სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც 2025 წლის აპრილში შეიქმნა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 1 650 000 ლარია გათვალისწინებული. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააგენტო უკვე „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება.
სააგენტო მთავრობამ საქართველოში რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო გრანტებით მხარდაჭერის მიზნით შექმნა. მისი დებულების თანახმად, გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად გაიცემა.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სააგენტოსთვის გამოყოფილი 1,65 მილიონი ლარიდან 1 624 000 ლარი ხარჯებზეა გათვალისწინებული, მათ შორის 1 122 000 ლარი შრომის ანაზღაურებაზე. სააგენტოში დასაქმებულთა რიცხოვნობა 16-ით არის განსაზღვრული. არაფინანსური აქტივებისთვის ბიუჯეტში 26 000 ლარია გამოყოფილი.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში საზოგადოებრივი ინიციატივების დასაფინანსებლად ცალკე პროგრამა „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაც“ იყო გათვალისწინებული. პროგრამისთვის თავდაპირველად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ მისი დაფინანსება 2 მილიონ ლარამდე შემცირდა.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ საგრანტო კონკურსი 2025 წლის ივლისში გამოაცხადა, ნოემბერში კი 17 სამოქალაქო ორგანიზაციის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტოს ცნობით, გამარჯვებული პროექტების საერთო ბიუჯეტმა 1 657 775 ლარი შეადგინა.
2025 წელს სახელმწიფო გრანტი შემდეგმა ორგანიზაციებმა და პროექტებმა მიიღეს:
1. „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“: ქუთაისში სოციალური სერვისების გაძლიერება და ბინაზე მოვლის პროფესიული სერვისის განვითარების ხელშეწყობა. გრანტი: 100 000 ლარი.
2. „დემოკრატიის განვითარების სააგენტო“: პროექტი „პოზიტიური მშობლობის პროგრამა რეგიონებში“, რომელიც ბავშვის აღზრდის პოზიტიური მეთოდების, არაძალადობრივი კომუნიკაციისა და ბავშვზე ზრუნვის უნარების განვითარებას ითვალისწინებს. გრანტი: 99 980 ლარი.
3. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი“: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის განვითარებით. გრანტი: 99 997 ლარი.
4. „მშვიდობის კვლევის ცენტრი“: მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მედიის გავლენის კვლევა. გრანტი: 97 950 ლარი.
5. „გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა“: სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებისა და გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატების დაცვა. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ფრინველებზე დაკვირვების სისტემების შექმნასა და მდგრადი თანამშრომლობის განვითარებას. გრანტი: 99 366 ლარი.
6. „საქართველოს დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი“: საქართველოში შობადობის კლების განმაპირობებელი ფაქტორების კომპლექსური შესწავლა. გრანტი: 97 900 ლარი.
7. „საჭადრაკო კლუბი მერანი“: აუტისტი ბავშვებისთვის ინკლუზიური ჭადრაკის კლუბის განვითარება. გრანტი: 100 000 ლარი.
8. „ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“: პროექტი „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“, რომლის მიზანი დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობაა. გრანტი: 93 480 ლარი.
9. „ენაგრამა“: განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროექტი. გრანტი: 100 000 ლარი.
10. „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“: საკრებულოს ეფექტიანობის ამაღლების პროექტი. გრანტი: 99 920 ლარი.
11. „საზოგადოებრივი დამცველი“: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამოქალაქო მდგომარეობის, საჭიროებებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის სისტემური ბარიერების კვლევა. გრანტი: 99 688 ლარი.
12. „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“: აუტიზმის ეროვნული ცენტრის ბაზაზე სასათბურე მეურნეობის შექმნა აუტიზმის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. გრანტი: 99 535 ლარი.
13. „საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი“: უსინათლოთა განათლების, ხელოვნებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა. გრანტი: 99 910 ლარი.
14. „დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი“: პროექტი „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“, რომელიც ადგილობრივი პრობლემების გამოვლენისა და ადვოკატირებისთვის საჯარო გამოსვლებისა და დისკუსიების სერიას ითვალისწინებს. გრანტი: 100 000 ლარი.
15. „ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი +“: ახალგაზრდული პოდკასტის შექმნა და გავრცელება ახალგაზრდების უფლებების დაცვისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის. გრანტი: 99 825 ლარი.
16. „აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი ჰერა“: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა დამხმარე ტექნოლოგიებით, მათ შორის უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის აუდიოწიგნების გამოყენებით. გრანტი: 70 495 ლარი.
17. „ახალი ქართული ჰაბი“: პროექტი „ერთად მეტი შეგვიძლია“, რომელიც მშობელთა ჩართულობისა და კომპეტენციების გაძლიერებას ითვალისწინებს ინკლუზიური ურთიერთობების, ემოციური ინტელექტის, თანასწორი კომუნიკაციისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით. გრანტი: 99 729 ლარი.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას წინ უძღოდა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომელთა საფუძველზეც უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში გრანტის გაცემა მთავრობის თანხმობას დაექვემდებარა. ამ ცვლილებების მიღების პერიოდში მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მექანიზმად წარმოადგინა.
გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააგენტო „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება. მან არასამთავრობო ორგანიზაციებს „ხელოვნური ფენომენი“ უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის შეიქმნა.