მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შესულა. ამის შესახებ მან ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კახიშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობისას მისი მოვალეობა იყო ადმინისტრაციაში შესული ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენა. მისივე განცხადებით, ჩორჩანასთან დაკავშირებული საკითხი ამ წესით განსახილველად არ შესულა და მომხდარის შესახებ მოგვიანებით, მედიიდან შეიტყო.
„კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შემოსული ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მე გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან. მე ვსწავლობდი, ვახსენებდი და შემდეგ ერთად ვადგენდით დღის წესრიგს“, - განაცხადა კახიშვილმა.
ამასთან, მან განმარტა, რომ მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრს უშუალო კომუნიკაციაც ჰქონდათ, რომლის შინაარსი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის შესაძლოა ცნობილი არ ყოფილიყო. შესაბამისად, კახიშვილის თქმით, ვერ გამორიცხავს, რომ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საგუშაგოს მოწყობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიეღო.
„რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მამუკა ბახტაძეს ინფორმაცია, კახიშვილმა უპასუხა: „ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი“.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა არ ისურვა იმის შეფასება, მოჰყვა თუ არა საგუშაგოს მოწყობას ზიანი. მისი თქმით, ამ საკითხზე სასამართლო მსჯელობს და თავად მხოლოდ იმ გარემოებებზე შეუძლია საუბარი, რომლებიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას უკავშირდებოდა.
„მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები“, - განაცხადა კახიშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მინისტრისგან განსხვავებით, პოლიტიკური თანამდებობის პირი არ არის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხილვაში მხოლოდ შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში მონაწილეობს.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. ბრალდების მხარის ვერსიით, გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს საოკუპაციო ძალების კონტროლის გაფართოებასა და ადგილზე ვითარების გამწვავებას, მათ შორის დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივისა და სოფლების ყობისა და წნელისის მცხოვრებთა სახლების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევას.
გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, ასევე 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი. წარდგენილი ბრალდება 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.