რომან გოცირიძე ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად გამორჩეული პერსონაა. გამორჩეულია არა მხოლოდ მისი სხარტი აზროვნებით, ან პოლიტიკური პროცესების შეფასების ძალიან გონიერი და ორიგინალური ფორმებით, არამედ გულწრფელობით, რის დეფიციტს ნამდვილად განიცდის ქართული პოლიტიკური კლასი.
რამოდენიმე დღის წინ მწერს - .. დაიწყო, დარეგისტრირდი სასწრაფოდო. მანქანა გადავაყენე და რამოდენიმე წუთში თარიღი შევარჩიე - ვაქცინად კი „ასტრაზენეკა". იმთავითვე ასე ვაპირებდი, ლონდონში მცხოვრები ჩემი დეიდაშვილიც ასტრაზენეკათი აიცრა. ეგეც რომ არ იყოს, იმდენი მაინც მესმის, ახლა კოვიდვაქცინის თემა დიდი საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის ნაწილია. ესეც გვერდზე გადავდოთ, ადამიანი, რომელსაც ასეთ დროს გაახსენდები მისთვის სულ ერთი არ ხარ და მინიმალური სოლიდარობაც უნდა გაგაჩნდეს იგივე ნაბიჯი გადადგა, რაც მან. იგი - რომან გოცირიძე და მისი მეუღლე, მანანა შარაშიძე, რომელიც ექიმ ფსიქიატრია სწორედ ასტრაზენეკათი აიცრნენ.
- რატომ გადაწყვიტეთ აცრა ასტრაზენეკათი, როცა წინა დღეებში უბედური შემთხვევა მოხდა და როგორც თავად ამბობთ, შეგეძლოთ ფაიზერით აგეცრათ?
- მაგალითის მისაცემად. არის ასეთი გამოთქმა: „არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც მაგალითი". მგონი ვოლტერს ეკუთვნის. მჯერა ამ გამოთქმის და ზოგადად ბრძნული აფორიზმების. ხომ გინახავთ, სიცილი ან მთქნარება როგორ გადაედება ხოლმე. ამიტომ ადებენ სიცილის ხმას კომედიშოუების სკეტჩებს. თუ არაა ხმა დადებული, არ მეცინება. მაგალითი უფრო გადამდებია, ვიდრე მუქარა.
- თქვენ ვინმემ ხომ არ მოგცათ მაგალითი?
- ჩემმა ცოლმა. ექიმია. ექთნის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე აიცრა ასტრაზენეკათი.
- მიზნი რა იყო?
- პრობლემის დეაქტუალიზაცია. ამის გამოცდილება მაქვს. ხშირად მივმართავ ამას. ჩემი შვილი პატარა რომ იყო, ეშინოდა ჭიანჭველების. ავუხსენი, რომ არსებობს ჭიანჭველაჭამია, რომლისთვისაც ეს არსებები თაფლივით გემრიელია. დამაჯერებლობისთვის ცნობილი შოუც ვაჩვენე, რალფზე, საყვარელ ჭიანჭველაჭამიაზე. არ გაჭრა ამან, ამიტომ დავიწყე იმ ჭიანჭველების ჭამა, რომელიც საიდანღაც გაჩნდებოდა იატაკზე თუ საწოლზე და აშინებდა. იმის მერე ჭიანჭველა ვერ აშინებს.
- ახლა რისი ეშინია?
- ფაროსანის და ტარაკნების. ვერ გავრისკე მათი შეჭმა.
- ამით იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ ტარაკნის შეჭმა უფრო სარისკოა, ვიდრე აცრა? -
- კი, მასეა. ყველაზე მეტად რასაც ცხოვრებაში ვენდობები, სტატისტიკაა. ალბათობა იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვე, განუზომლად დიდია, ვიდრე აცრისგან რაიმე მოგივიდეს. თუ შევადარებთ, მისი ალბათობა დაახლოებით ისეთია, ქუჩაში სეირნობისას ყვავილების ქოთანი რომ გადმოუვარდეს ვინმეს შემთხვევით და დავში დაგეცეს. ამ შემთხვევაშიც კი ასპროცენტიანი სიკვდილი არაა-გააჩნია ქოთნის ზომას, რომელი სართულიდან გადმოვარდა, თიხის იყო ქოთანი თუ პლასტმასის და ასე შემდეგ.
- ახლახან დაწერეთ, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სასიამოვნო ცნობა გაავრცელა-არ აღმოჩნდა სწორი, რომ ვაქცინაცია იწვევს ატავისტური გვერდითი მოვლენების განვითარებას, რომ არ იწვევს კუდუსუნის ზრდას და კუდის ხელახლა გამობმას და ა. შ. რა მიზანს ემსახურება ასეთი ხუმრობები, ხომ შეიძლება, რომ ვინმემ მართლა დაიჯეროს?
- მიზანი იგივეა, ოღონდ დაცინვის ფორმით გამოხატული. ხანდახან სატირა და იუმორი უფრო შედეგიანია, ვიდრე პროპაგანდა-აგიტაცია. ვინც ამნაირ ხუმრობას ვერ გაიგებს, მაინც არაფერი ეშველება, აზრს ვერ შეაცვლევინებ. კორონაც რომ შეეყაროს, იტყვის გრიპიაო. ასეთებს მხოლოდ ერთი რამ შველის-შელოცვა, ოღონდ ეს არაა ადვილი საქმე. ძალიან ფრთხილად უნდა სათანადო ლოცვის შერჩევა. ორი კვირის წინ ანტივაქსერი ტანზანიის პრეზიდენტი მოკვდა. ლოცვა აერია. კორონას საწინააღმდეგო ლოცვის ნაცვლად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების საწინააღმდეგო ლოცვას იყენებდა თურმე.
- გარდა სიტყვიერი შეგონებისა, რაიმე მატერიალურ სტიმულს ხომ არ მიმართოს მთავრობამ, რომ აცრის პროცესი დააჩქაროს?
-კარგი იდეაა. რუსეთის მთავრობა შეპირდა ხალხს, ვინც აიცრის თითო ბოთლი არაყით დაგასაჩუქრებთო. თუმცა, ვაქცინის მოხმარების ინსტრუქციაში ჩაწერა, რომ აცრიდან სამი თვე არაყი არ უნდა დალიოთო. იმედი აქვს, რომ სამ თვეში გადაავიწყდება ხალხს. რომც არ გადაავიწყდეთ, რას იზამენ, ერთჯერ მოუტყუებიათ თუ ორჯერ. ჩვენი მთავრობაც უნდა შეჰპირდეს რაიმეს.
- კარგი იდეაა, მაგრამ რაც ხალხს ჩვენი ხელისუფლებისგან შეუსრულებელი დაპირებები აქვს მოსმენილი... მაშინ რაიმე ძალიან, ძალიან ორიგინალური უნდა შეჰპირდნენ და რა იქნება ეს ძალიან , ძალიან ორიგინალური, იქნებ ურჩიოთ...
- მაგალითად, ბიტლსებს ჩამოყვანას და ყველასათვის ბილეთების უფასოდ დარიგებას. გაჭრის. ანტივაქსერებს კორონის არსებობის არ სჯერათ და ბიტლსების დაშლის (გარდაცვალების) რომ არ სჯეროდეთ, რა გასაკვირია?
- დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და ამ ვითარებაში საკმაოდ ხალისიანი ინტერვიუ გამოვიდა. ისე, თუ ხელისუფლებას გონიერება ეყოფა თქვენი ეს ნაბიჯი კარგი პაირისთვის უნდა გამოიყენოს.
ესაუბრა გოჩა მირცხულავა, CNews