სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ნიკას დილა და „ბულდოზერის სტილი"

24.02.2021 ნახვები: 989

სპეც-ოპერაცია, რომელიც „რობოკოპთა" შენაერთმა ნაციონალური მოძრაობის მოქმედი ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად განახორციელა, პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. პარტიული ოფისის მცველები კი, რადიკალური განცხადებების მიუხედავად („ვერ დაიჭერთ", „ვერ წაიყვანთ" და ა.შ) რეალურად, როგორც აღმოჩნდა, ძალისმიერი წინააღმდეგობისათვის არც ემზადებოდნენ: სურვილისა და გეგმის შემთხვევაში არც თუ ისე რთული იქნებოდა როგორც „სახურავიდან შეტევის" ასევე „წიწაკის ცრემლსადენი აირის" პრობლემათა გადაწყვეტა. ისე, როგორც წყვეტენ ხოლმე ამ პრობლემებს სხვა ქვეყნებში. მაგალითად პარიზის „ყვითელჟილეტიანთა" ამბოხის დროს „ცრემლსადენმა" გაზმა თითქმის ვერ იმუშავა, რაკი ბევრს ეკეთა თუნდაც პრიმიტიული აირწინაღი, რაც საქართველოშიც იოლად მისაგნებია.

ნიკა მელიას დამცველებს ელემენტარული ხელკეტებიც არ ჰქონდათ: მშვიდობიანი ამბოხისა და წინააღმდეგობის ტექნოლოგიით, წინასწარ ხდება ხელკეტების მომზადება, ოღონდ ისე, რომ მათ დროშის ტართა ან ავეჯის ნამტვრევთა ფორმა აქვთ - თითქოსდა „შეტევის მომენტში დამტვრეულის" და ა.შ.
საინტერესო საკითხია ასევე, რატომ არ იყო შტურმის მომენტში ოფისთან ან ოფისის ტერიტორიაზე თუნდაც 1000 ადამიანი. სულ რამდენიმე ათეული აქტივისტი ან გულშემატკივარი აღმოჩნდა იქ.
იმიტომ არ იყო, რომ ჯერ ერთი, სრული მობილიზაცია არავის გამოუცხადებია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კი ზუსტად გათვალა, ახლახანს დამტკიცებული ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესრულებისას, რომ დილის 8-9 საათზე, „ღამენათევნი" უკვე წასულები იქნებოდნენ, ხოლო გამოძინებულნი „ჯერ არ მოსულები".
შუადღისას რომ ჩანიშნულიყო ოპერაცია, ან ღამის 3 საათზე, წინააღმდეგობა ბევრად სერიოზული იქნებოდა. თუმცა, მაინც არა ისეთი, სპეცდანს ბრძანება ვერ შეესრულებინა და მელია ვერ აეყვანა.
კიდევ ერთი ფაქტორია სპეცოპერაციის ადგილი: ენმ-ს შტაბ-ბინა კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. ფაქტიურად ქალაქის გარეთ. იქ მასობრივი მობილიზება ძალიან ძნელია. ქალაქის ცენტრში ან ცენტრისკენ - სხვა საქმე იქნებოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასეა თუ ისე, ხელისუფლებისათვის წმინდად ტექნოლოგიურად ეს ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. „წარმატებას" მისთვის განსაზღვრავდა არა მელიას დაპატიმრება (რაც გარდაუვალი იყო, რასაკვირველია) არამედ ის გარემოება, რომ არათუ არავინ დაღუპულა, არამედ არც კი დაშავებულა სერიოზულად.
მთავარი მაინც აქ აქტის პოლიტიკური შედეგია, რაც ოპოზიციამ სწორად გათვალა: თუკი ირაკლი ღარიბაშვილმა „ბულდოზერის" სტილი აირჩია პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში, ეს უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის „ქართულ ოცნებას", ვიდრე ფიზიკური წინააღმდეგობა ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში.
მიშა სააკაშვილს ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და მედია-კონტროლის თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც იმავე „ბულდოზერის სტილში", 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციური ტელევიზია შტურმით აიღო, ისიც კი იძულებული გახდა გადამდგარიყო. სხვა რეაქციას დასავლეთი უბრალოდ არ მოითმენდა.
შესაბამისად, ახლა, როცა ივანიშვილის პარტიისათვის „ჭეშმარიტების მომენტი" დადგა და 2012 წლის შემდეგ ყველაზე სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ოპოზიციის მთავარი იმედი დასავლეთის რეაქციაა. უფრო კონკრეტულად, დასავლური სანქციები არა საქართველოს (იმედია - საბედნიეროდ არც ჩრდ.კორეა ვართ და არც რუსეთი) არამედ მმართველი ელიტების, იმავე მინისტრთა და...მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
ამ ბოლო ტექნოლოგიაზე დასავლეთში მუდამ პოლიტკორექტულად სდუმან. არადა აპრობირებული ხერხია, რაკი შესანიშნავად იციან, რომ პოსტსაბჭოური, მათ შორის ქართული ელიტებისათვის განმსაზღვრელი ხშირად (გამონაკლისების გარდა) ის კი არ არის, „ჯიუტ" შვეიცარიულ ბანკებში არსებული ავუარები არ გაუყინოთ ვინმემ (ესეც შესაძლებელია, ოღონდ მხოლოდ თეორიულად). არამედ ის, რომ მაგალითად, ოჯახის ახალგაზრდა წევრმა ევროპაში უნდა იცხოვროს, ისწავლოს, გრძელვადიანი სასწავლო ვიზა სჭირდება და.....რა იცი რა ხდება? ისევ და ისევ რეალურად არც არაფერი, მაგრამ.....მაინც.......
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ვისაც ნამდვილად ბევრი აქვს დასაკარგი როგორც ბანკებში, ასევე უძრავი და მოძრავი ქონების სახით ევროპულ ქვეყნებში, მისი „დასანქცირება" არც ისე იოლია, როგორც ზოგს ჰგონია.
არ დაგვავიწყდეს: ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა; უფრო მეტიც: საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული „საპატიო ლეგიონის ორდენის" კავალერი.
საფრანგეთი, რომლის ინტერესებს ივანიშვილი პირნათლად ახორციელებდა მთელი 8 წლის განმავლობაში (რაც არ ნიშნავს, რომ ეს ინტერესები საქართველოს ინტერესთა საზიანო იყო), არ დაუშვებს მისი მოქალაქე მილიარდერი და მისივე ორდენოსანი ასე იოლად „დაჩაგროს" ვინმემ: პარიზი აუცილებლად მოითხოვს ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან კონკრეტულ (!), არა ჰაერში ნათქვამ მტკიცებულებებს, რომ სწორედ ივანიშვილი ხელმძღვანელობს კვლავ მთავრობას მიუხედავად მისი განცხადებისა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და რომ სწორედ მან (არა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა) გასცა ბრძანება ოპოზიციური პარტიის დარბევის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლურ პოლიტიკურ კულტურაში დიდი ადგილი ეთმობა პროცედურებს და კონკრეტულ სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტს. ამიტომაც არსებობს ტერმინი „პროცედურული დემოკრატია" (Procedural democracy). შესაბამისად, სანამ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის (რისი ალბათობაც დაბალია) ან ხელისუფლების „დასანქცირების" შესახებ, ისინი პირველსაც შეისწავლიან და მეორესაც.
ერთია „ცხელ გულზე" გაკეთებული განცხადებები და მეორეა კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც უამრავი მომავალი კონსულტაციის დროს „ოცნება" შეეცდება „გააპრავოს" საკუთარი „ბულდოზერული" მოქმედება.
მმართველი პარტიის ლიდერები აუცილებლად შეახსენებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ კი არ დააპატიმრეს „გავრილოვის" ღამეს, არამედ გირაო შეუფარდეს. სასამართლო პროცესები ნელა, მდორედ მიმდინარეობდა და სხდომები 3 თვეში ერთხელ იმართებოდა სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტის „გაციხვის" ეშინოდა.
მელიას ადვოკატები ამ გარემოებას ახლა იმის დასტურად მიიჩნევენ (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კონიუნქტურით იმართებოდა და „თუ მელია დასაჭერი იყო, მაშინვე რატომ არ დაიჭირესო".
ლოგიკური არგუმენტია.
ოღონდ, საქართველოში რაც ჭრის, დასავლეთში შეიძლება ვერც გაჭრას: დასავლური იურიდიული პრაქტიკა გულისხმობს პოლიტიკოსთა სასამართლო პროცესების წლობით გაჭიანურებას. ხშირად 5 და 10 წლითაც კი. გავიხსენოთ ნიკოლა სარკოზის ქეისი.
ანუ ის გარემოება, რომ „მელია მაშინვე არ დაიჭირეს და დაიჭირეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოცნებას დასჭირდა", სრული სიმართლეა, თუმცა დასავლელი პარტნიორებისთვის დიდი ვერაფერი არგუმენტი იქნება.
იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი იმ პროცედურებსაც დააკვირდებიან, რის გამოც მოხდა მელიას დაკავება. ესე იგი დასვამენ კითხვას: „სამაჯური რომ არ გადაეგდო და გირაოს პირობები რომ არ დაერღვია მაინც დაიჭერდნენ? სად სჩანს ამის ინდიკატორები?!"
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, რასაც დასავლეთი აგრეთვე ყურადღებით აკვირდება ასეთ შემთხვევაში მუდამ: „გავრილოვის ხარკი არ უნდოდა გადაეხადაო", საქართველოში ჭრის და უნდა გაჭრას კიდეც, რაკი ის გაიძვერა მართლა ძალიან თავხედურად მოიქცა, როცა ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩაჯდა; ხოლო ზატულინის ამ „მონის" მოწვევა „ოცნების" ლიდერთა სრული უნიჭობა/უპასუხისმგებლობის გამოვლინება იყო - ახლა რომ იძახიან „შევცდითო".
ოღონდ... ამ თემაზე დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებისას იმავე „ოცნების" ლიდერები დასავლელ კოლეგებს აუცილებლად ეტყვიან (თან სთხოვენ „გარეთ არ გაიტანოთო"): „განა თქვენ არ მოგვიწოდებდით 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მუდმივი დიალოგი აწარმოეთო?" (კი, ნამდვილად მოუწოდებდნენ როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების დროს - დ.გ), „განა თქვენ არ გვეუბნებოდით, რომ ყველა კონტაქტი, ყველა ხიდი უნდა გამოგვეყენებინა მოსკოვთან დიალოგისათვის?"(კი, ნამდვილად ეუბნებოდნენ -დ.გ) „მაშ რატომ იყო დანაშაული გავრილოვის მოწვევა, თუნდაც სავარძელში ჩამჯდარიყო?".......და შემდეგ: „თქვენ რა, ამართლებთ პარლამენტის შტურმს იმ მიზეზით, რომ რუსეთთან ვითარების „დალაგებას" ვცდილობდით, რისკენაც თავად მოგვიწოდებდით?!"
ამ ნარატივს „ოცნება" გარეთ ვერ გააჟღერებს და ვერ გაბედავს „ღია სივრცეში" გამოიყენოს, თორემ დახურულ კარს მიღმა დასავლელ კოლეგებს აუცილებლად ეტყვიან. არადა, ზუსტად ამ მიზეზით, თუ კარგად გავიხსენებთ, დასავლეთის დამოკიდებულება „გავრილოვის ღამისადმი" მაშინ სულაც არ იყო ერთმნიშვნელოვანი.
აბა გავიხსნოთ თუნდაც გერმანიის ელჩის იმღამინდელი განცხადება - პირდაპირ დაგმო მელიას მოქმედება! ასევე გავიხსენოთ აშშ და ევროკავშირის მრავალმნიშვნელოვანი დუმილი - ცარიელი მოწოდებების გარდა „ორივე მხარისადმი".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ის, თუ სინამდვილეში დღეს რა არის ან რა შეიძლება გახდეს გარდამტეხი ფაქტორი ამ „ჯახში" რამდენჯერმე პირდაპირ თქვა მიხეილ სააკაშვილმა: „ნუ გაქვთ დასავლეთის იმედი მანამ, სანამ ადგილზე (On the ground), ქუჩაში, ოპოზიცია რეალურად არ გაიმარჯვებს. ამის შემდეგ დასავლეთი, როგორც „ვარდების რევოლუციის" დროს მოხდა, ფსონს დადებს გამარჯვებულზე". (ციტატთა დასასრული)
შესაბამისად, მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ბედი გადაწყდება არა დასავლურ დედაქალაქებში, არამედ რუსთაველის გამზირზე.
აკი თქვა ქალბატონმა, ვისი ხმაც ძალიან ჰგავდა ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, სალომე სამადაშვილის ხმას: „დასავლეთში საკმაოდ კმაყოფილები არიან დღევანდელი ხელისუფლებით, რაკი „ოცნება" დისკომფორტს არ უქმნით, პრობლემებს არ უმატებთ და რუსეთთან დაპირისპირებაში არ ითრევთო".
დასავლეთისათვის დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა იოლად პროგნოზირებადია: უეჭველად გაგრძელდება ის, რაც ხორციელდება 2012 წლიდან! ღარიბაშვილი ამ მხრივ არანაირი „ინოვატორი" არც გახდება და ვერც გახდება.
აი მეტსიმეტად ჭრელი და მრავალფეროვანი ოპოზიციის, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის (ერთ ინტერვიუში საკუთარ თავს რომ „უუნაგირო ცხენი" უწოდა) მომავალი მოქმედებები კი მათთვის ძნელად განსაჭვრეტია.
დასავლეთში Realpolitik ეჭვმიუტანელი სტრატეგიაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ მართლა სტრატეგიული, სასიცოცხლო ინტერესი არ არსებობს როგორც, მაგალითად, ევროპის კართან მდებარე ბელორუსის ან უკრაინის შემთხვევაში. ხოლო თუ ქვეყანა „სადღაც შორს, რეალურ ინტერესთა პერიფერიაზე მდებარეობს, რამაც განაპირობა დასავლეთის სრული გულგრილობა „ყარაბაღის ისტორიული გარდატეხის" მიმართ, დასავლეთი ამჯობინებს „სტატუს-ქვო"-ს შენარჩუნებას - აუტკივარი თავის არასატკივებლად.
ოღონდ მანამ, სანამ......ოპოზიცია „ქუჩაში" არ გაიმარჯვებს!
ვიმეორებ: ხელისუფლების ბედი რუსთაველის გამზირზე წყდება და არა ვაშინტონში, ბრიუსელში ან ჟენევის საბანკო ქუჩებზე.
მთავრობის და მმართველი პარტიის ბედი, თორემ ამ ქვეყნის ბედი დიდი ხანია განისაზღვრა უახლესი ისტორიის ბევრად მნიშვნელოვან და საბედისწერო მოვლენათა შედეგად.

ავტორი: დათო გამცემლიძე -
ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა