ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს
ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა
„ძლიერმა საქართველომ“ ე.წ. პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევის პროცედურა
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს - რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს
თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა

ეველინ ფარკასი: თუკი საქართველოს ხალხს სურს, რომ მისი მთავრობა წინ აღუდგეს პუტინს, სწორედ ახლაა ამის დრო

06.10.2023 ნახვები: 983

"არაერთხელ ვნახეთ - როცა ჩვენ ვართ მტკიცენი, როცა ჩვენ ვამწვავებთ, ვლადიმირ პუტინი უკან იხევს" - ამბობს ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. რადიო თავისუფლება მას EPRC-ს მიერ ორგანიზებულ თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდა.

 

 

რადიო თავისუფლება: ხშირად გვესმის, რომ უკრაინელები მხოლოდ საკუთარ ომში არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან ევროპის მომავალისთვის, გლობალური თავისუფლებისთვის. საინტერესოა, თქვენგან მოვისმინოთ, როგორია ამ ომის აღქმა აშშ-ში - ისტებლიშმენტში, მოქალაქეებში. აშშ-ის მოქალაქის ყოველდღიურობის რა ნაწილია რუსეთის [მიერ წამოწყებული] ომი უკრაინაში?

თუკი უკრაინა დამარცხება ბრძოლის ველზე, ეს კატასტროფა იქნება და მეორე დღეს პრეზიდენტი პუტინი მიიტაცებს საქართველოს...

ეველინ ფარკასი: უპირველესად, გმადლობთ ამ საუბრის შესაძლებლობისთვის. ვიტყოდი, რომ პოლიტიკის მწარმოებლების, ექსპერტების, ისტებლიშმენტის, როგორც უწოდეთ, პერსპექტივიდან მკაფიო გაგებაა, რომ უკრაინა იბრძვის ყველა ჩვენგანისთვის და თუკი უკრაინა დამარცხება ბრძოლის ველზე, ეს კატასტროფა იქნება და მეორე დღეს პრეზიდენტი პუტინი მიიტაცებს საქართველოს, რომლის გაკონტროლებასაც ახლა რბილი ძალით ცდილობს; მიიტაცებს მოლდოვას. ის მიადგება ყველა ადგილს, სადაც შეეძლება რუსეთის იმპერიის ხელახლა შექმნა. შემდეგ ის მიადგება ნატოსაც, ვინაიდან იცის, რომ ნატო არის ერთადერთი პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს მას. ფაქტობრივად, კიდეც ვუპირისპირდებით - ჩვენი ფასეულობები მოითხოვს ჩვენგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის სხვა ნაწილში. ასე რომ, ეს ძალიან მკაფიოა ისტებლიშმენტისთვის.

რაც შეეხება ამერიკელ ხალხს, ნაწილს ესმის ეს, იცის ისტორია - როგორ ვიბრძოლეთ იმ ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც ახლა გვაქვს, რამაც გადაგვარჩინა მესამე მსოფლიო ომს; ჩარჩოსი, რომელიც კრძალავს სხვა ქვეყანაში შეჭრასა და საზღვრების ხელყოფას და გაძლევთ ამ საზღვრების დაცვის შესაძლებლობას, სანაცვლოდ კი უნდა უზრუნველჰყო ამ საზღვრების შიგნით ადამიანის უფლებების დაცვა და პატივი სცე შენი მეზობლების უფლებებს. ამერიკელები კი ხედავენ, რომ ვლადიმირ პუტინმა წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014-ში, რომელიც მათთვის ნაკლებად შესამჩნევი იყო, ვიდრე ომის ეს ბოლო ფაზა. მან მიმართა ჩეჩნეთისა და სირიის „სახელმძღვანელოებს“, რომელიც ამბობს: დახოცე მშვიდობიანი მოსახლეობა, მიწასთან გაასწორე ქალაქები და სოფლები, გააუპატიურე ქალები და კაცები, მოიტაცე ბავშვები და წაიყვანე რუსეთში. რასაკვირველია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახლა არის საქმე და ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი ასობით ბავშვის გატაცების გამო.

ამერიკაში ომის უახლესი გამოცდილება უკავშირდება ავღანეთს, სადაც ბევრი ქართველი ძალიან მამაცურად იბრძოდა ჩვენთან ერთად და ერაყს, სადაც ასევე იბრძოდნენ ქართველები ჩვენს გვერდით.

რადიო თავისუფლება: და ქალბატონ ლვოვა-ბელოვას მიმართაც...

ეველინ ფარკასი: დიახ და ცხადია, ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, როცა ლაპარაკია დანაშაულებზე, რომლებისთვისაც რუსეთს მოუწევს პასუხისგება. ამერიკელი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, როცა ადამიანის უფლებები ასე მასშტაბურად ირღვევა. მათ რომც არ ესმოდეთ ამის უკან არსებული ლოგიკა და საფრთხე, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ამან ჩვენამდეც მოაღწიოს (ვგულისხმობ იმას, რომ პუტინს თუ არ შევაჩერებთ, შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს რუსეთთან შებრძოლება), ესმით ის, რომ წინ უნდა აღუდგე უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტას.

რადიო თავისუფლება: თქვით, რომ შესაძლოა თავად მოგვიწიოს ბრძოლაო. გეშინიათ ომის. არის, თუ არა ომის შიში აქტუალური ამერიკის მოქალაქეებისთვის? ეს შესაძლოა, განსხვავებული იყოს ქართველების აღქმისგან.

ეველინ ფარკასი: ამერიკაში ომის უახლესი გამოცდილება უკავშირდება ავღანეთს, სადაც ბევრი ქართველი ძალიან მამაცურად იბრძოდა ჩვენთან ერთად და ერაყს, სადაც ასევე იბრძოდნენ ქართველები ჩვენს გვერდით. 15 წლის წინ საჭირო გახდა მათი გამოყვანა ერაყიდან იმის გამო, რომ საქართველო აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, გახსოვთ, დაბრუნება მოუწიათ.

რადიო თავისუფლება: დიახ, მახსოვს.

გულახდილად გითხრათ, არ მგონია, ამერიკელებს ბოლომდე ესმოდეთ, რამდენად საშიში ვითარებაა.

ეველინ ფარკასი: ამერიკელების უმრავლესობის მიერ ომის აღქმა ეფუძნება ჩვენს უახლეს ისტორიას. უფრო შორეული წარსულის ისტორია ბევრმა ჩვენგანმა მშობლებისგან და ბებია-ბაბუებისგან ვიცით და ძალიან შემაშინებელი ისტორიაა. თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, ამერიკაში არარეალისტურად გვეჩვენება და გვგონია, რომ ეს შეუძლებელია. ადამიანები კი არ იცვლებიან.

ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც გვიცავს, მაგრამ მას უტევენ, ძირში არყევენ ვლადიმირ პუტინი და განსხვავებული გზით - ჩინეთის პრეზიდენტი სი [ძინ პინი]. ასე რომ, ახლა ძალიან სახიფათო ვითარებაში ვართ. გულახდილად გითხრათ, არ მგონია, ამერიკელებს ბოლომდე ესმოდეთ, რამდენად საშიში ვითარებაა.

რადიო თავისუფლება: პირადად მე მეშინია გარკვეული სახის სამხედრო ესკალაციისა იმის გათვალისწინებით, რომ რუსი სამხედროები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ოკუპირებული აქვთ ამ ქვეყნის ნაწილი. რატომ გეკითხებით ამაზე: ამგვარ შიშზე თამაშობს მმართველი პარტიის ზოგიერთი პოლიტიკოსი ისეთი ნარატივებით, როგორებიცაა: „აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა“, თუ აშშ-ს არა, „გლობალური ომის პარტიას“. გუშინაც იყო კომენტარები ამ კონკრეტული ღონისძიების შესახებ, რომ მათ - „კრამერი იქნება თუ ვიოლა ფონ კრამონი“ - სურთ საქართველოს ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის გახსნა. ამ გზით ცდილობენ შიშის გრძნობაზე თამაშს. თუმცა, საკუთრივ ეს გრძნობა სავსებით ბუნებრივია ქართველებისთვის. ელჩმა [დენიელ] ფრიდმა განაცხადა ამ კონფერენციაზე, რომ ყველა, ვინც იცნობს საქართველოს ამბებს, გაგებით ეკიდება საქართველოს მოწყვლადობას და რომ არავის სურს საქართველომ საფრთხის ქვეშ დაიყენოს თავი. მან ამ ნარატივს ნონსენსი უწოდა. რა იქნებოდა თქვენი არგუმენტი ამ, როგორც ვთქვი, ძალიან ბუნებრივი შიშის მიმართ?

ვცდილობთ, ავუხსნათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ხალხს, რომ შესაბამისობაში უნდა იყვნენ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებთან - ეს არ არის ომში ბრძოლა...

ეველინ ფარკასი: ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის [წამოწყების] უდიდესი რისკი იქნებოდა სუსტი დასავლეთი და ის, რომ დასავლეთი არ დაუდგეს გვერდით უკრაინას; აგრეთვე სუსტი საქართველო და ის, რომ საქართველო არ დადგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე. ვლადიმირ პუტინი საკუთარი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას გამოიყენებს მაქსიმალურად შეზღუდულად. თუკი ის იფიქრებს, რომ მას არ უპასუხებენ, ის კვლავ გამოიყენებს სამხედრო ძალას და სრული ფრონტით შემოიჭრება საქართველოში. თუკი ის წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, აღარ იქნება მიზეზი, რატომაც არ იზამს იგივეს საქართველოში. შესაძლოა, მხოლოდ საკუთარი ძალების განახლების საჭიროებამ შეაყოვნოს. ასე რომ, ყველაზე საშიში ვითარება საქართველოსთვის დგება, თუკი რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს. ჩვენ ძალიან მონდომებით ვცდილობთ ავუხსნათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ხალხს, რომ შესაბამისობაში უნდა იყვნენ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებთან - ეს არ არის ომში ბრძოლა; შესაბამისობაში იყვნენ რუსეთის დიპლომატიური იზოლაციის პოლიტიკასთან, რუსეთის დაგმობის პოლიტიკასთან. ეს არ გამოიწვევს სისხლისღვრას. რუსეთი უნდა იყოს შერცხვენილი იმისთვის, რაც ჩაიდინა. გულახდილად რომ ვთქვა, ეკონომიკური სანქციების ფონზე საქართველო გამოიყენება როგორც არხი რუსეთისკენ საქონლის გასატარებლად, რომელიც იქ სამხედრო წარმოებაში გამოიყენება, ხელს უწყობს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ეხმარება ამ გენოციდურ საგარეო პოლიტიკას.

თუკი ომი ისევ გაჩაღდება, ეს მოხდება იმის გამო, რომ რუსეთი გადაწყვეტს ასე. არ დაგავიწყდეთ - რაც დაემართა უკრაინას, შეიძლება დაემართოს საქართველოსაც.

რადიო თავისუფლება: სხვათაშორის, გასულ წელს თქვენ გაგაკრიტიკათ პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა სანქციებზე მიერთებისკენ ამ ერთგვარი მოწოდებისთვის. მივუბრუნდები საქართველოს...

ეველინ ფარკასი: არ ვიცი რატომ უნდა გავეკრიტიკებინე, ვინაიდან, თუკი [საქართველოში] ომი ისევ გაჩაღდება, ეს მოხდება იმის გამო, რომ რუსეთი გადაწყვეტს ასე. არ დაგავიწყდეთ - რაც დაემართა უკრაინას, შეიძლება დაემართოს საქართველოსაც. ვლადიმირ პუტინმა ჩათვალა, რომ ვერ აკონტროლებდა უკრაინას, ვინაიდან ზელენსკი პოლიტიკურად ზედმეტად დამოუკიდებელი იყო და გადაწყვიტა ამ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება. საქართველოც საფრთხის ქვეშ იქნება, თუკი მთავრობა გადაწყვეტს წინ აღუდგეს პუტინს. ვერაფრით დაგეხმარებით გარდა იმისა, რომ გითხრათ - დიახ, თუკი რომელიმე მთავრობა შეეწინააღმდეგება პუტინს, მან შეიძლება სამხედრო მოქმედება წამოიწყოს. ახლა ის ამას არ გააკეთებს, რადგან სხვა ომშია, რომელშიც ვერც კი იმარჯვებს. მაგრამ, თუკი მოგვიანებით მოუნდება, შეძლებს ამას. და, თუკი საქართველოს ხალხს სურს, რომ მისი მთავრობა წინ აღუდგეს პუტინს, სწორედ ახლაა ამის დრო. მერე ძალიან გვიან იქნება.

რადიო თავისუფლება: კარგით, მოგვიანებით მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან თავად ახსენეთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მსმენელისა და მაყურებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია: რა მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში - სად იქნებიან საქართველოს პარტნიორები? ნათელია, რომ საქართველო მარტო ვერ შეძლებს თავის დაცვას.

თუკი საქართველოს მთავრობა დაიწყებს ყოყმანს ნებისმიერი სახის სამხედრო აგრესიის წინაშე, დასავლეთისთვის უფრო რთული იქნება დაუდგეს ქართველ ხალხს და დაიცვას საქართველო.

ეველინ ფარკასი: ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინამ ასე კარგად შეძლო თავის დაცვა, იყო ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მისი მთავრობის სუვერენიტეტი ჩააბაროს რუსეთს, კრემლს და განაცხადა, რომ ის აპირებდა ბრძოლას. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა მისი სიმამაცე, უკრაინის ხალხის სიმამაცე, ნება და განაცხადა - „ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ“. ყოველთვის შესაძლებელია მეტი გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი გულით, გონებით და ფინანსური სახსრებით, რომ დავეხმაროთ უკრაინას. თუკი საქართველოს მთავრობა დაიწყებს ყოყმანს ნებისმიერი სახის სამხედრო აგრესიის წინაშე, დასავლეთისთვის უფრო რთული იქნება დაუდგეს ქართველ ხალხს და დაიცვას საქართველო. ყველა ჩვენგანი, ვინც ამ კონფერენციაზე ვართ, ძალიან გვადარდებს საქართველო, ქართველი ხალხი. ბევრი ჩვენგანი იცნობს ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს სამხედროებთან ერთად მსახურობდნენ. ვიცით, რომ კარგი ხალხი ხართ და გვინდა საქართველომ აისრულოს თავისი ოცნება.

რადიო თავისუფლება: შემდეგი შეკითხვა, რაც ნებისმიერს გაუჩნდებოდა, ვინც ამ ინტერვიუს მოუსმენს, იქნებოდა - „მაგრამ, ეს ხომ მოხდა 2008-ში და საქართველომ დაკარგა [ტერიტორია]... დიახ, ის ომი დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, რომელიც არ სრულდება რუსეთის მიერ?“. და კვლავ, რა მოხდება განსხვავებულად რუსეთის მხრიდან შესაძლო მორიგი სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში? ჩვენ გვახსოვს აგრეთვე „გადატვირთვის ღილაკის“ მიდგომა რუსეთთან, აგვისტოს ომის შემდეგ წელიწადს. გამორიცხავთ ამას? თქვენ მსახურობდით ობამას ადმინისტრაციაში, მართალია, „გადატვირთვის ღილაკის“ შემდეგ, მაგრამ მაინც...

2008-შიც არ გვესმოდა. იყო მსხვერპლის დადანაშაულება, პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებდნენ, საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდნენ. არავისთვის იყო ხელსაყრელი სიმართლისთვის თვალის გასწორება.

ეველინ ფარკასი: მე მივედი „გადატვირთვის ღილაკის“ გადასატვირთად...

თუკი უსმენდით ბოლო დღენახევრის საუბრებს, ჩვენ ვილაპარაკეთ რა მოხდა 15 წლის წინ, დაშვებულ შეცდომებზე; იმ შეცდომებზეც, რომლებიც დაშვებული იყო 2014-ში, ვითარების არასათანადოდ აღქმის გამო. დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში ჩვენ ბოლომდე არ გვესმოდა რას აკეთებდა ვლადიმირ პუტინი - რომ ეს იყო ნეოიმპერიალისტური დაპყრობა, რომ მტკიცენი უნდა ვყოფილიყავით. 2008-შიც არ გვესმოდა. იყო მსხვერპლის დადანაშაულება, პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებდნენ, საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდნენ. არავისთვის იყო ხელსაყრელი სიმართლისთვის თვალის გასწორება. ეს ჰგავდა რუსეთთან ცუდ ქორწინებას.

რადიო თავისუფლება: ეს კარგი ფორმულირებაა - „არახელსაყრელი“...

ეველინ ფარკასი: დიახ, და გარკვეული დრო დაგვჭირდა მივმხვდარიყავით - „ღმერთო ჩემო, რუსეთი ცუდი მეუღლეა“ და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენი მეგობრებისა და მეზობლების დასახმარებლად. რეალობა ის არის, რომ იმ პოზიციიდან ახლა შორს ვართ. ნახეთ, რომ გერმანიის კანცლერმა - სოციალ-დემოკრატმა (!) განაცხადა, რომ გერმანიამ მიაღწია “შემობრუნების წერტილს“. ეს შემობრუნებები უკვე მუდმივია. ვიცით, ყოველთვის არის საფრთხე, რომ, თუკი კრემლში მოვა ვიღაც და კარგ რაღაცებს იტყვის, თავს წარმოადგენს როგორც არა-ნეოიმპერიალისტი, დასავლეთი იტყვის - კარგით, დავუბრუნდეთ ისევ ნორმალურ მდგომარეობასო. თუმცა, ვთვლი, რომ ახლა ბევრად მეტი ადამიანია მომეტებული საფრთხის მოლოდინის რეჟიმში, რომლებსაც ძალიან ეშინიათ მესამე მსოფლიო ომის სცენარის, რუსეთის მიერ შემდეგი იმპერიალისტური დაპყრობების. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს, კერძოდ აშშ-ში აღელვებს ის, რომ რუსეთის აგრესია შეიძლება იქცეს მისაბაძ მაგალითად ჩინეთისთვის, საუდის არაბეთისთვის, ირანისთვის - ყველა სხვისთვის, ვისაც აქვს იმპერიული, აგრესიული, ავტოკრატიული ტენდენციები. ჩვენ არ გვინდა ასეთი სახის საგარეო პოლიტიკის წახალისება, ასეთი მილიტარისტული, აგრესიულ-გენოციდური ქცევის წახალისება. გვსურს დავუბრუნდეთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვითარებას, როცა დავაწესეთ ჟენევის კონვენციებითა და გაეროს ქარტიის წესებით მართვა.

უმჯობესია, ადამიანებმა რაც შეიძლება მალე - ახლავე გააცნობიერონ, რომ ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ ნატოს დაპირისპირება რუსეთთან ან ჩვენი ჩართვა უკრაინის დაცვაში, ვინაიდან, არა მგონია ჩვენ შეგვეძლოს უკრაინის დაკარგვის უფლება მივცეთ თავს.

რადიო თავისუფლება: ბრძანეთ, რუსეთის აგრესიას ვუპირისპირდებითო და საკმარისად ძლიერად, ინტენსიურად, დროულად უპირისპირდებით - დასავლეთი მთლიანად, არა მხოლოდ აშშ?

ეველინ ფარკასი: ვთვლი, რომ გარკვეულ ეტაპზე შეგვაშინა ვლადიმირ პუტინის მიერ ესკალაციის შესაძლებლობამ. თუმცა, არაერთხელ ვნახეთ - როცა ჩვენ ვართ მტკიცენი, როცა ჩვენ ვამწვავებთ, ვლადიმირ პუტინი უკან იხევს. მაშინაც კი [იხევს უკან], როცა მისიანები - როგორიც პრიგოჟინი იყო - ამწვავებენ ვითარებას. როცა ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ჯგუფი მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, როგორ მოიქცა პუტინი? არ გაამწვავა ვითარება, უკან დაიხია. ორი თვე დასჭირდა, რომ ემოქმედა. იგივე მოხდა ყირიმთან დაკავშირებით: უკრაინელებს უთხრეს - ყირიმს თუ შეუტევთ, მოსკოვს თუ შეუტევთ, ესკალაციას გამოიწვევსო. მათ ეს ყველაფერი მაინც გააკეთეს. ვთვლი, რომ არ უნდა ვიყოთ შეკავებულები პუტინისგან, არამედ ჩვენ უნდა შევაკავოთ ის. უნდა შევაშინოთ ის იმით, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. მას უნდა ეშინოდეს ჩვენი მხრიდან ესკალაციის. ჩვენი მხრიდან ესკალაცია კი უნდა იყოს უკრაინისთვის მეტი სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური დახმარების მიწოდება.

რადიო თავისუფლება: საკმარისია ეს დახმარება?

ეველინ ფარკასი: თუკი ეს არასაკმარისია...

რადიო თავისუფლება: აქ დისკუსიაც იყო, ხუმრობასავითაც, იმის თაობაზე, რომ უკრაინა კონტრშეტევას აწარმოებს ცაში რაიმე უპირატესობის გარეშე. ამიტომ გისვამთ ამ შეკითხვას.

ეველინ ფარკასი: ამაზე მსურს ვთქვა.

რადიო თავისუფლება: დიახ, თუ შეიძლება.

ეველინ ფარკასი: ვთვლი, რომ კარგად მხედველ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის, მსოფლიოსთვის, რომ, თუკი ეს [დახმარება] არასაკმარისია, ლოგიკური გაგრძელება იქნება ის, რომ ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან უფრო პირდაპირი დაპირისპირება. ეს არავის უნდა. ჩემი აზრით, უმჯობესია ადამიანებმა რაც შეიძლება მალე - ახლავე გააცნობიერონ, რომ ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ ისეთი სცენარის განვითარება, რომელზეც ვილაპარაკე - ნატოს დაპირისპირება რუსეთთან ან ჩვენი ჩართვა უკრაინის დაცვაში, ვინაიდან, არა მგონია ჩვენ შეგვეძლოს უკრაინის დაკარგვის უფლება მივცეთ თავს.

მშვიდად და წყნარად ყოფნა რუსეთის არგაღიზიანებისთვის ჭკვიანურია, მაგრამ იმავდროულად ძლიერიც უნდა იყო: წყნარად და მშვიდად უნდა უზრუნველყო, რომ შენი შეიარაღებული ძალები მზად იყოს შეკავებისთვის და საქართველოს დასაცავად, თუკი იქნება მორიგი თავდასხმა...

რადიო თავისუფლება: საქართველოსნაირი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ან აქვს თუ არა აზრი... რატომ გეკითხებით ამას - არიან ადამიანები და არის ნარატივები, რომლებიც ასეთ მიდგომას უწყობს ხელს, რომ აზრი არ აქვს მეტის გაღებას თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ვინაიდან რუსეთი მაინც მოგვერევა. როცა ვკითხე აშშ-ის აწ უკვე ყოფილ ელჩს საქართველოს მთავრობის აქტიურობაზე აშშ-ის მთავრობისთვის საქართველოს საჭიროებაზე ინფორმაციის მიწოდების კუთხით (იცით, არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია), მან დილომპატიურად მიპასუხა, რაც დიდად ოპტიმისტურად არ ჟღერდა. ელჩმა განაცხადა: „ჩვენ მივყვებით საქართველოს მთავრობას... რისი გაკეთებაც კომფორტულია საქართველოს მთავრობისთვის ამ ძალიან რთულ ვითარებაში, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ“-ო. თქვენ თვლით, რომ აქვს აზრი [თავდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვას]?

ეველინ ფარკასი: ვთვლი, რომ საქართველოს ხალხის წინაშე ვალდებული ვართ, პირდაპირები ვიყოთ მათ მიმართ. თუკი მათი მთავრობა აცხადებს, არ ვართ დაინტერესებული რუსეთის მიმართ მედეგობის გაძლიერებითო...

რადიო თავისუფლება: არ ვიტყოდი, რომ უმრავლესობა ფიქრობს ასე, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ასე თვლის და არის ასეთი ნარატივებიც, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, წყნარად, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ბევრი არაფერი გავაკეთოთ თავდაცვისთვის...

ეველინ ფარკასი: ვეთანხმები, რომ მშვიდად და წყნარად ყოფნა რუსეთის არგაღიზიანებისთვის ჭკვიანურია, მაგრამ იმავდროულად ძლიერიც უნდა იყო: წყნარად და მშვიდად უნდა უზრუნველყო, რომ შენი შეიარაღებული ძალები მზად იყოს შეკავებისთვის და საქართველოს დასაცავად, თუკი იქნება მორიგი თავდასხმა, ვინაიდან, ცხადია, საქართველო თვითონ ვერ შეძლებს სამხედრო გზით რუსეთის მთავრობისა და ჯარის წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გააკეთოთ ის, რაც უკრაინამ გააკეთა და ის, რაც სინამდვილეში საქართველომ გააკეთა 2008-ში - თქვენ იბრძოლეთ. ვერ შეძელით რუსეთის ჯარის დამარცხება, მაგრამ ამაში არ იყო საქმე, არამედ იმაში, რომ იმდენად ხანგრძლივად მოგეხერხებინათ გაძლება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეძლებოდა ჩარევა, რაც მან გააკეთა, რომ მინიმუმ დაეცვა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ 20% ოკუპირებულია და ეს არის „დაჭრილი“ სუვერენიტეტი, მაგრამ მაინც შეინარჩუნეთ ის. ეს მოგცათ საერთაშორისო თანამეგობრობამ იმ რამდენიმედღიანი ბრძოლის სანაცვლოდ, რა დროსაც შესაძლებლობა მოგვეცა დაგხმარებოდით.

ჩვენ გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა - არ დავუშვათ არც ერთი შეცდომა. რამდენი ლაპარაკიც უნდა იყოს რუსეთსა და ჩინეთზე, ნომერ პირველ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალაუფლებას წარმოადგენს აშშ და ამას ახლავს დიდი პასუხისმგებლობა.

რადიო თავისუფლება: ერთი შეკითხვაც: აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში რა მასშტაბის საკითხია ომი უკრაინაში? რა ფაქტორია ის? რა ხარისხის მნიშვნელობა ენიჭება მას? ყველა დებატებში ხვდება ეს საკითხი, თუ როგორ არის წარმოდგენილი?

ეველინ ფარკასი: ისევე, როგორც ქვეყნების უმრავლესობაში, საგარეო პოლიტიკა [არჩევნებზე] არასდროს არის ნომერი პირველი საკითხი, თუკი, ალბათ, აქტიურად არ ხარ ომში ჩართული. აშშ-ის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეკონომიკური საკითხები უფრო მნიშვნელოვანია, განათლება, ჯანდაცვა - ასეთი საკითხები. საგარეოპოლიტიკურ ნაწილში, ალბათ, უფრო ფართოდ გავრცელებულია შფოთვა რუსეთის მოქმედებებზე, ვიდრე წინა საპრეზიდენტო არჩევნების დებატებზე. ანუ, უფრო აქტიური აღქმა და შეშფოთებაა ამ საკითხზე. ვფიქრობ, საგარეო ხარჯების საკითხი აქტუალური იქნება აშშ-ში: ულტრამემარჯვენე და ბევრი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატიც შეეცდება უკრაინის კონტექსტში ან უკრაინის კონტექსტის გამოყენებით საგარეო ხარჯების გამართლებას. ეს მაინცდამაინც სიახლე არ არის. ახალი ის არის, რომ ჩვეულებრივ მეინსტრიმული რესპუბლიკელი კანდიდატი ინტერნაციონალისტი იყო და არ ეწინააღმდეგებოდა თავდაცვის სფეროში საგარეო ხარჯებს. ეს იქნება ცოტათი სიახლე რესპუბლიკელების ნაწილში და ნაკლებად დემოკრატების მხარეს, ვინაიდან ახლანდელი პრეზიდენტი აწარმოებს უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას, ესაა მისი პოლიტიკა და დემოკრატი პოლიტიკოსებიც მას მისდევენ.

რადიო თავისუფლება: საჭიროა თუ არა ამ პოლიტიკის გაძლიერება საკუთრივ არჩევნებამდე აშშ-ში?

ეველინ ფარკასი: ჩვენ, ვისაც აშშ-ში გვადარდებს მსოფლიო და გვესმის როგორ ზეგავლენას ახდენს ის აშშ-ის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ კონსტრუქციულად იყოს ჩართული მსოფლიოში. ჩვენ გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა - არ დავუშვათ არც ერთი შეცდომა. რამდენი ლაპარაკიც უნდა იყოს რუსეთსა და ჩინეთზე, ნომერ პირველ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალაუფლებას წარმოადგენს აშშ და ამას ახლავს დიდი პასუხისმგებლობა. ხშირად ამერიკელებს გვაგრძნობინებენ, თითქოს რუსეთივით ან ჩინეთივით ძლიერები არ ვართ, რაც სასაცილოა. და, რა თქმა უნდა, ჩვენს ევროპელ და აზიელ მოკავშირეებთან ერთად საკმაოდ ძლიერები ვართ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისადაც უნდა მოვიქცეთ და თავდაჯერებულები ვიყოთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში მთელ მსოფლიოში, რომლებსაც სურთ თავიანთი დემოკრატიის დაცვა და თუ არ არიან დემოკრატიები, ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვაში და ვიმუშაოთ მსოფლიოს არადემოკრატიულ ქვეყნებთან ამის მისაღწევად.

რადიო თავისუფლება: ევროპაც იცვლება, უსაფრთხოების ტვირთის გაზიარების კუთხით. დიდი მადლობა.

ეველინ ფარკასი: გმადლობთ. იმედია, გამოსადეგი იყო.

 

რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა