძირითადი სატრანსპორტო (შიდა კარიერული და საავტომობილო) გზების მორწყვის გრაფიკი, რომელიც შეთანხმდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან;
2. განხორციელდა გამამდირებელი ფაბრიკის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სტაციონარული წყაროების: კირის საამქროს, მსხვილი სამსხვრევისა და საშუალო/წვრილი სამსხვრევის შენობების ამორტიზებული აირმტვერდამჭერი სისტემის შეცვლა ახალი, თანამედროვე, ე. წ. ფილტრებიანი ტიპის აირმტვერდამჭერი სისტემებით, რომელიც 99%-ით წმენდს მტვერს და იცავს გარემოს დამაბინძურებელი გაფრქვევებისგან. პროექტის ძირითადი სტადია დასრულებულია, ბოლო ეტაპის (კიდევ ერთი ჰაერის ფილტრის მოწყობა მადნის ბუნკერებთან) დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს.

რეკულტივაციის ღონისძიებები

1. დაზიანებული ტერიტორიის ეტაპობრივი აღდგენა-რეკულტივაციის მიზნებისთვის მოეწყო სანერგე მეურნეობა, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ნერგების დარგვა და გამოყვანა.
დღესთვის გამოყვანილია დაახლოებით 9000 ნერგი და დათესილია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე 1000 მ2 ფართობზე;
2. განხორციელდა საცდელ-ექსპერიმენტული რეკულტივაციის ღონისძიება (ჰიდროთესვა) ტუფის კარიერზე და მე-2 სანაყაროს 1,5 ჰა ფართობზე;
3. განხორციელდა „მადნეულის" კარიერის მე-2 სანაყაროს სტაბილიზაციის სამუშაოები. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმდა მე-2 სანაყაროს პირველი ეტაპისა და სპილენძ-პირიტის კუდსაცავის ტექნიკურ-ბიოლოგიური რეკულტივაციის პროექტები;
4. მიმდინარეობს „მადნეულის" კარიერის ისტორიული მე-4 სანაყაროს სტაბილიზაციის ღონისძიებები, რომლის დასრულება მომავალ წელსაა დაგეგმილი. სტაბილიზაციის დასრულების შემდგომ დაიწყება აღნიშნული სანაყაროს ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოების განხორციელება.
ასევე დაგეგმილია „მადნეულის" კარიერის მე-3 ისტორიული სანაყაროს სტაბილიზაციის სამუშოების განხორციელება და შემდგომში მისი რეკულტივაცია.

შპს RMG Gold _ საყდრისი

წყალდაცვითი ღონისძიებები

1. საყდრისის მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბანზე მოეწყო ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს უბნიდან ჩამდინარე სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდას და კვირაცხოვლის ღელეს დაბინძურებისგან დაცვას. აღნიშნული პროეტი დასრულებულია;
2. სანიაღვრე-კარიერული წყლები ორგანიზებული მართვის მიზნით გზების პერიმეტრზე მოეწყო ყრილები/არხები და აღიკვეთა ყველა სახის დიფუზიური ჩადინება კვირაცხოვლის ღელეს მიმართულებით. პროექტი დასრულებულია;
3. ხეობის ქვედა ნაწილში მოეწყო სანიაღვრე-კარიერული წყლების შემკრები ავზი და 2020 წლის ბოლომდე მოეწყობა ქიმიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს გაწმენდილი წყლების ჩაშვებას მდ. მაშავერაში. მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ბოლომდე.

ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები

1. სამსხვრევ კვანძზე მადნის გადატანისა და ჩატვირთვის პუნქტებზე მოეწყო წყლის გამშხეფი სისტემები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა მტვრის ნაწილაკების გავრცელება;
2. საავტომობილო და შიდა კარიერულ გზებზე დაწესდა პერიოდული მორწყვა შესაბამისი გრაფიკის მიხედვით.

ნიადაგის დაცვის ღონისძიებები

სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად ტერიტორიების სიახლოვეს ნიადაგის შესაძლო დაბინძურების კონტროლის მიზნით დადგენილია მონიტორინგის ღონისძიებები საყდრისის მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო სამეურნეო და ტყის კორომის არეალში, სადაც დადგენილი ინტესივობით ხდება ნიადაგის სინჯების აღება და კვლევისთვის გაგზავნა დამოუკიდებელ აკრედიტებულ ლაბორატოარიაში.

კომპანია განაგრძობს გარემოსდაცვით საქმიანობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ასევე ახალი ტექნოლოგიების მოძიებისა და დანერგვის თვალსაზრისით. ძირითადი ყურადღება მომდევნო წლების განმავლობაში გამახვილდება რეკულტივაციის საკითხებზე. ასევე გაგრძელდება მიმდინარე გარემოსდაცვითი საქმიანობაც, მაგალითად, ნარჩენების მართვა, მონიტორინგი, წყლის ობიექტებისა და ნიადაგის დაცვის ღონისძიებები, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით დამატებითი ღონისძიებების შესრულება და სხვ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა