ელენე ხოშტარია - შეიგნეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან
გივი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე - ამაფეთქეთ, თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ, მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ, ჩემი სული გამოგეცხადოთ
სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა, საქართველოს საკითხზე „მკაცრი რეზოლუცია“ მიიღოს
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ
მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ
დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატის გაფართოებასთან ერთად, სახელწოდებაც ეცვლება
ანალენა ბერბოკი - უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა

ლელა ჯეჯელავა: "სალომე ზურაბიშვილი რასაც აკეთებს, ეს ქართული პოლიტიკა არაა!"

18.03.2025 ნახვები: 711

 "ქალბატონმა სალომემ „სვეცკი“ ცხოვრებისა და ელიტური ცხოვრების გემო იცის... "სვეცკი“ კლუბის წევრობა ვისაც უნდა, ალბათ, ისინი შემოიკრიბა"

 

"დღემდე, არცერთი პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო, არ მისულა ლოგიკურ დასასრულამდე და ვერც მივიდოდა. მე მაინტერესებს ერთი რამ, თუ იქ ზის, ბარიერგადალახული პარტიის გარდა, ფედერალისტებიც, რატომ არ სხედან სხვა პარტიები?! რატომ არ ზის შალვა ნათელაშვილი?! რატომ არ ეძახის ქალბატონი სალომე შალვა ნათელაშვილს?!"

 

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პროცესებს? პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად კრიმინოგენური ვითარებაც ძალიან მძიმეა. დღე არ გავა, რომ ვიღაც არ მოკლან ან დაჭრან პირდაპირ ქუჩაში, ქალაქის ცენტრში. "ოცნებას" ყველანაირი მართვის სადავე ხელიდან გაექცა?

- არა მგონია, ხელიდან გაქცევის ბრალი იყოს. ხდება ის, რასაც თავიდანვე დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი, რომ კრიმინალს გაგებით უნდა მოვკიდებოდით. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მართვას აპირებდა კრიმინალის მეშვეობითა და დახმარებით, ეს იმთავითვე ცნობილი იყო. მართალი გითხრათ, ეს ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ამიტომ, ახლა, რომ ამან მიაღწია შესაბამის ხარისხს, ეს აღარავის აღარ უნდა გვიკვირდეს. ამ ყველაფერში კი ძალიან ბევრს, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, თანამონაწილეობა აქვთ მიღებული! განუკითხავი იყო ციხეებიდან ამდენი კრიმინალის გათავისუფლება. კრიმინალი რომ ერთბაშად აინაზღაურებდა იმას, რაც 9 წლის განმავლობაში დაკარგა, ეს ვის უნდა გაუკვირდეს?! ჩემთვის ნამდვილად არ არის საკვირველი და სრულიად ლოგიკურია ბიძინა ივანიშვილის მმართველობისათვის. ბიძინა ივანიშვილი ხომ სახელმწიფოს არ მართავს, მისთვის საქართველო იქცა მაფიოზურ, კრიმინალურ სინდიკატად.

- რა ეშველება ამ სიტუაციას? დიდი ნიჰილიზმი და უიმედობაა საზოგადოებაში.

- უიმედობა რატომ უნდა იყოს, მე არ ვიცი. თუ მუდმივად სხვის იმედზე უნდა ვიყოთ, მაშინ გასაგებია ეს უიმედობა. საერთაშორისო ვითარებაც არ არის მაინცდამაინც ხელსაყრელი, მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა. ახლა თუ იმის მოლოდინში ვართ, რომ ოპოზიცია უცებ გარდაიქმნება და რაღაცა საოცრებებს ჩაიდენს, ასე არ იქნება. მოცემულობა გვაქვს ის, რაც გვაქვს. ყველა საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ. თუ ბრძოლა გვინდა, ყველა საკუთარი თავის იმედად უნდა წავიდეთ ამ ბრძოლაში.

- ოპოზიცია ახსენეთ და არც აქაა ყველაფერი რიგზე. ოპოზიციის ერთი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გარშემო იკრიბება და 31 მარტს რაღაცას გეგმავენ. ნაცმოძრაობა კი ამ პროცესს განუდგა. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის და გაუგებარია, ეს ქალი რაზე საუბრობსო. თქვენი შეფასებით?

- ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდოდა გამხდარიყო წინააღმდეგობის ლიდერი, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ადამიანს აქვს გამოცდილება პოლიტიკაში ყოფნის, დიპლომატიაში ყოფნის. აქვს საერთაშორისო კონტაქტები. ოპოზიციამ ეს მიიღო და გადაწყვიტა, რომ სწორედ სალომეს გარშემო ყოფილიყო კოორდინაცია, ამაშიც დიდად გასაკვირი არაფერია. თუმცა, სწორედ არის შესაფასებელი სალომეს რესურსები ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და ასევე სწორად არის შესაფასებელი მისი მიზნები და მოტივაცია. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ეს ყველაფერი მანამ იქნება ასე, სანამ არ მოგვბეზრდება.

- რას გულისხმობთ, ქალბატონო ლელა, რომ დააკონკრეტოთ?

- იმას ვგულისხმობ, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე ვამბობთ, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ესეც არის ფორმალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ იმის გამო, რომ შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურისთვის ეს იყო სრულიად მისაღები. ჩვენ გვჭირდებოდა რაღაცა ლეგიტიმური სახე ან ინსტიტუცია, რომელთანაც ილაპარაკებდა საერთაშორისო საზოგადოება. როდესაც ვამბობთ, რომ სალომე არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რა აქტებს და უწყებებს გამოცემს? რაიმე ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, თუ რაში გამოიხატება, რომ ის ლეგიტიმური პრეზიდენტია?! მითხარით, რაში გამოიხატება, გარდა იმისა, რომ ჩვენ მივანიჭეთ ეს სტატუსი, საზოგადოებამ, ხაზს ვუსვამ, არსებული კონიუქტურიდან გამომდინარე, მაგრამ როგორ გამოიყენა სალომემ ხალხის მიერ ბოძებული სტატუსი, ეს მეორე საკითხია.

31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე და რეფერენდუმის დღეს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი ისტორიული აქტი იყო, ამ დღეს რომ დანიშნეს დიდი აქცია, ეს გასაგებია. ეს დღე ქართველი ხალხისთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, ოღონდ მასთან სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ აკავშირებს, აბსოლუტურად, სამწუხაროდ. გარდა იმისა, რომ ამ დღის შემოქმედთან ის ყოველთვის დაპირისპირებული იყო.

- საუბრობენ იმაზეც, რომ ნაცმოძრაობის გაღიზიანება სალომე ზურაბიშვილისადმი სააკაშვილის თემიდან გამომდინარეობს. ვნახეთ, რომ სააკაშვილს 12,6 წელი შეუფარდა სასამართლომ. სალომე ზურაბიშვილისგან სააკაშვილის შეწყალებას ელოდნენ?

- სააკაშვილი იქნებოდა ეს თუ სხვა ვინმე, არა აქვს მნიშვნელობა. უსამართლობაა, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება და ამ უსამართლობაში თანაზიარია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი! უდანაშაულო დეკანოზი მამალაძე შეიწყალა?! სხვა პოლიტპატიმრები, რომლებიც ასევე უკანონოდ და უსამართლოდ სხედან ციხეებში, შეიწყალა?! არა! აქ მარტო სააკაშვილის ფაქტორი არ არის. ამ ყველაფრით გაიზომა, სალომეს სამართლიანობის ხარისხი. რამდენად სამართლიანად მიუდგა ის იმ ისტორიულ პროცესს, რომლის თანამონაწილეც თვითონ არის. შეეძლო თუ არა ამ ვითარების შეცვლა თავის პრეზიდენტობის პერიოდში?! რა თქმა უნდა, შეეძლო!

- სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ სააკაშვილს არ ჰქონდა მისჯილი და აზრი არ ჰქონდა ამ შეწყალებას.

- თავად მიეღო ეს გადაწყვეტილება. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, სააკაშვილს გამოუშვებდნენ თუ არა, საზოგადოება ამითი გაზომავდა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას ისტორიული პროცესის მიმართ! მის სამართლიანობას! მე ჩემი მისაღები გადაწყვეტილება უნდა მივიღო და მერე სხვები როგორ მოიქცევიან, ეს სხვისი პასუხისმგებლობაა. მარტო სააკაშვილის მიმართ არა, სხვა ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც გაიზომა სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის თემა!

- ოპოზიციაზე ვსაუბრობთ და ახლა ახალი განხილვის საგანი გაჩნდა, ადგილობრივი არჩევნები, დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ მონაწილეობა აუცილებელია. ის პარტიები, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდნენ, რას აპირებენ? არჩევნებში მონაწილეობას? ახალი კოალიციის შექმნას?

- ძალიან რთულია ახლა რამეზე პროგნოზი გააკეთო. მე შემიძლია შევაფასო, რა იყო აქამდე და იქიდან გამომდინარე, მხოლოდ ვივარაუდო, რა შეიძლება მოხდეს. დღემდე, არცერთი პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო, არ მისულა ლოგიკურ დასასრულამდე და ვერც მივიდოდა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება. მე მაინტერესებს ერთი რამ, თუ იქ ზის, ბარიერგადალახული პარტიის გარდა, ფედერალისტებიც, რატომ არ სხედან სხვა პარტიები?! რატომ არ ზის შალვა ნათელაშვილი?! მე მაქვს კითხვა, რატომ არ ეძახის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შალვა ნათელაშვილს?! რა, უფრო ნაკლები გამოცდილების პოლიტიკოსია, უფრო ნაკლები ისტორია აქვს ლეიბორისტულ პარტიას საქართველოში, ვიდრე ფედერალისტებს, თუ რა?! ან სხვა პარტიები, რამდენმა პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა?! თუ იქ სხედან ფედერალისტები, რატომ არ სხედან დანარჩენი პარტიები?!

- რა ხდება? ვინმეს ინტერესს ემსახურება ეს ყველაფერი? თამაშია?

- არ ვიცი. მე მესმის, რომ ქალბატონი სალომე არის ფრანგული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, ძალიან კარგად იცის ე.წ. „სვეცკი“ ცხოვრებისა და ელიტური ცხოვრების გემო და რაღაც პოლიტიკურ კლუბს თუ აწყობს თავის გარშემო, ეს სხვა თემაა და რასაც ის აკეთებს, ეს არ არის ქართული პოლიტიკა! „სვეცკი“ კლუბის წევრობა ვისაც უნდა, ალბათ, ის შემოიკრიბა, როგორც ჩანს, ნათელაშვილს არ აღმოაჩნდა ეს უნარ-ჩვევები. ჩვენ გვეგონა, რომ წინააღმდეგობის ლიდერის ფუნქციას აიღებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რაც ხელს შეუწყობდა პოლარიზებული საზოგადოების გამთლიანებას. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ქალი აპირებდა, ყოფილიყო ლიდერი და გამაერთიანებელი და აღმოჩნდა, რომ არის კოორდინატორი. კოორდინატორებით კი სავსეა ეს ქვეყანა!

 

ნონა ცაბაძე

გაზეთი „ახალი თაობა“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა