სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი, რაზეც ხელისუფლება არ საუბრობს

07.11.2020 ნახვები: 1039

მინდა, კიდევ ერთხელ მივუბრუნდე ლარის კურსზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს და ჩამოვთვლი ამ ძირითად ფაქტორებს და კომენტარებსაც გავაკეთებ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში. მაშ ასე, ლარის კურსზე, ანუ მის ღირებულებაზე სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში გავლენას ახდენს:

ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა
ამ მხრივ სახეზე გვაქვს შემდეგი ქმედებები: თუ ეროვნული ბანკი ბაზრიდან ერთი ხელით გაყიდის 100 მილიონ დოლარს, ანუ 330 მილიონ ლარს და მეორე ხელით, რეფინანსირების სესხების სახით, კომერციულ ბანკებს ლიკვიდობისთვის ლარის 3- ჯერ და 5-ჯერ მეტი რაოდენობას ლარს აწვდის, რომლის ნახევარზე მეტი ისევ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესაძენად მიემართება (ცნობისათვის ავიღოთ თუნდაც 2020 წლის 28 მარტის ინფორმაცია, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 100 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად და, მეორეს მხრივ, რეფინანსირების სესხების სახით, 12 მარტს გაუშვა 1,7 მილიარდი ლარი და მერე, 19 მარტს, 1.850 მილიონი და 26 მარტს - 2,420 000 ლარი). დამერწმუნეთ, ასეთ ინტერვენციას უარყოფითი შედეგი ექნება, რაც სახეზეც გვაქვს. ასეთი მიდგომა კიდევ რამდენიმეჯერ განმეორდა, ანუ დოლარის მიწოდებით სავალუტო ბაზარზე რამდენი ლარიც ამოიღო, მეორე ხელით, რეფინანსირების სესხების სახით, უფრო მეტი ლარი შეუშვა. ამასთან, რეგულატორის მხრიდან ინტერვენცია ყოველთვის დაგვიანებულია და მოცულობებიც არასწორადაა შერჩეული.

როდესაც ეროვნულმა ბაკმა დიდი ზარზეიმით გვამცნო „ბიმარჩ" ტერმინალის დანერგვის შესახებ, გამოვთქვით მოსაზრება, „ბიმარჩ" ტერმინალით რეგულატორი, უბრალოდ, „გაიპრავებს" ლარიის დიდი ნახტომებით გაუფასურება-გამყარების მოძრაობებს და ამის მაგალითს შემოდგომიდან ვიხილავთო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა და „ბიმარჩ"-ის ტერმინალმა ვერ უზრუნველყო, თავიდან აგვეშორებინა ლარის დიდი ამპლიტუდით მერყეობა. ეს კი აზარალებს ბიზნესს, მოსახლეობას და აჩენს ნეგატიურ მოლოდინებს ლარის კურსის მიმართ.

თუნდაც ზემოთმოყვანილი მაგალითებისა და ფაქტების საფუძველზე (სხვა მომენტებზე რომ აღა ვისაუბროთ), ცხადია, რომ ასეთი ფულადსაკრედიტო პოლიტიკის პირობებში ინტერვენციებს, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს და არც შედეგი ექნება.

აქვე, დავამატებ, რომ რეგულატორი საქართველოში ერთი „თავკომბალა" ინსტიტუტია, რომელსაც აბარია საბანკო, სადაზღვევო სექტორის, საბროკერო კომპანიების ზედამხედველობა, ასევე, ფასიანი ქაღალდების რეგულირების კომისიაც (რაც საერთოდ ნონსენსია). „დე ფაქტოდ" მისვე განკარგულებაშია საპენსიო ფონდიც, ვინაიდან სწორედ საბანკო სექტორის დეპოზიტებზეა სამართავად საპენსიო თანხები განთავსებული და სამევახშეო კაპიტალადაა ქცეული. არ შეიძლება, ერთ ინსტიტუტს ამდენი მაკონტროლებელი ფუნქცია ჰქონდეს. ამიტომ ეს საკითხი სასწრაფოდ გადასახედია!

ბიზნესსუბიექტებს შორის საქმიანი აქტივობები
ჯერ ერთი, ისედაც შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლები და აქტივობები. ასევე, ავღნიშნავ, რომ თავად მთავრობა აანონსებს წერტილოვან ჩაკეტვებსა და შეზღუდვებს, რაც ცალსახად ქმნის ცუდ მოლოდინს. ხედავს მოსახლეობა, რომ ვერც სამედიცინო სფეროში გვაქვს საქმე კარგად (კოვიდინფექციის გავრცელებას ვგულისხმობთ)- ამ კუთხითვერ გაზაფხულზე ეკონომიკის გაჩერებამ გაამართლა. ჯერ რა ეკონომიკა გვქონდა და ისიც რეცესიაშია, დაზარალდა.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი
აქ ყურადღება მისაქცევია შემოსავლებზე, დანახარჯებსა და სესხებზეც. ბიუჯეტის ხარჯვა, ფაქტიურად, უკონტროლოა. დღემდე ვერ გავარკვიეთ, სად წავიდა ის თანხები, რაც თუნდაც ბოლოს ვალად აიღო ქვეყანამ, რამდენად ყაირათიანად და მომჭირნედ დაიხარჯა? - ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან გვაქვს, რომ ორი დღის გახსნილ კომპანიებს ერიცხებოდათ სხვადასხვა მედიკამენტისა და ტესტის შესაძენად და ისიც - მაღალ ფასში. შემოსავლების მხრივ, ბიუჯეტში დეფიციტია და ნასესხები ფულით ივსება. ასეთი ინფორმაციები ნეგატიურად მოქმედებს ლარის კურსზე.

სგარეო ვაჭრობა
ამ კუთხით კარგად ვიცით, რომ გვაქვს უარყოფითი სალდო, ანუ იმპორტი 3 -4 ჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე - ექსპორტი, რაც ასევე, ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლის.

პოლიტიკური ფაქტორი
როდესაც არსებობს საშიშროება პოლიტიკური არასტაბილურობისა, ეს ფაქტორიც ძალიან სერიოზულად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე. პოლიტიკური არასტაბილურობის დროს ინვესტორი ცდილობს, არათუ შემოვიდეს ქვეყანაში და ჩადოს ინვესტიციები, არამედ, ისიც, ვინც უკვე შემოსულია, ცდილობს, გაიტანოს თავისი კაპიტალი ქვეყნიდან, რაც გამოიხატება იმაში რომ იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ეს კი ასუსტებს ეროვნულ ვალუტას. ამ მხრივ რა ხდება ჩვენთან? -ჯერ ის, რომ რეგიონში კარაბაღის პრობლემა და ომია, ღმერთმა ნუ ქნას, ისე წავიდეს საქმე, რომ რუსეთი ჩაერიოს ამ ომში, მაშინ საქართველოს 2007 წლის ხელშეკრულებით მოუწევს საქართველოს ტერიტორიაზე გაატაროს რუსეთის საჯარისო ტექნიკა და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ცალსახაა, რომ ინვესტიციების კუთხით, შემოსავლებში გვექნება ნული. ესეც რომ არ იყოს, ვხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოში არჩევნების შემდეგ, თუ არ დასტაბილურდება ვითარება, ესეც პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორში გადაიზრდება.

დასაქმებულთა რაოდენობა
რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით დადებითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის გამყარებაზე. ჩვენთან გვაქვს უმუშევრობა, რომელიც იზრდება. რეალურად, უმუშევრობის მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე „საქსტატს" აქვს გამოქვეყმენული (აქ არ გავჩერდები იმაზე, თუ რა მეთოდოლოგია აქვს „საქსტატს" უმუშევრობის დასადგენად), ესეც ეროვნული ვალუტაზე ნეგატიურად მოქმედებს.

აი, ეს ძირითადი და ძლიერი ფაქტორები მოქმედებს ვალუტის კურსზე. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია რეკომენდაცია და შენიშვნები, თუ რა მიგვაჩნდა სწორად, რა იყო გასაკეთებელი, მაგრამ ამაოდ. ჩვენი ყველა სიტყვა და რჩევა მიიღება კრიტიკად და აზრი დაბლოკილია ყველა დონეზე.

მშპ-ს მაჩვენებელი
მშპ-ს ზრდა მოქმედებს ვალუტის გამყარებაზე პოზიტიურად, შემცირება კი - ნეგატიურად. საქართვეოში აპრილის შემდეგ მშპ-ს მატება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ინვესტორმაც და საზოგადოებამაც იცის, რომ ყველაფერი ეს ვალების ზრდის პარალელურად ხდება. ამიტომ მხოლოდ ამ ფაქტორით მანიპულირება, რომ მშპ ციფრებში იზრდება, უხერხულია. შეგახსენებთ, რომ მშპ კარგა ხანია, არ გამოხატავს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯბესების პირდაპირ მაჩვენებელს. ეკონომიკის რეალური სიჯანსაღისა და რეალური ზრდის მაჩვენებელი მწარმოებლურობაა, ანუ დროის ერთეულში წარმოებული მომსახურეობისა და პროდუქციის რაოდენობა - რაც მეტიად იზრდება ერთი საათის განმავლობაში წარმოებული პროდუქცია და გაყიდული მომსახურეობა, მით კარგადაა საქმე. ჩვენთან ასეა?

მივმართავთ თხოვნით მთავრობას, გაიგოს და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკი ჩააყენოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში. ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები.
გარდა ამისა, იმისთვის, რომ ქვეყანამ დროულად სწრაფი ნაბიჯებით მიაღწიოს რეალური შემოსავლებისა და დასაქმების დონის ზრდას, ფინანსური და ტექნოლოგიური კაპიტალის შემოდინებისათვის საჭიროა, რეგულატორმა დააჩქაროს: ფინანსური ინსტრუმენტების სასწავლებლების შექმნა, ჩვენი საბანკო სექტორის მსოფლიო კაპიტალურ ბაზრებში ინტეგრაცია, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბება, რადგანაც ამ პოლიტიკით დღეისათვის არსებული მოდელი ქართველი ხალხის ფინანსური მდგომარეობის დამამძიმებელია და ცუდად უზრუნველყოფს ბაზრის მონაწილეების სტრატეგიულ დაგეგმარებას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ვალუტის გაუფასურება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ფაქტორის ბრალია, რაშიც გვარწმუნებენ, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი ფაქტორების უმრავლესობა წლებია, ნეგატიურად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაზე.

ნიკა შენგელია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი


 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა