„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.
- ქალბატონო ლელა, ვისმენთ შეფასებებს რომ ოპოზიცია ბოლო პერიოდია ძალიან აიჭრა. კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ, იმის მაგივრად, რომ ერთსულოვნება აჩვენონ ამომრჩეველს, პირიქით, აბნევენ და შიდა გარჩევებზე არიან გადასული. ცალკე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რა ხდება, რა ჭირს ოპოზიციას?
- ხდება ის, რომ როცა არ იცი და ვერ იგებ, რა გინდა, მერე, საბოლოო ჯამში, გვაქვს ეს გაუგებრობა. რა გითხრათ, აბა? მე პირადად მართლა ვერ გავიგე, რას იყოფს ნაციონალური მოძრაობა და რას აძლევს ეს თავად პოლიტიკურ ლიდერებს ან პარტიას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესს. იცით რაშია საქმე? თუ ნაციონალურ მოძრაობას ჰგონია, რომ ის, რაც მათ პარტიაში ხდება, არის მარტო მათი პრობლემა, ეს ასე იქნებოდა, რასაკვირველია, რომ არ იყოს წინასაარჩევნო პერიოდი. ახლა ყველაზე დიდი და მსხვილი ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნოდ გადასულია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, რადგან ახლა რაც იქ ხდება, სწორედ რომ თვითლიკვიდაციას ჰგავს.
- სხვა პარტიებს მოუწოდებდნენ შემოგვიერთდით, ჩვენ ვართ მსოფლიოს ჭიპიო და ასეთი დამოკიდებულება, სულ ცოტა, უხერხულია არაა?
- ცხადია, უხერხულია. მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ მართლა არ მესმის, რა პროცესია ახლა ეს. თუ პარტია არის შენთვის მიუღებელი და ის პროცესები, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს და შიგნით უკვე აღარაფერი აღარ ხერხდება, მაშინ არის ერთი გამოსავალი, პარტია უნდა გაიყოს! სხვა გამოსავალი არ არის, სხვაგვარად ეს პარტია, ამ მდგომარეობაში არჩევნებამდე ვერ მიაღწევს, გამორიცხულია.
- სააკაშვილის ამომრჩეველმაც დააბნია მათივე ამომრჩეველი, ჯერ გაიგეს, რომ თითქოს ნიკა მელია გააკრიტიკა და მას შეუტია, შემდეგ შეიცვალა განცხადება და ნიკა მელიას დიდ პატივს ვცემ და ის არ მიგულისხმიაო. აბა ვინ იგულისხმა? ან ვის შეაქვს მასთან ინფორმაციები?
- ვერ გეტყვით, რა ხდება ნაცმოძრაობის შიგნით. ერთს კი ნამდვილად ვხედავ, რომ კომუნიკაცია ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელთან და მის ერთ-ერთ ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნამდვილად არასწორია. თუნდაც სააკაშვილის გზავნილები, რომელიც ხალხთან გამოდის, ის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშნებს და არ უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, ნამდვილად მიშამ დაწერა თუ სხვამ დაწერა.
- როგორც ვიცით, ამ ტექსტებზე პასუხისმგებელი სოფო ჯაფარიძეა. ისაა სააკაშვილის წარმომადგენელი და ყველა გზავნილს ის აჟღერებს.
- მე მართლა არ ვიცი, ვინ არის კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი. ან საერთოდ სოფო ჯაფარიძის ფუნქცია როგორია ამ პარტიაში. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. მე ერთი ვიცი, რომ ეს სტრატეგია არის აშკარად დამაზიანებელი თავად პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვისაც. არ შეიძლება, რომ მისი გზავნილების მუდმივად კორექტირება ხდებოდეს. ეს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მასაც, პარტიასაც და, უბრალოდ, მტერს ახარებს, ხოლო მათ გულშემატკივარს ძალიან დიდ გაუგებრობაში აგდებს. სანამ ნაციონალური მოძრაობა პარტიის შიგნით არ მოაგვარებს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემას, რომელიც აშკარად აქვთ და რაც არ უნდა მალონ, ჭირი თავს თვითონ არ მალავს, მანამდე რაიმე სერიოზულ ბრძოლაზე საუბარი „ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, ლაპარაკიც ზედმეტია! ნაციონალური მოძრაობა ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ ის ამ ეტაპზე რომ საჭიროა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, ამაში ორი აზრი არ არის. როდესაც პარტია ამ მდგომარეობაშია, ის ვერც თავის თავს შველის და ვერც საერთო პოლიტიკურ პროცესს.
- რამდენიმე ფრთადაა პარტია გაყოფილი, ცალკეა ხაბეიშვილი და ახალი მენეჯმენტი, ცალკე ნიკა მელია და მისი გუნდი და ამას ემატება სოფო ჯაფარიძე, რომელიც სააკაშვილის დავალებებს ასრულებს.
- ეს პოლიტიკური პარტია იმდენად დეზორიენტირებული და დაბნეულია, რომ ურთიერთგამომრიცხავ მესიჯებს ავრცელებენ. ნიკა მელიას მომხრეები წერენ, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან არაფორმალური მმართველები, მერე იგივე ჯგუფი წერს, რომ ვანო მერაბიშვილი პროცესებს ჩამოაშორეს. ეს კეზერაშვილი ხომ საერთოდ მითოლოგიურ ფიგურად იქცა. მე რამდენადაც ვიცი, ის არასოდეს არ ყოფილა შორს, არც ნაციონალური მოძრაობისგან და არც პოლიტიკური პროცესებისგან. საერთოდ, ნაცმოძრაობა აქამდე რომ მოვიდა, გარკვეულად ამ ადამიანის დამსახურებაცაა. მოკლედ, დიდი არეულობა აქვთ. გარედან კი ყველაფერი ასე იკითხება, რომ ეს არის ბრძოლა შიგნით გავლენებისთვის.
- და რაც დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, „ოცნებაც“ ბედნიერი იქნება.
- რასაკვირველია. ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ამ გავლენებისთვის ბრძოლაში და ვისაც ახლა ეს მიაჩნია მნიშვნელოვნად, თუ ვის ექნება პარტიაში გავლენა, ის ან პოლიტიკური თვალსაზრისით უნარშეზღუდულია და ვერ იაზრებს რა შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერმა პარტიას, ან უბრალოდ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მას სხვა მოტივები ამოძრავებს.
- ბევრს საუბრობენ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაზე და თქვენც ამას გულისხმობთ?
- დღეს არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რომელიც ბოლომდე გააქარწყლებს იმ ეჭვს, რომ ვიღაცები „ოცნების“ თამაშს თამაშობენ. არ არსებობს ასეთი არგუმენტი. გადამწყვეტ ბრძოლაში, ბრძოლა გამოუცხადო შენს საკუთარ პარტიას და არა მტერს, არ ვიცი, ამაზე რა უნდა ვთქვა. რა მიზანი აქვთ? ამით რას მიაღწევენ? ეს მიზანი რომ არ არის არც პარტიის გამარჯვება და არც ხელისუფლების დამარცხება, მე ამას ნამდვილად ვხედავ. თუ ასე გააგრძელა ნაცმოძრაობამ, მას „ქართული ოცნება“ კი არა, კუკავას პარტიაც დაამარცხებს.
- რას იტყვით დანარჩენ ოპოზიციაზე? გახარიას გუნდი ჯერჯერობით უარყოფს, მაგრამ კულუარულად აქტიურად საუბრობენ პრეზიდენტთან ალიანსზე. შეიქმნება პრეზიდენტის ინიციატივით ან მის გარშემო ახალი გაერთიანება?
- კულუარებში რა ხდება, ეს არ ვიცი, პროცესებს გარედან ვუყურებ. პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომელიც ეხებოდა სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებისთვის მზადებას და ამაზე ხაზგასმას, მე ეს მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პრეზიდენტი რაღაცა ფორმით აუცილებლად იქნება პოლიტიკურ პროცესში ჩართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას დასჭირდება პოლიტიკური პარტნიორები. ვინ იქნება პოლიტიკური პარტნიორი, გახარია თუ კიდევ სხვები, ამას დრო გამოაჩენს. თუმცა, ფაქტი სახეზეა, რაღაცა ტიპის, ახალი პოლიტიკური პლატფორმის ფორმირება შეიძლება მოხდეს, რაც არ იქნება ცუდი. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა პროცესებიც მიდის ახლა ნაციონალურ მოძრაობაში. ვხედავთ, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, გაძლიერების ნაცვლად, წინასაარჩევნოდ სუსტდება და სუსტდება ისევ და ისევ საკუთარი ძალისხმევით. ამიტომ კიდევ ერთი ახალი პლატფორმა თუ იქნება და ისეთი პოლიტიკური ფიგურით ფორმირებული, როგორიც არიან ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, ეს გახლავთ გახარია, ქალბატონი სალომე თუ სხვები, ეს კარგია და „ოცნების“ ამ კონკრეტული მმართველი ძალის დამარცხებას ხელს შეუწყობს.
- დაუშვებს ამას ბიძინა ივანიშვილი?
- ეს არანაირად არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მარცხი. მე არა მგონია, რომ ამ ჯგუფებს ბიძინა ივანიშვილთან ბევრი რამ ჰქონდეთ გასაყოფი და გასარკვევი.
- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ინტერესშიც არის, რომ ასეთი ძალა შეიქმნას?
- თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ბუნებრივია, როგორც ქვეყანას, ისე ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სჭირდება სხვა ტიპის პოლიტიკური კონფიგურაცია და ის ამაზე იზრუნებს აუცილებლად.
- „ოცნება“ უკვე წამგებიანი ხდება?
- რასაკვირველია. „ოცნების“ ეს მმართველი გუნდი, თავისი ბნელი დანამატებით, "ხალხის ძალა" რომ ჰქვია, მისთვის აღარ არის მომგებიანი. ამიტომ ბიძინას სჭირდება ახალი სათადარიგო "აეროდრომი", რომელსაც ის ნელ-ნელა უკვე იმზადებს.
ესაუბრა: ნონა ცაბაძე
ახალი თაობა