"საპატრიარქო "შავი გაგებით" და ქურდული წესებით მუშაობს!"
"ქურდულ სამყაროში სიმართლის დამტკიცება უფრო შესაძლებელია, ვიდრე საქართველოს საპატრიარქოში!"
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „მშვიდობით და ღირსეულად" მივყავართ რუსეთისთვის ჩასაბარებლად! ახლა რაც შემოგვაპარეს, ეს „ოცნების“ ბაბლს აბსოლუტურად კანონზომიერად მიაჩნია"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პროცესებს? ჯერ იყო და პუტინის გვერდით გამოჩნდა კობახიძე და ახლა პაპუაშვილი აცხადებს, მზად ვართ, რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზებისთვისო. მოიხსნეს ნიღაბი და პირდაპირ განაცხადეს, რა არის მათი მიზანი?
- ჩვენ ამაზე ხომ ვსაუბრობდით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მშვიდობით მივყავართ რუსეთისთვის ჩასაბარებლად! ახლა რაც შემოგვაპარეს, ეს „ოცნების“ ბაბლს აბსოლუტურად კანონზომიერად მიაჩნია. აი ასე, „მშვიდობით და ღირსეულად“ მივყავართ ჩასაბარებლად, ომისა და გასროლის გარეშე. ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეთ და ამ საკონსტიტუციო უმრავლესობით 78-ე მუხლი გააუქმონ, ნეიტრალიტეტზე ისაუბრონ და ათასი სისულელე მოიგონონ, ეს კიდევ ცალკე თემაა. თუმცა, ერთი ნიშანდობლივი მომენტი ნამდვილად იყო...
- რას გულისხმობთ?
- აი ამ დონის გამოჩენებს, კობახიძის ვიზიტს ვგულისხმობ და ამ განცხადებებს. ნახეთ, რა დონის ფიგურით გამოეხმაურა რუსული მხარე? საგარეო საქმეთა სამინისტროს, დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, ვინმე მიხაილ კალუგინმა, რუსულ მედიას უთხრა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართულიო. იმ პირობით, რომ ის, რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში ხურდა ფული არ იქნებაო. აქამდე ხურდა ვყოფილვართ და ახლა ვიქნებით რუსული რუბლი. აი ამაზე მიდის საუბარი. მტერი, ოკუპანტი რომ შეგაქებს და იტყვის, თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს ავლენსო, ხომ უნდა მიხვდე, რომ მას უკვე მოსწონს შენი ქცევა. „ოცნების“ ბაბლს და ჩვენი საზოგადოების კონფორმისტ ნაწილს, ეს არაფრად არ მიაჩნია.
- გოჩა, პაპუაშვილმა ბოლო წინადადებაში ისიც დაურთო, რომ მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ მოხდება სიტუაციის ნორმალიზებაო. ეს უბრალოდ სატყუარაა?
- რა თქმა უნდა, სატყუარაა, არ უნდათ, რომ ასე, ერთ წუთში გააგიჟონ ხალხი. ნელ-ნელა შემოგვაპარებენ. პოლიტიკური დეგენერატიზმის დემონსტრირებას ავლენენ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სიტუაცია ნათლად გვაქვს წარმოდგენილი. ხოლო მათი მომხრეები ყველაფერზე თანახმა არიან, აბა როგორ, ომი გვინდა?!
- როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს? რას ელოდებით?
- იცით რას ველოდები? ძალიან მარტივ რამეს. ესენი ბოლომდე ამ გზას გაყვებიან და ვიდრე ბოლო ნაბიჯს გადადგამენ, მანამდე აფეთქდებიან. საკუთარ ნაღმზე აფეთქდებიან! საბოლოოდ, ამას არავინ არ შეარჩენს მათ. მე არ ველოდები, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს შეეგუება. არანაირად!
- ასევე მეორე და საკმაოდ მტკივნეული თემა, რომელიც ჩვენს ეკლესიას და საპატრიარქოს პოლიტიკას ეხება. სასულიერო პირებს მღვდელმსახურება შეუჩერეს. ესეც რაღაც ახალია, ცხადია, ამ რუსულ ნარატივში ჯდება. რა ხდება?
- ძაან მარტივი ლოგიკით მიდის მოქმედება. ამ სტალინურ კასტაში, რომელსაც ჩვენ საპატრიარქოს ვეძახით, "შავი გაგებით", ქურდული წესებით მუშაობს, მეტი არაფერი. თუ ჩვენთან ერთად არა ხარ, ჩვენი მოწინააღმდეგე და მტერი ხარ. მანდ აზრის გამოთქმის უფლება არავის არა აქვს. ქართული საეკლესიო სამართალი არ ცნობს იმას, რომ ადამიანმა შეძლოს თავის მართლება. ქართული საეკლესიო სამართალი, ქრისტეს სახელით სჯის ყველას, ვინც მას არ მოსწონს! ზუსტად ანალოგიური მომენტი აქვთ შავ სამყაროსაც. ქურდულ სამყაროს რომ ვეძახით... შეიკრიბებიან, ე. წ. „სხადნიაკს“ ჩაატარებენ, ვიღაცას დაამუხრუჭებენ, ვიღაცას ჩაარტყამენ. სტალინმა ამ ქურდული სამყაროს ფორმირებას რომ შეუწყო ხელი , ორგანიზებული დანაშაულის მართვა თავის ხელში აიღო. იქ რეალურად თვითონ მართავდა ქურდულ სამყაროს, მაშინდელი ძალოვანი უწყებების მეშვეობით. ზუსტად იგივე სტრუქტურაა, მის მიერვე შექმნილ ეკლესიაში. სწორედ იმ ეკლესიის მემკვიდრეები არიან ესენიც. აქ მეტი კი არაფერი არ ხდება!
- დღეს საპატრიარქო ქურდული წესებით იმართება?
- დიახ, ანალოგიური წესებია. დიდად თავი არ უმტვრევია თავის დროზე კგბ-ს, რომ განსხვავებული სტრუქტურები შეექმნა, ეკლესიის და ქურდული სამყაროს მართვის იერარქიაში. ვინ რა კანონს მოიხმობს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ერთი და იგივე წესებით იმართებიან ორივეგან! ქურდულ სამყაროში კიდევ უფრო შესაძლებელია სიმართლის დამტკიცება და ამათთან სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება! რა ჰგონიათ, ის სასულიერო პირი, ვისაც ხალხი უსმენდა, ვინც ქრისტესთან საუბრობდა, ახლა ღმერთთან სასაუბრო ხაზი ჩაუჭრეს?! თუ აღარ მოუსმენს ღმერთი, რადგან შიომ ასე გადაწყვიტა?! თუ დეპეშა გაუგზავნეს ღმერთს, ამას არ მოუსმინოო?!
- საპატრიარქოს რეალური მმართველი დღეს მეუფე შიოა?
- რეალური მმართველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღეს არის კირილე გუნდიაევი, რუსეთის საპატრიარქო. ხოლო იმ გუნდიაევის პატრონი პუტინია!
- ყველგან ქაოსი, ყველგან არეული სიტუაცია, საბოლოოდ, სადამდე მიგვიყვანს?
- ზოგადად, ამათ აქვთ ასეთი პრინციპი, რომ მღვრიე წყალში თევზს ადვილად დაიჭერენ. ანუ რაც შეიძლება მეტი უნდა აამღვრიონ, ადამიანების ტვინი დააზომბირონ, რომ ყველგან გამოუვალი სიტუაციაა და ამას თვითონ ალაგებენ. ზოგიერთები იჯერებენ, რომ მხოლოდ „ოცნება“ გადაარჩენს. ვგულისხმობ მათ მომხრეებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილია. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ხალხის დახმარებით, შეძლებენ საკუთარი გეგმები მიიყვანონ ბოლომდე! გაგახსენებთ დუგინის სიტყვებს: საქართველოში ჩვენი მთავარი მოკავშირე არის ქართველი ხალხიო. ქართველ ხალხში, სწორედ იმ ბოჩოლებს და იმ პრიმიტივებს გულისხმობდა, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ, რომ „ოცნებაა“ მათი ხსნა. თუმცა, ჩვენც მათ დონეზე ხომ არა ვართ და ასე ხომ არ ვიაზროვნებთ.
- რაღაც უნდა შეიცვალოს. ასე გაგრძელება ხომ ყოვლად შეუძლებელია. რა მოლოდინები გაქვთ?
- იცით რაშია საქმე? მოდით საჰაერო ბუშტი ავიღოთ, რომელიც იტევს ჰაერის გარკვეულ მასას, იმის მერე რა ხდება?! სკდება! აი ეგ დღე ელოდებათ ამათ! გაუსკდებათ, პირობითად, ეს გაუმაძღარი მუცელი. როდესაც პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს შეუძლიათ მოგვპარონ მილიონები, არა მხოლოდ მუცელი, არამედ გაუსკდებათ თავისი პოლიტიკური ყოფაც! ახლა რას უკავია „ქართული ოცნება“?! არც არაფერს. ამ ლიდერებმა ზუსტად იციან, რომ ხვალ, ზეგ შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ღარიბაშვილის თუ დადგა, რატომ არ შეიძლება, რომ სხვების დადგეს?! აი ამის ეშინიათ ყველაზე მეტად და ახლა სწორედ ეს არის მათი შემაკავშირებელი ფაქტორი. საუბარი მაქვს „ოცნების“ შიგნით. საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია, ამხელა კორუფცია თანამდებობის პირებს აპატიოს, იმ საზოგადოებაზე საერთოდ რა უნდა ვილაპარაკოთ?! ეს ყოფა აუცილებლად დასრულდება. ასე დიდხანს ვერ გასტანს და ძალიან ცუდად დასრულდება ამ კომფორმისტებისთვის!
ერთსაც ვიტყვი, თვითონ „ქართული ოცნების“ საკმაოდ ჩინიანი წევრები, პრივატულ საუბრებში ლაპარაკობენ, რომ დღეს იკარგება უდიდესი შანსი ჩვენი უსაფრთხოებისა და ევროპასთან ინტეგრაციის. ამას ლაპარაკობენ, ხატზე შემიძლია დავიფიცო! პირადად ჩემთან უთქვამს ბევრს პრივატულ საუბარში! მაგრამ რა ვქნათ, როგორ შევაცვლევინოთ ამათ თავიანთი მენტალიტეტი?! არ უშველით არაფერი, გასკდებიან!