გამოვთქვამ არაპოპულარულ და უმრავლესობისთვის მიუღებელ მოსაზრებას - ევროპარლამენტის რეზოლუცია - ძალიან სუსტია და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ ის გაცილებით უფრო რადიკალური იყოს.
დასავლეთმა უნდა შემოიღოს სანქციები - ოღონდ არა მხოლოდ ბორენკას წინააღმდეგ - ეს ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო გასაკეთებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, არც მისი ლაქიების და ქოცებზე ორიენტირებული ბიზნესის, რომელიც მათ ტენდერების იგებს, მათგან მრავალმილიონიან შეკვეთებს იღებს.
ესეც კარგი იქნებოდა 5 წლის წინ, დღეს კი სრულიად არასაკმარისია. თუ ევროპას სურს საბოლოო შედეგი მიიღოს, თანაც სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე და არა 22-ე საუკუნეში, სანქციები უნდა დაუწესდეს საქართველოს, როგორც ქვეყანას. არავითარი ევროკავშირის კანდიდატობა - მეტიც, უნდა აღდგეს საკმაოდ მკაცრი სავიზო რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილს ევროპაში კარებს სამუდამოდ დაუკეტავს.
ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ - რატომ ასე მკაცრად? გპასუხობთ - საქართველოს, როგორც ქვეყნის, მთავარი პრობლემაა პასუხისმგებლის ნულოვანი გრძნობა. ქართველების უმრავლესობაც არ გააჩნია იმის შეგრძნება, რომ საერთო ეროვნული იდიოტიზმი დასჯადია, რომ დღევანდელ უგნურებას ხვალ დილით პასუხი მოჰყვება.
30 წელი ვუყურებთ ერთსა და იგივე გაუკუღმართებულ რეალობას - ქვეყნის ნახევარი ლანძღავს ევროპას ბოლო სიტყვებით, „პიდარასტებს“ უწოდებს ცივილიზაციას, რომელიც მალე მარსზე გაფრინდება, კივის-წივის - „არ ჩაერიონ ჩვენს საქმეებში“ - და რა ხდება ამის მერე?
ამის მერე კი ის ხდება, რომ მეორე დღეს მშვიდად მიდიან ევროპაში სამოგზაუროდ, იღებენ სელფებს პარიზში და ფლორენციაში, აგზავნიან დედებს ევროპაში სამუშაოდ და მათ მიერ გამოგზავნილ ფულს ონლაინ-კაზინოებში ხარჯავენ.
ამან შეუქმნა მათ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გახდა ანტიდასავლური განწყობების აფიშირების მთავარი წინაპირობა. როდესაც შეგიძლია ლანძღო-აგინო, და ამის გამო ცხვირში მუშტი არ მოგხვდება - ვიღებთ იმას, რაც გვაქვს. ეს უნდა დასრულდეს - ქოცების აქტივმა, რომელიც დღეს დასავლეთს ბოლო სიტყვებით ლანძღავს - უნდა იცოდეს - დღეს რომ იტლიკინებს ტელე იმედში ამაყი სახით - ხვალ, მაქსიმუმ, ზეგ დილით მთელი მის ნათესაობა დადეპორტდება ევროპიდან.
კოლექტიურმა გოგა ხაინდრავამ- უცნობმა-ლალი მაროშკინამ კარგად და ზუსტად უნდა იცოდნენ - ხვალ რომ აქაფდებიან „ევროპა ჭკუას ნუ გვასწავლის“ - ზეგ ისინი და მათი ოჯახების წევრები შავ სიაში მოხვდებიან და საქართველოს საზღვარ ვერასდროს გადაკვეთენ - თუ რა თქმა უნდა, არ მოინდომებენ დასვენებას კრასნოდარის მხარეში ან სტავროპოლში.
ეს ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ პროცენტს ეხება და ჩვენ ამ ადამიანებს ყველანი კარგად ვიცნობთ - ისინი ჩვენი ნათესავები, მეზობლები, დები, ძმები და დედები არიან. ისინი არ ცხოვრობენ უკაცრიელ კუნძულზე, შუა ოკეანეში, მათ არა აქვთ რქები და ჩლიქები - ზოგიერთნი მათ შორის საკმაოდ ცივილიზებულად და ევროპულადაც გამოიყურებიან.
ეს პრობლემა არ ეხება მოსახლეობის მხოლოდ ერთ ან ორ კონკრეტულ ფენას - ზღვარგადასულ ანტიდასავლურ რიტორიკას გაიგონებთ როგორც ბაზრის მოვაჭრე-ტაქსისტებს, ასევე დახვეწილ და განათლებულ ადამიანებს შორის. მათ ყველას ერთად-ერთი რამ აერთიანებს - საკუთარი სიტყვების საჯარო სივრცეში ხმამაღლა დაფიქსირების არ ეშინიათ და არ ერიდებათ. და, ეს ევროპის სისუსტეა.
როგორ ფიქრობთ, გაბედავდა კი „უცნობი“ ლობიოს ჭამისკენ მოწოდებით გამოსვლას, ზუსტად რომ სცოდნოდა, რომ მეორე დღეს მის ახლო ნათესავებს ევროპიდან გამოაძუნძულებდნენ? ან რომ სცოდნოდა, რომ მეორე დღეს ის და მისი უახლოესი ნათესაობა შავ სიაში მოხვდებოდნენ და მილანში შოპინგზე ვერასდროს გაემგზავრებოდნენ?
დარწმუნებულები ხართ, რომ ქართული ბურჟუაზია, რომლის იდეოლოგიაც არის რესტორანი და მერსედესი - ბორენკას ხუშტურების გამო კომფორტზე უარს იტყოდა? არ გეგონოთ, რომ ქართველი მზადაა ისეთი წინააღმდეგობის და თავგანწირვისთვის, რომლისთვისაც მზადაა სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსი.
არც კი იფიქროთ ამაზე - რუსს გაჩნია იდეოლოგია, იმპერიული სინდრომი, რომლის გამოც ის ბევრ ყოფით სირთულეს გაუძლებს. რა იდეოლოგია აქვს კოლექტიურ ხაინდრავა-უცნობ-მაროშკინას? არანაირი - მხოლოდ ერთი - კარგი ცხოვრება, იოლი ფული, კარგი პაეზდკები და სელფები ევროპის სხვადასხვა საუკეთესო ქალაქებში. არაფერს არ ვამბობ ტრადიციულ გრუზინულ ჯოგზე, რომლის დიდი ნაწილიც დედების მიერ გამოგზავნილ ფულს ონლაინ-კაზინოში ხარჯავს..
ევროპა ვალდებულია მოუღოს ბოლო ამ 30 წლიან აბსურდს - როდესაც ამბობთ „ევროპა არ გვინდა“ - უნდა იცოდეთ - არ გინდათ - არც გექნებათ. ოღონდ არა ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, როდესაც კაი ცხოვრება, პაეზდკები, სელფები, და იქ მომუშავე დედები და ცოლები იქნება - ხოლო ვალდებულებები და პასუხისმგებლობა - არა. არ გინდათ - არ გექნებათ. ოღონდ ამჯერად არ გექნებათ არაფერი.
მერე ვნახოთ, როგორ გაუძლებთ ბორენკას ფულის ხათრით, თანაც მაშინ, როდესაც მას ფული შემოაკლდება.
ცივილიზაციამ თავისი სიტყვა უნდა თქვას - ამ ქვეყნის სხვადასხვა დონის და საფეხურის კობახიძე-ღარიბაშვილებმა სამუდამოდ უნდა მიიღონ პასუხი, სამაგალითოდ უნდა გაიროზგონ. მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთის ლანძღვა-გინება საშიში იქნება მგინებლის და მისი ნათესაობის კეთილდღეობისთვის - ეს 30-წლიანი აბსურდი დასრულდება.
არ შეიძლება მსოფლიომ მშვიდად უყუროს ვითარებას, როდესაც ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი „რეალ“ მადრიდის მწვრთნელს ეტლიკინება - „ შენ ვინ ხარ, რა გიკეთებია, და რატომ მასწავლი ჭკუას? ფეხბურთში შენზე კარგად ვერკვევი“...
ავტორი - თენგიზ აბლოთია