საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა!
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს ისტორიული ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
ფაქტები
- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა.
- 1960 წლიდან დღემდე ევროპის ყველა ჩემპიონატზე იყო მინიმუმ ერთი დებიუტანტი. ევრო 2024-ზე საქართველოს გასვლის შემთხვევაში ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდებოდა. ჩვენი გუნდის გარდა პლეი ოფში მოთამაშე დანარჩენ 5 გუნდს და უკვე საგზურის მფლობელ 21-ს მინიმუმ ერთხელ მაინც უასპარეზია ევროპირველობაზე.
- 26 მარტის ფინალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან 2 ფრე და 7 წაგება ჰქონდა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს, თავად კი მე-9 წუთზე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ ფოტის იოანიდისმა შეტევის დაგვირგვინება ვერ მოახერხა. ორ წუთში ჩვენი გუნდის მიერ გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ კარის წინ ლაშა დვალი გაიხსნა და გატანა შეეძლო, მაგრამ ახლოდან თავური დარტყმა კარს ააცილა.
უპირატესობა საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, ბურთს აკონტროლებდა და უფრო მეტად უტევდა. თუმცა, პოლონელი არბიტრის საქციელი ზოგჯერ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან ქართველ ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიასთან უხეშობაზე თვალებს ხუჭავდა. ხვიჩას ციმიკასმა სახეში იდაყვი მაგრად მოარტყა, მაგრამ სტუმართა მიმართულებით ჯარიმაც არ დაინიშნა.
საქართველოს ნაკრები შეტევების წამოწყებას ახერხებდა, რომლის განვითარება და გამწვავება მეტოქის მკაცრი პრესინგის პირობებში უჭირდა. ამის გამო, გიორგი ქოჩორაშვილმა შორიდან სცადა კარის აღება, მაგრამ მიზანს ააცილა.
45-ე წუთზე სახიფათო მომენტი საჯარიმოს შესრულების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ შექმნა – ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიეგრია, რასაც კიდევ ერთი მწავევე შეტევა მოჰყვა, მაგრამ კვირკველაის დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.
ტაიმის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და გეორგიოს მასურასის კონფლიქტში სათადარიგოები ჩაერთვნენ და არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენ სტუმართა სამწვრთნელო სტაფის წევრს და გიორგი ლორიას, ხოლო რამდენიმე მოთამაშეს – ყვითელი ბარათები.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე განხორციელებულმა შტურმმა „ჯვაროსნებზე“ კარგად იმოქმედა და მეორე ნახევარი უფრო თამამად დაიწყეს. თუმცა, ბერძნები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ. დაძაბული მეორე ტაიმი უგოლოდ დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
პირველი დამატებითი დრო სტუმრებმა უკეთ დაიწყეს. სახიფათო იყო ტასოს ბაკასეტასსი დარტყმა, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა კუთხურზე მოიგერია. კონსტანტინოს მავროპანოსმა კი სტანდარტულის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.
დამატებულ დროში შესანიშნავი შანსი შექმნა მიქაუტაძემ, რომელმაც გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ მცველი ჩაუდგა და დავითაშვილი მოძებნა საჯარიმოში, რომელსაც მეკარემ ურთულესი დარტყმა აუღო და სტუმრები გადაარჩინა.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
1tv.ge