ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გოჩა მირცხულავა - დაკარგულ შესაძლებლობასაც თავისი ფასი აქვს

ნახვები: 1233 გოჩა მირცხულავა - დაკარგულ შესაძლებლობასაც თავისი ფასი აქვს

ნამახვანზე კამათი ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაგვახსენდა. სადგური ვერ მივიღეთ, მისი ელექტროენერგიით ვერ ვსარგებლობთ, ქვეყანას კი ასეულობით მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ჩემთვის ეს დაკარგული შესაძლებლობაა და გაკვეთილიც - პროექტის გაჩერება ყოველთვის დანაკარგის თავიდან აცილებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ორმაგად ვზარალდებით.

11 სექტემბერს აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ENKA-ს მოთხოვნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ დააკმაყოფილა და საქართველოს მოთხოვნას, პროცესი საფრანგეთში დავის დასრულებამდე შეჩერებულიყო, უარი უთხრა. ENKA-ს მიერ ადრე გამოცხადებული თანხა, პროცენტის ჩათვლით, 383,2 მილიონი დოლარი იყო და მას პროცენტი ემატება. საბოლოო თანხის განახლებული გაანგარიშება სასამართლომ 18 სექტემბრისთვის მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება, ENKA-ს განცხადება.

ამ ამბავს მხოლოდ მოსახლეობის პროტესტს ვერ მივაწერთ: არბიტრაჟმა სახელმწიფოს სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა დაადგინა. სწორედ ამიტომ არის საჭირო პასუხისმგებლობაზე საუბარი - როგორ ვგეგმავთ პროექტს, როგორ ვისმენთ კითხვებს, როგორ ვასრულებთ შეთანხმებას და როგორ ვაგვარებთ დაპირისპირებას. სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ბიუჯეტი გადაიხდის“ ისე ჟღერს, თითქოს ეს ფული ჩვენი არ იყოს. სინამდვილეში, ეს საერთო რესურსია, რომელსაც სხვა საჭიროებისთვის ვეღარ გამოვიყენებთ. ამიტომ პროექტის შესაძლო ზიანთან ერთად მისი ჩაშლის ფასიც უნდა დავითვალოთ.

ახლა გოგნის ქარის ელექტროსადგურზე ვსაუბრობთ. მინდა, ამჯერად მეტი გონიერება გამოვიჩინოთ. კითხვები დავსვათ, პასუხები მოვითხოვოთ, პროექტის გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ და შეთანხმების შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ.

ადამიანი საკუთარ სახლსაც რომ აშენებს, მიწას თხრის, ზოგჯერ ხის მოჭრაც უხდება და ლანდშაფტსაც ცვლის. დიდი ელექტროსადგურის ზემოქმედება, ცხადია, სხვა მასშტაბისაა და გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მაგრამ გარემოში ჩარევის ფაქტი თავისთავად ვერ იქნება ყველაფერზე უარის მიზეზი. უნდა შევაფასოთ, რა ზიანი შეიძლება მივიღოთ, როგორ შევამციროთ და რა სარგებელი ექნება ქვეყანასა და ადგილობრივ მოსახლეობას.

გოგნის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეწყრის საკითხზე გასაცემი პასუხი. ხის მოჭრა მეწყრის გარდაუვალობას არ ნიშნავს. კონკრეტულ საფრთხეს გეოლოგიური პირობები, წყალი და სამუშაოების შესრულება განსაზღვრავს. პროექტის შესახებ კომპანიის განმარტებით, ჩატარებულია საინჟინრო გეოლოგიური კვლევები და გათვალისწინებულია მონიტორინგი მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე.

ამ პასუხისმგებლობის შესრულება მოსახლეობამ უნდა დაინახოს. რა შეამოწმეს, რა გამოვლინდა, რა გამოსწორდა - ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კონტროლი სადგურის ამოქმედებით არ მთავრდება. გზებს, ფერდობებს, აღდგენილ ნარგაობასა და გარემოსდაცვით პირობებს შემდგომშიც სჭირდება ყურადღება.

ასე შეიძლება შეიქმნას ნდობა მომავალი პროექტებისთვისაც. მოქალაქეს ეცოდინება, რომ ჩართვას აზრი აქვს, მის შენიშვნას ცვლილება შეიძლება მოჰყვეს და შეთანხმებით რეალურ სარგებელს მიიღებს. კომპანიაც გაიგებს, რომ წარმატება აშენებულ ობიექტთან ერთად შესრულებულ დაპირებებს ნიშნავს.

ნამახვანის გამოცდილებამ უნდა გვასწავლოს, რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს პრობლემის მოუგვარებლობა. ქვეყნის ინტერესია მეტი ადგილობრივი ენერგია, დაცული მოსახლეობა და შეძლებისდაგვარად შემცირებული ზიანი. ამ შედეგს სწორი დაგეგმვა, კომპრომისი და ყოველდღიური პასუხისმგებლობა სჭირდება.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა