ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

აქვს კი მეოთხე ხელისუფლებას მორალი, ანუ ვაკონტროლოთ ობიექტურად და სამართლიანად

06.05.2022 | 14:59 ნახვები: 11131

ჟურნალისტიკაში შემთხვევით არ მოდიან, უფრო სწორედ, შემთხვევით არ რჩებიან. ეს პროფესია თავგანწირვასაც ითხოვს და პროფესიონალიზმსაც. 

თუ ჩემს ერთ-ერთ ლექტორს დავეთანხმები, „ჟურნალისტმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ მას ხანდახან მართლაც საშიში სიმართლისთვის მოუწევს თვალის გასწორება.“

მედიალოგებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ჟურნალისტიკა სრულიად ტექნოლოგიზებულია და უსახოა. დღევანდელ ჟურნალისტიკას, მართლაც, დაკარგული აქვს პროფესიული პოტენციალი. ჟურნალისტები პროფესიულ ოსტატობას და ტალანტს ხარჯავენ პოლიტიკურ შეკვეთებზე, კომერციულ მოთხოვნებსა და რეკლამებზე. უფრო და უფრო ხშირდება ჟურნალისტების, რედაქციების მხრიდან შეკვეთის მიღება - ყველაფერი ეს კი ჟურნალისტურ ეთიკას ეწინააღმდეგება.

სამწუხაროდ, ქართული ჟურნალისტური ბაზრის მწირი შესაძლებლობები ჟურნალისტებს აიძულებთ ხელმწიფეთა, ვეზირთა, ფეოდალთა ნავებში სხდომას და მათი გადასახედიდან საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ „უცნობილეს“ ჟურნალისტს სტუდენტებთან შეხვედრა ჰქონდა, როგორც აქტიური სტუდენტი, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე წავედი.

იცით, რა რჩევა მოგვცა აუდიტორიას?

„ჟურნალისტიკაზე სწავლა დროის კარგვაა, სჯობს, სამართალზე ისწავლოთ, ან სხვა რამეზე, თუ ჟურნალისტიკა გინდათ, ამ სფეროში ისეც მოხვალთ“, - ეს მისი სიტყვებია.

თითქოს ყველაფერი სწორია - სტანდარტი დასავლური, რადგან უამრავ ქვეყანაში ჟურნალისტიკა, როგორც სპეციალობა, არ ისწავლება და ამ სფეროში სწორედ საკუთარი პროფესიებით წარმატებული ადამიანები მოდიან, რომელთაც კალამი და სიტყვა უჭრით, თუმცა მოდიან დიდი კონკურენციის შედეგად.

ჩვენთან რა ხდება? საქართველოში ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ყოველწლიურად 500-დან 1000-მდე სტუდენტი ამთავრებს. ცალკე კითხვაა - არის შესაბამისი მოთხოვნა მედიაბაზარზე? ისიც ვთქვათ, რომ უამრავმა მათგანმა არ იცის, პრაქტიკულად, როგორ გამოიყურება რედაქცია და იქ, რეალურად, რა ხდება. ეს ცოდვა უნივერსიტეტებს უნდა ავკიდოთ, რომლებიც არც კი თანამშრომლობენ სხვადასხვა მედიაგამოცემასთან. ჩვენ გვყავს უამრავი ჟურნალისტი, რომელიც დასაქმებულია კონსულტანტად, ოფისმენეჯერად, მოხელედ... უფრო მეტი კი დაუსაქმებელი და არარეალიზებული - მუდმივი სტაჟიორია.

მედიასფეროში, განსაკუთრებით, სატელევიზიოში, სტანდარტი დასავლურია - მთავარია კარგი ნაცნობი გყავდეს მენეჯმენტში, ცოტა ითავხედო კიდეც და რის გონზე არ ხარ, დაიბრალო, რომ იცი.  რა თქმა უნდა, ყველაზე ამას არ და ვერ ვიტყვი, თუმცა ყველამ იცის, ვინ სად და როგორ მოხვდა. შესაბამისად, ჩვენ გვყავს მექანიზატორი ჟურნალისტი, აგრონომი ჟურნალისტი, ისტორიკოსი ჟურნალისტი, მოდელი ჟურნალისტი, ეკონომისტი ჟურნალისტი, ბიზნესის სპეციალისტი ჟურნალისტი, რომლებმაც საკუთარი პროფესიით ვერ მოახერხეს რეალიზება, მაგრამ ჟურნალისტიკაში არიან და მიკროფონებიც უპყრიათ ხელთ, ბევრ მათგანს საკუთარი გადაცემებიც აქვს. ამავდროულად, იმავე რედაქციებში ფუტკრებივით ფუსფუსებენ პროფესიონალი და საქმის ერთგული ჟურნალისტები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ისინი ვერასოდეს მოხვდებიან ეთერში იმიტომ, რომ მენეჯმენტი ვერ ამჩნევს და პატრონი არ ჰყავთ. ჰო, პატრონი არ ჰყავთ არც ხელისუფლებაში, არც - ოპოზიციაში, თორემ...

ჰოდა, სად შევცდით, იცით?! ყველა მეორე, ვისაც პრეტენზია ჰქონდა, რომ მედიის წარმომადგენელი ყოფილიყო, ეთერებში დასვეს და საზოგადოებამ ეს არაპროფესიონალი ადამიანები „ჟურნალისტიკის დედებად და მამებად“ გამოაცხადა (რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება).

რამდენი მათგანი რამდენჯერ გვინახავს პროფესიონალ ოპონენტებთან და სტუმრებთან ნირწამხდარი?

შემოდავების უფლება გაქვთ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაც მოწოდებით ჟურნალისტია - უბრალოდ, მას მინიმალური პროფესიონალიზმი არ აქვს ამ სფეროში, სამაგიეროდ, „პუბლიკისთვის“  შემდგარია და აზრს ეკითხებიან.  არ მგონია, რომ „მოწოდებით ვარ“ იყოს პროფესიონალიზმი.

იმ „უცნობილეს“ ჟურნალისტს გაბრაზებულმა, იმის გამო, რომ თურმე, დროს ვკარგავ , კითხვა დავუსვი: „ჟურნალისტიკის პრინციპების არსებობის შესახებ რაიმე გსმენიათ?!“

„ეგ რა არის?“-ეს იყო მისი პასუხი.

ჩარჩოები არ მიყვარს, მაგრამ  ჟურნალისტიკის 9 პრინციპი მაინც მინდა გაგაცნოთ, რადგან ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა ჟურნალისტის მაგიდაზე ეს პრინციპები იდოს, ოღონდ მისი გამოყენების აუცილებლობით.

ეს პრინციპები ბილ კოვაჩისა და ტომ როზენსტილის ერთობლივ წიგნში "ჟურნალისტიკის ელემენტები" არის ასახული. ზოგი რამ ჩემებურად შევცვალე:

1. ჟურნალისტიკა უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს;

2. ჟურნალისტი, პირველ რიგში, მოქალაქეების ერთგული უნდა იყოს;

3. ჟურნალისტიკის არსი არის ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება;

4. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან, ვისაც აშუქებს;

5. ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს როგორც პოლიტიკური ძალებისა და პროცესების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი (ავტორები მხოლოდ ხელისუფლებაზე აპელირებენ რაც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ვფიქრობ საკმაოდ ვიწრო არეალია);

6. ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკის და მსჯელობის საშუალება უნდა აძლევდეს;

7. ჟურნალისტმა, ფაქტი საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა წარმოადგინოს.

8. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივი უნდა გახადოს;

9. ჟურნალისტი პასუხებს აგებს სინდისის წინაშე.

ვეთანხმები ამ პრინციპებს და ჩარჩოში მოქცევად არ აღვიქვამ, თქვენი არ ვიცი...

ხშირად მესმის ჟურნალისტიკის ეთიკაზე საუბარი, ოღონდ ჯერჯერობით ყველაფერი ეს საუბარს არ გასცდენია.

„ეთიკის ქარტიაც“ გვაქვს, რომელსაც ვერდიქტი გამოაქვს და დასკვნებს აკეთებს ისეთი სუბიექტების მიმართაც, რომლებიც ამ ქარტიის წევრები არ არიან. სამაგიეროდ ჟურნალისტებს არ აქვთ პროფკავშირები - მათი შრომითი უფლებების დამცველი ორგანიზაცია. ანუ ქვეყანაში, სადაც ყველა სფეროში, დაწყებული საჯარო სამსახურიდან, დამთავრებული ჭიათურის მაღაროთი, ირღვევა შრომითი უფლებები, ჟურნალისტიკაში ყველაფერი რიგზეა. გიფიქრიათ, რატომ? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ამ ინიციატივას უმალ მოჰყვება ინიციატორთა მარგინალიზება და მოკვეთა მედიიდან. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. 

ეთიკას დავუბრუნდეთ, პროფესიონალი ჟურნალისტების საზოგადოების ეთიკის კოდექსი შექმნილია ჟურნალისტთა მსხვილი საერთაშორისო ასოციაციის მიერ, რომელსაც მსოფლიოში ათასობით წევრი ჰყავს. ეს კოდექსი ტიპურია ბევრის სხვა ჟურნალისტური ორგანიზაციისთვის. კოდექსს ნებაყოფლობით იყენებს უამრავი რედაქტორი, ჟურნალისტი თუ სხვა მედიაპროფესიონალი. კოდექსის ახლანდელი ვერსია პროფესიონალი ჟურნალისტთა საზოგადოების 1996 წლის ეროვნულ კონვენციაზე მიიღეს ასოციაციის წევრთა მიერ თვეობით განხილვისა და შესწავლის შემდეგ.  თუმცა,  ყველაფერი ეს თანამედროვე ქართულ მედიაში არ არსებობს, ან არასაკმარისად არსებობს, ან დაავიწყდათ კიდეც.

მორალი.. საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ მედიამორალზე. აქვს კი მეოთხე ხელისუფლებას მორალი?!

ლიტერატურის კრიტიკოსმა ნორთროპ ფრაისმა ჟურნალისტური მორალი შემდეგი სიტყვებით აღწერა: „დისციპლინირებული საღი აზრის შენარჩუნება, სიმამაცე, ისეთი შედეგების წინაშე, რომლებიც შეიძლება უარყოფდეს ან ეწინააღმდეგებოდეს ყველაფერს, რის მიღწევის იმედიც ჰქონდა ადამიანს,-ეს არის აშკარად მორალური თვისებები, თუ კი ეს გამოთქმა საერთოდ რაიმეს ნიშნავს“.

და მაინც, მინდა ჟურნალისტიკა საზოგადოებისთვის  მსახურება იყოს. მინდა რა - აუცილებელია.

ჟურნალისტიკა ის საქმიანობაა, რომელიც ადამიანებს გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს.

დღეს ხშირად ისმის, საქართველოში დემოკრატიის შუქურა მედიააო.

დემოკრატია კი მაშინაა ჯანსაღი, როცა საზოგადოება ჩვენგან  მართალი ინფორმაციითაა ინფორმირებული.

ჯეკ ფულერმა კი ეს „ჩიკაგო ტრიბუნიდან“ მარტივად გადმოსცა: „ჩემთვის ჟურნალისტიკის მთავარი დანიშნულებაა, სიმართლის თქმა და ხალხისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სახალხო ხელისუფლების უზენაესობას უზრუნველყოფდა“.

ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს პრინციპების ისეთი სისტემა, რომელიც მისცემს სიგნალს, რომ მის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება რაღაც მომენტში უკვე სერიოზულად აზარალებს საზოგადოებას.

სწორედ ამას წერდა ანალიტიკოსი მირცხულავა: „ბრალს ვდებ-მედია საქართველოსა და მის მოქალაქეებს ანადგურებს“,- რაც სამწუხარო წასაკითხი იყო.

ვაღიაროთ, არსებულ ვითარებაში დიდია საზოგადოების ბრალეულობაც. შენით მანიპულირებენ მაშინ, როდესაც ამის უფლებას აძლევ მანიპულატორს.

ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვაქციეთ, ჟურნალისტიკის სტანდარტ დამრღვევები „ფეისებად“ და სტანდარტების იგნორირება გაბედულებად ჩავუთვალეთ.  ჟურნალისტები ინფლუენსერები არ არიან, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტებს ვაძლევთ უფლებას, რომ იყვნენ ინფლუენსერებიც.

მოგეხსენებათ, თუ მედია ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე - დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაც შეუძლებელი იქნება.

დროა, დასრულდეს ჟურნალისტიკის სტანდარტის რღვევა და დაიწყოს მუშაობა საზოგადოებისთვის, სიმართლისა და ობიექტურობისთვის, რათა აღარ გვითხრან, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვანადგურებთ.

და ბოლოს, მინდა, ჩემს თავს და კოლეგებსაც გრეგორ ფარის სიტყვები შევახსენო: „ჩვენ ვისაც წილად გვხვდა დიდი პატივი-ჟურნალისტობა, საზოგადოების სამსახურში დგომის პატივი,-უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, თუ არა და-წავაგებთ.“

მე წაგება არ მსურს, მზად ვარ ჩემი პროფესიით ვემსახურო საზოგადოებას, მიუხედავად იმისა რომ იქნება ბევრი ტალახი, ღალატი და დაუფასებლობა.

ჰოდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები და აუცილებელია,  ვაკონტროლოთ ობიექტურად და სამართლიანად.

 

ავტორი: ზუკა ნემსაძე

„ნეიშენ ჯორჯიას“ რედაქტორი

მინაწერი მთავარი რედაქტორისა და დამფუძნებლისგან:

ავტორის აღნიშნული პუბლიკაცია წარდგენილ იქნა სდასუ-ს თემატურ კონფერენციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ პუბლიკაცია (ნაშრომი) სცდება ერთი ლოკალურ თემატიკას და რეალურად ასახავს მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაზეც სამწუხაროდ ღიად არ საუბრობენ მედიაექსპერტები, სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებიც ახალ თაობას ჟურნალისტიკის საფუძვლებს ასწავლიან - მეტწილად ზედაპირული და დიდი ხნის წინ დაძველებული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ საკუთარ საქმიანობაში - უპრიანად მიგვაჩნია მისი საჯარო გამოქვეყნება.

აქვე დავძენ, ჟურნალისტიკა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს სფეროს თეორეტიკოსებისთვის, პირველ რიგში პრაქტიკა და კონკრეტული სპეციალიზაციაა, ზოგად უნარებთან და განათლებასთან ერთად.

კარგი ჟურნალისტის ანალოგია შესაძლოა, კარგ მსახიობთან გავავლოთ, რომელსაც მხოლოდ ცოდნა არ ჰყოფნის, ბუნებისგან მომადლებული ნიჭი სჭირდება. სამწუხაროდ ჩვენთან ამაზე არ ფიქრობენ სპეციალისტები. ახალგაზრდებს ისე ენიჭებათ ჟურნალისტის კვალიფიკაცია, რომ ნიუსის, რეპორტაჟის, პუბლიკაციის, ინტერვიუს მომზადება არ იციან. უფრო ტრაგიკული კი ის გახლავთ, რომ წარმოდგენა არ აქვთ რომელ მიმართულებაზე უნდა წერონ.

ვფიქრობ, რომ ზუკა ნემსაძის პუბლიკაცია (ნაშრომი) არის გამოწვევა არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რათა მათ კონცეპტუალურად გაიაზრონ თანამედროვე ჟურნალისტიკის წინაშე არსებული გამოწვევები და საჯარო დისკუსია გახსნან ქართულ ჟურნალისტიკაში არსებულ პრობლემებზე. ვეჭვობ, რომ მრავალი მათგანი, რომელთა კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება სწორად დაფიქრდება საკუთარ როლზე არსებული ვითარების ფორმირებაში.

აქვე, ნურავის დაავიწყდება, რომ მედია არის ბიზნესი და კითხვა მაქვს სფეროს პედაგოგებთან - ასწავლით თქვენს სტუდენტებს დამქირავებელთან ურთიერთობის ანა-ბანას? როგორ ასწავლით თუ თავად ეს ბიზნესი არასოდეს გიკეთებიათ?

და ბოლოს, მინდა მივმართო მედიაექსპერტებს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებს - საკუთარი კონფორმიზმს ნუ გადააყოლებთ ქართულ მედიას. მხოლოდ იმის გამო, რომ გადაცემებში არ დაგიძახებენ ან "აუტკივარი ავი რატომ ავიტკივო?" - ნუ დადუმდებით.

აგერ, 21 წლის ბიჭი, ზუკა ნემსაძე, რომელსაც სჯერა, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთა, გეკითხებათ: "აქვს კი მეოთხე ხელისუფლებას მორალი?!". გაეცით პასუხი. "NO COMENT" -იც პასუხია, უბრალოდ მისი ქვეტექსტი ასევე მორალური ასპექტი იქნება და უკვე პერსონიფიცირებული.

პატივისცემით, გოჩა მირცხულავა

სააგენტო GHN-ის, გაზეთ "პრემიერის", ჟურნალის "გაიცანი საქართველო", ანალიტიკური გამოცემა "ნეიშენ ჯორჯიას" და სხვ. დამფუძნებელი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა