თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევის გაუქმებასაც გამოეხმაურა და ამ ფაქტს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა უწოდა, რომელსაც ყოფილი დიპლომატის განმარტებით, ოფიციალური ვაშინგტონი არასდროს უკეთებს მთავრობას, რომელსაც მეგობრულად მიიჩნევს.
აშშ- საქართველოს ურთიერთობის რა განვითარებას ხედავს, რა ესახება შემობრუნების წერტილად და რამდენად რეალურად მიიჩნევს, საქართველოს იზოლაციის საკითხს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ვრცლად ინტერვიუში.
- შესაძლოა უკვე ინფორმირებული იყოთ, რომ ნიუ-იორკში ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართულ დელეგაციას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსაწვევი გაუუქმა. მსურს გკითხოთ, დიპლომატიის ენაზე, რა მესიჯია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ? რა დასკვნები უნდა გამოიტანოს აქედან საქართველოს მმართველმა ძალამ?
- ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, უპრეცედენტოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვუკეთებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით.
- ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას მოჰყვა განმარტება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთების გამოძახილი. იქამდე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა, სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ პირთა სია გააფართოვა, ვისაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდება. ამ კონტექსტში მსურს გკითხოთ, საბოლოო ჯამში, საით მიდის საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. პროცესების რა განვითარებას ელით?
- თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება. იმის გამოხატვაც კი მიჭირს, რამდენად დამაზიანებელი იყო მსგავსი რიტორიკა ჩვენი ურთიერთობისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები განაგრძობენ ტყუილის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ომის მსგავს ზრახვებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ უარვყავით, რომ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ შეურაცხყვეს მაღალი თანამდებობის პირები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ნეგატიურად ვრეაგირებდით . არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ტყუილისა და შეურაცხყოფის შემწყნარებელი.
- თავის მხრივ ხშირად ვისმენთ საქართველოს მთავრობის მეთაურისგან ასეთი სახის განცხადებას, რომ თუ აშშ-ის ხელისუფლება განაგრძობს შეზღუდვების დაწესების გზით სვლას, საქართველოს ხელისუფლებაც გადახედავს აშშ-სთან ურთიერთობის გარკვეულ პოზიციებს. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ იქამდე მივალთ, რომ ოფიციალური თბილისიც გადახედავს ორმხრივ ურთიერთობას?
- თუ საქართველოს მმართველი პარტია დაუბრუნდება დასავლურ გზას, მაგალითად „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებით და იმგვარი დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციით, რომლებიც ევროკავშირმა შესთავაზა, აღარ იქნება მეტი შეზღუდვა არც ვაშინგტონიდან და არც ბრიუსელიდან. ვიმედოვნებ, რომ ისინი არ გადახედავენ თავის ურთიერთობას ჩვენთან ნეგატიური მიმართულებით, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება.
- საქართველო ძალიან მნიშვნელოვან თარიღს - საპარლამენტო არჩევნებს უახლოვდება. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ იმ ნაბიჯების მიზანი, რომლებიც აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით უკანასკნელ პერიოდში გადაიდგა, არჩევნებზე გავლენის მოხდენა და ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებაა. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ მოსაზრება, რომ აშშ საქართველოში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს? და რა შეიძლება იყოს ვაშინგტონის რეალური ინტერესი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ?
- ჩვენ ცალსახად არც ერთი პარტიის ადვოკატირებას არ ვეწევით. არც ერთი გარე ძალა არ უნდა ერეოდეს ქართველი ხალხის შესაძლებლობაზე თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება არჩევნების გზით. სწორედ ეს არის გზა სტაბილური და ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებისკენ. სწორედ ამიტომ, ყველას ინტერესშია, რომ ეს არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
- აქვე გკითხავთ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დიდი წილი „ომის კამპანიაზეა“ აგებული, უფრო კონკრეტულად, მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ომში ჩაერთვება. რამდენად შეიძლება არსებობდეს საფუძველი ვარაუდისთვის, რომხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნება და ქვეყანა ომში აღმოჩნდება?
- ღმერთმა დაგვიფაროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი სახის ბრალდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.
- ბოლო კითხვა მსურს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში დაგისვათ, თუმცა იქამდე გკითხავთ, მოახლოებული არჩევნების ფონზე, რა იქნება თქვენი სათქმელი ერთი მხრივ ქართული საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ? რა საკვანძო გამოწვევებს ხედავთ, რასაც მიიჩნევთ, რომ ყველა მხარემ უნდა დაძლიოს ?
- იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ღია საარჩევნო პროცესს როგორც არჩევნების წინ, ისე უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას. ასევე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია სამართლიან კონკურენციაში ჩაერთვება თავისი შეხედულებების საზოგადოებისთვის წარდგენით. ყველაზე მეტად მოვუწოდებ ყველა ქართველს გამოიყენონ ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება.
- და ბოლოს, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, თუ საქართველოში ვითარება გაუარესდება, ევროკავშირი მზად არის გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი, მათ შორის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება. ცხადია, იცით, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან წევრობის შესახებ მოლაპარაკების პროცესიც შეაჩერა, როგორ ფიქრობთ, იკვეთება თუ არა საერთაშორისო იზოლაციის ტენდენციები?
- იზოლაციასა და ჩართულობას შორის არჩევანის გაკეთება ბევრი ქვეყნის წინაშე დგას, მათ შორის ჩემი ქვეყნის. იმედი მაქვს, რომ ჩართულობა გაიმარჯვებს. რაც არ უნდა იყოს შედეგი, საქართველოსთან ურთიერთობის ჩვენი პრიორიტეტი არ შეიცვლება - მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ჩართულობისა და დემოკრატიული ერების საზოგადოებაში ინტეგრაციის მისწრაფებას და ამგვარად მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვებას.
სალომე აბულაშვილი