თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს
ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა
„ძლიერმა საქართველომ“ ე.წ. პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევის პროცედურა
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს - რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს
თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა
გერმანიის დაზვერვა - რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

ლელა ჯეჯელავა: პრეზიდენტის ინსტიტუტს რეპუტაცია შეულახეს. ივანიშვილი რეპუტაციაშელახულებს უკეთ მართავს

20.10.2023 ნახვები: 997

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? რა გვაჩვენა გუშინდელმა დღემ? უამრავი შეფასება მოვისმინეთ, რას იტყვით თქვენ? ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის და პირადად სალომე ზურაბიშვილის მარცხი თუ გამარჯვება, როგორც თავად ბრძანა „პატარა კაცებზე“? როგორია თქვენი შეფასებები?

- მე ვერ გეტყვით, ვინ ვისზე გაიმარჯვა, ან რა იგულისხმება გამარჯვებაში. ის, რომ იმპიჩმენტი ვერ შედგებოდა, ეს თავიდანვე იყო ცნობილი, მაგრამ ის, რომ ამით დაზიანდა ყველა ინსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოსთან ასოცირდება, ეს თუ გამარჯვებაა, მაშინ გაიმარჯვა.

- კერძოდ, ვინ დაზიანდა?

- დაზიანდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც კონსტიტუციის დაცვის მოტივით მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. ასევე დაზიანდა მმართველი პარტია, მათ ვერ უზრუნველყვეს თავის მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა. მათ ძალიან შელახულ ნდობის რეპუტაციას საერთოდ შემოეცალა თუკი რამე ჰქონდა დარჩენილი. დაზიანდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. რაც არ უნდა იყოს, ახლა ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დამრღვევად არის ცნობილი. აბა რა გითხრათ, ვინ გრძნობს თავს გამარჯვებულად? ალბათ ის, ვის მიზნებშიც სახელმწიფო ინსტიტუციების დაზიანება და მისი სრულად ამოძირკვა შედიოდა.

- ქალბატონო ლელა, ბრძანებთ, რომ ისედაც იცოდა „ოცნებამ“, რომ ვერ მოაგროვებდა იმპიჩმენტისთვის საკმარის ხმებსო. მაშინ რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი? რა საჭირო იყო ასეთი სანახაობის მოწყობა?

- ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ხელისუფლების არაფორმალური მმართველის მართვის სტილი არის ასეთი, მაქსიმალურად შეულახოს ადამიანს, სახელმწიფო ინსტიტუციას რეპუტაცია და მერე ამ რეპუტაციაშელახულს მისცეს საშუალება, რომ კვლავ იყოს ხელისუფლებაში. თქვენ ხომ გახსოვთ, გახარიასთან დაკავშირებით რა გააკეთა ივანიშვილმა? შს მინისტრი, რომელმაც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა 20 ივნისთან დაკავშირებით და როდესაც ყველა მის გადადგომას მოითხოვდა, ამ დროს დანიშნა პრემიერ-მინისტრად. ის რეპუტაციაშელახულებს უკეთ მართავს.

- ანუ ბიძინას თამაშია ეს ყველაფერი?

- მე არ ვიცი თამაშია, გართობაა თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ყველანი ვაკეთებდით ერთი და იგივე შეფასებას, რომ ეს იყო ცირკი, წარმოდგენა, მთელი თვე-ნახევარი ამ საცირკო წარმოდგენით იცხოვრა მთელმა ქვეყანამ. რადგან თავად ვაღიარებთ ყველანი, რომ საცირკო წარმოდგენის მონაწილეები გვყავს, ეტყობა, არის მთავარი მომთვინიერებელი, ბატონი ბიძინა და მას ეს ფუნქცია აქვს შეთავსებული და ამ ფორმით გვათვინიერებს სუყველას.

- ქალბატონო ლელა, საუბრობენ იმაზეც, რომ ბიძინა ივანიშვილმა, მიზანმიმართულად მიაყენა ზიანი ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. თქვენ ასე განიხილავთ ამ საკითხს?

- მიზანმიმართულად მიაყენა თუ არ მიაყენა, ფაქტი ერთია, კობახიძე და მისი გუნდი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებდა, ბიძინა ივანიშვილთან თანხმობის გარეშე. ეს ხალხი ბიძინას გარეშე, სიზმარსაც ვერ ხედავს ღამე. ფაქტია, რომ ეს პროცედურა მასთან შეთანხმებით იყო დაწყებული. ბიძინას რომ არ უზრუნია, ჰქონოდა იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები, ფაქტია ესეც. თუ ამ პროცედურის ინიციატორები მიზანს ვერ მიაღწევდნენ ბოლომდე, ცხადია, მათი რეპუტაცია დაზიანდებოდა. ეს რომ უნდა სცოდნოდა, ამასაც ვერ გავექცევით. ამიტომ ესეც მიზანმიმართულად გააკეთა. ანუ ყველაფერი იყო მის სტილში, ვგულისხმობ ივანიშვილს. როგორც ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს წამოაძახა, რომ კოჭლი იხვი იქნება ამიერიდანო, ანუ ამოცანა ეს იყო, სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, მისდგომოდა ჩრდილი. რაც არ უნდა იყოს, უმაღლესმა სასამართლო ორგანომ მას ბრალი დასდო კონსტიტუციის დარღვევაში. ამიტომ, გვინდა არ გვინდა, ჩრდილი მიადგა პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, თანაც დადასტურებულად. აქედან გამომდინარე, თუ სალომე ახლა არის კოჭლი იხვი, კობახიძე და ღარიბაშვილი, რომელთაც წამოიწყეს ეს იმპიჩმენტის პროცედურა, საერთოდ უფეხო იხვები არიან.

- რას იტყვით იმ ვერსიაზე, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის და ზურაბიშვილის ერთობლივი თამაშია?

- რასაკვირველია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ზოგადად გვიყვარს ჩვენ კონსპირაციული თეორიები. თითქოს ისე ყველაფერი სახეზე არ გვქონდეს. ასეც რომ იყოს, რეალობა ხომ ერთია? რომ განხეთქილება აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საპრეზიდენტო ხელისუფლებას, ასევე საპარლამენტო ხელისუფლებას და საპრეზიდენტო ხელისუფლებას შორის, სახეზეა. მართვის სტილი - გათიშე და იბატონე, ბიძინა ივანიშვილს არ მოუგონია. მასზე უფრო ადრე, მასზე ბევრად ჭკვიანმა ადამიანებმა თქვეს.

- ახლა რა მოცემულობა გვაქვს?

- პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ მას ვერ შეაშინებენ და მისთვის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა და ის ამ გზაზე იქნება ურყევი, ფაქტია, რომ მან ამ გზაზე უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები. დარწმუნებულები ვართ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მას არ მისცემს არც ვიზიტების უფლებას და არც სხვა ტიპის კომუნიკაციის უფლებას. ანუ ჩვენ სახეზე გვაქვს ღია დაპირისპირება. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქამდე იყო უფუნქციო პრეზიდენტი, ის ხდება პერსონა, პოლიტიკური გავლენების მქონე, უკვე ქვეყნის შიგნით. თუ ის აგრძელებს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლას, მას ამ ბრძოლაში ეყოლება მოკავშირეები როგორც პოლიტიკური პარტიების, ასე პერსონების სახით.

- რამდენად ვიხილავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახით ახალ ოპოზიციონერ ლიდერს? ასე უყურებთ თქვენ ამ საკითხს?

- მე კი არ ვუყურებ ასე საკითხს, მოცემულობა შეიქმნა ასეთი. სალომე, რომელიც არის უკვე კონფრონტაციაში, როგორც აღმასრულებელ, ასევე საპარლამენტო ხელისუფლებასთან, რომელიც ვერასოდეს ვერ მიიღებს თანხმობას ხელისუფლებისგან, ვერც ერთ მის შემდგომ ნაბიჯზე, აბა სხვა რა დარჩენია? გარდა იმისა, იბრძოლოს მისთვის ხელშესახები სხვადასხვა მეთოდით. სახლში ჯდომის და მშვიდად პრეზიდენტობის გალევის გეგმა რომ ჰქონოდა, მაშინ, როგორც აქამდე იყო დამჯერი პრეზიდენტი, ისე იქნებოდა ბოლომდე.

- ანუ არსებობს რაღაც გეგმა?

- რასაკვირველია. რომ არ არსებობდეს, მაშინ ეს ყველაფერი იქნებოდა სიგიჟე.

- ეს გეგმა რამდენად შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში?

- ბიძინას ინტერესში რომ არ შედიოდეს, რეალურად არც არაფერი არ იქნებოდა. მას აქვს ბერკეტები საიმისოდ, რომ რაც მას არ უნდა, ის არ ხდებოდეს. კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია შედის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში. ამ შემთხვევაში, უფუნქციო პრეზიდენტი თავის თავზე იღებს ფუნქციას, რომ იქნება ამ ქვეყნის მოსახლეობის, თანაც აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გამტარებელი. თუნდაც ბიძინასთან თანხმობით ხდებოდეს ეს ყველაფერი, მე მაინც ვთვლი, რომ ეს პოზიტიური მოვლენაა, თუკი ივანიშვილს კიდევ აქვს იმის მანევრის საშუალება, რომ საქართველო მთლიანად არ მოწყდეს ევროპულ კურსს.

- ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა პროკურატურა. ეს საით მიანიშნებს, აშანტაჟებენ პრეზიდენტს?

- კი, აშანტაჟებენ და პრეზიდენტმა უთხრა, ვერ შემაშინებთო. ახლა რაც უფრო მეტად დაემუქრებიან სალომეს, რაც უფრო მეტად შეუშლიან ხელს და აუკრძალავენ ელემენტარულ რაღაცებს, მით უფრო მეტად გაზრდიან მის გავლენებს ქვეყნის შიგნით. ეს არის აქსიომა.

- თუკი გადაწყვეტილია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა გახდეს ოპოზიციური ძალის ლიდერი, როგორ ფიქრობთ, ის ვადის ამოწურვამდე ხომ არ დატოვებს თანამდებობას?

- ყველაფერი შესაძლებელია. ხოლო როცა პროკურატურასა და სისხლის სამართლის დევნაზე საუბრობს უმრავლესობა, კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ სალომე არის საფრანგეთის მოქალაქე. სალომე არ არის ვიღაც, ვისაც ასე მარტივად მიიყვანენ პროკურატურაში. ხელისუფლება ამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაღაცა პროცესი მუდმივად არსებობდეს და ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყოს ამ თემისკენ. არის მცდელობა, გაცილებით მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღება გადავიტანოთ ასეთ თემებზე. ხელისუფლება გვიქმნის დღის წესრიგს, რომელზედაც ჩვენ მუდმივად ვართ რეაგირების რეჟიმში და ამიტომ ვერც ვერასოდეს ვერ ვქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ესაუბრა: ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა