ჯერ კიდევ 2019 წლის 6 თებერვალს გამოვაქვეყნე პუბლიკაცია: „საქართველოს ეკლესიის ფარული დოქტრინა - ბრძოლა ძალაუფლებისთვის" მაგრამ ამაზე ქვემოთ
---
როგორც ყოველთვის, ან მეტწილად ყოველთვის, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები ამჯერადაც გარკვეულწილად ზედაპირულად შეფასდა.
„მესამე ძალის" შესახებ განცხადება რეალურად არაგულწრფელია და საკენკია ხალხისთვის, თვით დიდი ბრძოლებში „გამობრძმედილი" ქართველი პოლიტიკოსებისთვისაც.
ეკლესია, ქართველი სასარგებლო იდიოტების მეოხებით, განსაკუთრებით ბოლო 20 (ოცი) წლის განმავლობაში, სახელმწიფოში პირველ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა და ახლა უბრალოდ, მორიგჯერ ცდილობს წამოიწყოს ავანტიურა, როდესაც ამ არაფორმალური მდგომარეობის ფორმალიზებას მოახდენს.
---
ის რომ ეკლესიას, ან უფრო სწორად საპატრიარქოს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს ეს თავად მეუფე იაკობმაც დაადასტურა, როდესაც თქვა - ხალხი ვერ გამოყავთ ქუჩში. ანუ დასამხობები არიან მაგრამ დამამხობელი არ ჩანსო. და, აქვე, ამ ფრაზაშივე გამოუტანა ვერდიქტი ოპოზიციას - ესენი არაფრის მაქნისები არიან!
დააკვირდით დროს როდის კეთდება ეს განცხადება - და დააკავირდით წინმსწრებ მოვლენებს: აზერბაიჯან-სომხეთის ომი და რუსეთის უდიდესი გავლენა ამ ორ სახელმწიფოზე; პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც საქართველოში კი არა, რეგიონში რუსული გავლენის აღიარება-დაკანონების უპირობო მომხრეა; ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვოიაჟი 5 ქვეყანაში; თავად საქართველოში ჯერ გარეჯის კარტის გათამაშება და ახლა მარნეულში მიმდინარე პროვოკაციული პროცესები, სადაც მთავარი ვიოლინო მეუფე გიორგი (ერისკაცობაში - ლერი ჯამდელიანი) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ მეუფე გიორგის მრევლს წარმომადგენლები და ეპარქიის სასულიერო პირები მრავლად იყვნენ სხვადასხვა "17 მაისის" თუ „ფილმის აკრძალვის" აქციების დროს მარბიელთა რიგებში - საეკლესიო წესების დარღვევით შემოჭრილნი მცხეთა-თბილისის ეპარქიაში. თუ ვცდები ალბათ ეპარქიის სამდივნო გააკეთებს განცხადებას, რომ კომბლებით სირბილის ნებართვა ამ ადამიანების მიერ არც მეტი, არ ნაკლები. მისი უწმიდესობის მიერ იქნა მიცემული. ისიც ცხადია, რომ მაშინ ამ ძალებს რეალურად რაინდი ლევან ვასაძე მართავდა. ეს ის ვასაძეა, რომელიც კარგა ხანია ცდილობს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას, მაგრამ თან უარზეა იმის გამო, რომ "პატრონებისგან" სათანადო დაფინასებას ითხოვს, რომელიც უპირობო გამარჯვების გარანტიის მომტანი იქნება.
----
ახლა რუსულ ფაქტორს შევავლოთ თვალი. ფაქტორს, რომელიც კავკასიაში და რეგიონში „ყარაბახის რელობამ" შექმნა. ხუთ მოკავშირეს (არაფორმალურად მეექვსე საქართველოა და ეს უკვე ბრძანა მთავრსარდალმა) შორის სამი მუსულმანური ქვეყანაა - აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ერთიც ქრისტიანული - სომხეთი, მაგრამ არამართლმადიდებლური. თავად რუსეთიც არ უჩივის საკუთარ მოსახლეობაში მუსულმანური რელიგიის მიმდევრების რაოდენობას, მაგრამ რადგან მაინც მართლმადიდებელ ქვეყანად მიიჩნევა, მას სხვა თუ არაფერი ამ გაერთიანებაში ძალიან სურს ერთი მართლმადიდებელი ქვეყანაც. მით უფრო, რომ ვიმეორებ - სასარგებლო იდიოტების გამოისობით ამ ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესია - რეალურად კი საპატრიარქო, ფორმირებულია პოლიტიკური გავლენის ცენტრად. გაიხსენეთ იაკობის სიტყვები - ჩვენ რომ დავიძახოთ რამდენი გამოვა გარეთ?..
თან რუსეთს მეტად საინტერესო მდგომარეობა აქვს თუნდაც დასვალეთთან და აშშ-სთან სალაპარაკოდ: შეხედეთ, მე ერთ პაკეტში მყავს თურქეთიც, ირანიც და რა პრეტენზიებით ხართ? ამ ტექსტის დროს საერთოდ ვის ახსოვს საქართველო, რომელსაც ისიც ვერ გაურკვევია სად და რატომ გაეპარა ასე უჩუმრად არჩევნებში ყველაზე მეტი ხმების მიმღები „პარტიის" ლიდერი და უფრო მეტიც - ხელისუფლებას უდიდესი შანსი მიეცა ერთპარტიულობის პირობებში უამრავი, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღოს. (ისე, ცნობისთვის, თეოკრატიული ირანის პარლამენტში 5 პლიტიკური კოალიცია და პარტიია.) ან ის გაუკვირდება ვინმეს, ამ "მესამე ძალის" უკვე ხილულმა ნათლიმამამ მალე იცის გვამცნოს: რუსეთი აფხაზეთს და ოსეთს გვიბრუნებს. აქ ხომ უამრავი დაიჯერებს ამ სასწაულ ამბავს და თან ისე, რომ არავინ იკითხავს რა სურთ აფხაზებს და ოსებს ან სულაც რა სურს "დამბრუნებელს" სანაცვლოდ? ეს ხომ უმძლავრესი საკენკი იქნება, რომელსაც არა მხოლოდ პრორუსული ძალები აყვებიან, არამედ "ევროპელი" პატრიოტებიც და ლიბერალებიც. მერე გაირკვევა, რომ ამის სანაცვლოდ სახლში უნდა ვიჯდეთ, "ამსტერდამი, პარიზი და გარყვნილ ევროპაში სირბილი მომიდომეს აქ"... ის კი არა, პარაზიტი ბავშვებიც ჩვენი ხელით უნდა დავხოცოთ და რა თქმა უნდა, რუსეთში ემიგრირებული ქურდებიც დავაბრუნოთ სახლებში...
--
არც ვეცდები უფრო განვავრცო საკითხი. მეუფე იაკობმა იმაზე მეტი თქვა, ვიდრე უნდა ეთქვა. თქვა - ყრუებისთვისაც და მათთვის, ვისაც უნდა გაეგო.
და მაინც, ადრეც დავწერე და ახლაც მღრნის ეს კითხვა - რატომ დატოვა ივანიშვილმა მაინც და მაინც კობახიძე მის შემცვლელად, რას გაექცა და რა იყო და არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც არ იკისრა გახარიამ (წინამორბედეი პრემირების პარტიის თავმჯდომარეებად დანიშვნის ანალოგიას ვიხსენებ.)? ან რატომ სხვა არ და ვერ მოიძებნა, მაინც და მაინც ყველაფერზე წამსვლელი კობახიძის გარდა? რა დავალება უნდა შეასრულოს მან ისეთი, რომელსაც ფაქტია, კალაძეც კი არ დათანხმდა? რატომ მტანჯავს ეს კითხვა სწორედ მაშინ, როდესაც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას საკმაოდ მძიმე დღეები უდგას წინ და ეს დღეები სულაც არ უკავშირდება იმას, ვის გარიცხავს თალაკვაძე პარლამენტიდან. თუმცა ქართველ ობივატელის უმრავლესობას, რომელსაც სხვის ჯიბრზე საკუთარი ღირსებაც ავიწყდება და ფუნაში „რადგან იქ თბილა" (კახა ბენდიქიძის ცნობილი ფრაზა) ცხოვრება ურჩევნია, რა უნდა მოსთხოვო...
მეუფე იაკობიც, მეუფე გიორგიც, მეუფე შიოც, კობახიძე-ვოლსკიც მშვიდობაში მოიხმარეთ....
აქ ამბები იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. მე მითქვამს და...
--------
ახლა კი ამონარიდი ზემოთ ნახსენები პუბლიკაციიდან: არავისთვისაა დამალული, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება რუსული გავლენის უმთავრეს ინსტრუმენტად საქართველოში და თუნდაც პრორუსი მოსაყდრისა და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებული ფაქტები თვალნათლივ მეტყველებს ბევრ რამეზე. ამის ფონზე, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, „თავისუფლების მოყვარული ერი" და მრევლი არათუ ითმენს და იტანს, მუხლსაც კი უყრის ღვთის სახელით მოქმედ ინსტიტუციას, რომელიც საკუთარ ნება-სურვილზე ატარებს, ხშირად, საეკლესიო კანონების უხეში დარღვევით აპამპულებს არა მხოლოდ მრეველს, არამედ _ ხელისუფლებასაც, რადგან მას უკვე ძალიან დიდი გავლენა აქვს, იმაზე დიდი, ვიდრე თავად იოცნებებდა ისტორიის ამ ეტაპზე...
... დღევანდელი ვითარების აღსაწერად მოხმობილი ეს მწირი ფაქტებიც კი საკმარისია იმის აღსანიშნავად, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას, რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენის გარდა, „ამ ეპოქაში" უკვე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზანი გაუჩნდა _ ძალაუფლებაზე (ხელისუფლება) კონტროლის დაწესება. დიახ, ეკლესიას აქვს ახალი დოქტრინა _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ბრძოლა სახელმწიფოს განვითარების ისტორიული ვექტორის შესაცვლელად. ვისთვისაა დამალული, რომ სწორედ ეკლესიაა დღეს რუსეთის უმთავრესი დასაყრდენი ამ ქვეყანაში და უხეში ძალის გამოყენების გარეშე მისი იდეოლოგიური და მენტალური ოკუპაცია სწორედ ეკლესიის მეშვეობით აქვს დაგეგმილი?"
-------
მოვრჩი... წავედი და გავჩუმდები - გიყურებთ ხელისუფლებსაც, ოპოზიციასაც და რაც მთავარია - საზოგადოებას, რომელსაც ღმერთი და კერპი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია.
ჰო, ბარემ ერთი სენტენციაც, თქვენ ფიქრობთ რუსეთი აქ ტანკებით შემოვა და დაგვიპყრობს? და მერე დაპყრობილებს დაგვაპურებს კიდეც? არა, მას აქ ის უნდა მმართველ ძალად, ვინც გვმართავს, როგორც მინიმუმ კრასნოდარის გუბერენიას... თუმცა რაღა გვაკლია რო?...
ავტორი: გოჩა მირცხულავა