2025 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის, და სავარაუდოდ, უნიკალურიც მის ისტორიაში, ოღონდ უნიკალური - უარყოფითი თვალსაზრისით.
საქართველოს ბევრი ტირანია და დიქტატურა უნახია - დაწყებული აღმოსავლეთ იმპერიების ვასალობის პერიოდებიდან, დასრულებული საბჭოთა კავშირით. ავტოკრატია სულად არაა უცხო ხილი ჩვენთვის - მით უმეტეს, თუ გავითვალისწუნებთ, რომ თაობა, რომელიც შეგნებულ ასაკში ცხოვრობდა სსრკ-ში, დღეს 55-60 წლისაა, ანუ არც თუ ისე ასაკოვანი.
თუმცა, ყველა ეს დიქტატურა თუ ტირანია იყო სხვისი - უცხო: არაბების, თურქების, სპარსების, ან რუსების დანერგილი. მათი კანონების, თამაშის წესების და ძალოვანი უზრუნველყოფის პირობებში.
ქოციანობა ალბათ იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც დიქტატურის და ტირანიის დამყარებას ქვეყანაში ცდილობენ ქართველები. ადგილობრივ ფულზე, ადგილობრივ ძალოვნებზე. და ადგილობრივ მხარდამჭერებზე დაყრდნობით.
ივანიშვილი-კობახიძეს რეჟიმს დღეს არ გააჩნია ისეთი ყოვლისმომცველი დახმარება რუსეთის მხრიდან, როგორიც აქვს მაგალითად, ლუკაშენკოს - რა თქმა უნდა, მოსკოვი მხარს უჭერს ქოცობას, თუმცა, ეს მხარდაჭერა შეზღუდულია.
მაგალითად, ფული სულაც არაა საჩუქარი - რუსული ფული, რომელიც აქ შემოდის, არის არა მოწყალება, არამედ ურთიერთმომგებიანი ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი. ასევე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ მოსკოვი აქტიურად მონაწილეობს პროტესტის ჩახშობაში.
რა თქმა უნდა, თბილისი გაივსო ფსბ-შნიკებით, რომლებიც უხსნიან ივანიშვილს რა უნდა გაკეთდეს ტერორის მეტი ეფექტურობის მისაღწევად. თუმცა, ფაქტია, რომ გდდ-ში, პოლიციაში, ტიტუშკებში, შემსრულებლებს შორის არანაირი რუსები არ არიან.
შესაბამისად, რეჟიმის ძალოვანი საყრდენი შედგება ადგილობრივების, ანუ, ქართველებისგან.
სწორედ ქართულგვარიანი ადამიანები ასახიჩრებენ თავიანთ თანამემამულეებს, ისინი ყრიან მათ ციხეებში, თავს ესხმიან ქუჩაში.
2025 წელი - ეს პირველი პრეცედენტია საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველის დაჩმორება-დამონება - გაჩუმებას, ისევ ქართველი ცდილობს, და არა რუსი, თურქი, ან სპარსი.
მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ორმაგად მძიმე და ისტორიულად სამარცხვინია. ათწლეულების შემდეგ ისტორიის სახელმძღვანელოებში ქოციანობა აღწერილი იქნება როგორც ყველაზე სამარცხვინო ქვეყნის ისტორიაში. პერიოდი, როდესაც ერი მზად იყო იმპერიაში დაბრუნებისთვის ყოველგვარი სერიოზული მიზეზის და ზეწოლის გარეშე.
ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა ეს ქვეყანა გაცვალა 2000 ლარიან ხელფასზე... ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?
თუმცა, ამ ეტაპზე დიდი მიღწევები ამ კუთხით არ არის. დიქტატურა არის მოძრაობა ორივე მიმართულებით - ეს არის ხელისუფლება, რომელიც აწარმოებს კაცთმოძულზე პოლიტიკას, და საზოგადოება, რომელიც ამ პოლიტიკას ეთანხმება და მის თამაშის წესებს იღებს - იძულებით, შიშით, მოსყვიდით. თუ რაიმე სხვა გზით.
ამ მხრივ ბევრი სატრაბახო ქოცობას არაფერი აქვს. მნიშვნელობა აქვს არა რამდენი პოლიტპატიმარი გიზის ციხეში, არამედ, რამდენად შეაშინა მათი ციხეში ჩაყრის ფაქტმა სხვები.
თუ დაიჭირე 100 კაცი, მაგრამ მეამბოხეების დიდი ნაწილი არ შეშინდა - პოლიტპატიმარი სარგებლის ნაცვლად, უკვე მავნე ხდება.
თუ გავაანალიზებთ სიტუაციას რამდენიმე სეგმენტში - ქუჩის პროტესტი, პოლიტიკური პარტიები, ნჯო-სექტორი, მედია-სივრცე, აქტივიზმი (ზოგადი), ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესი - დავინახავთ, რომ ყველა ამ მიმართულებით არის სერიოზული პრობლემები, უფულობა, კადრების გადინება, და ა.შ. მაგრამ ყველა ეს სეგმენტი ცოცხალია და არსებობს.
სწორედ ესაა რეჟიმის მთავარი პრობლემა - არსებული წარმოდგენის საპირისპიროდ, დიქტატურის საფუძველი უნდა აშენდეს სწრაფად. პირველი რიგში ეს სემგენტები სრულად უნდა განადგურდნენ რამდენიმე თვეში, რადგანაც, თუ პროცესი გაიწელა - დარტყმის ქვეშ მყოფი ადამიანები ეჩვევიან აგრესიულ, ტოქსიკურ გარემოს და პოულობენ ადაპტირების გზებს.
დიქტატურის შენება საქართველოში დაიწყო არა 2024 წლის ნოემბერში, როგორც ბევრს წაროუდგენია, არამედ 2024 წლის 7 აპრილიდან. სწორედ იმ დღეს, აგენტების კანონის ინიცირებასთან ერთად, დაიწყო ავტორიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი.
პროცესი, რომელიც თითქმის 2 წლის მანძილზე დაჭერების, ცემის, ჯარიმების და სხვა რეპრესიების ფონზე., ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიდა - ქართული საზოგადოების დაჩმორება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
სულ მალე - 2026 წლის აპრილში, ქართულ რეტროგრადულ რევოლუციას შეუსრულდება 2 წელი, მაგრამ ის ბოლოში მაინც არაა გასული. დრო ბევრი არაა - უკვე 2026 წლის აპრილში ჩვენ შევძლებთ დავდოთ პირველადი დასკვნა - აქვს თუ არა დიქტატურას რაიმე პერსპექტივა საქართველოში?
2 წელი - პატარა დრო არაა. გამკეთებელი - გააკეთებს.
ავტორი: თენგიზ აბლოთია