"ლილუაშვილი იმიტომ მოხსნეს, რომ ყველაფერს ხელს არ მოაწერდა. სწორედ ამიტომ მოიყვანეს ისეთი ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს"
"ივანიშვილი გომელაურს თუ შეცვლის, მინისტრად ჩუბინიძეს დანიშნავს"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? რა პროცესები მიდის „ქართულ ოცნებაში“? ღარიბაშვილის წასვლამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ნელ-ნელა ვხედავთ, რომ თამაშიდან გადიან ივანიშვილის კადრები, მისი ნდობით აღჭურვილი პირები.
- არის ვინმე, ვინც ივანიშვილის კადრი არ არის? ვინც „ქართულ ოცნებაშია“, ყველამ პერსონალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო არა ინდივიდუალური, ან გნებავთ გუნდური მოთამაშე, არამედ პირადად ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი და მისი ბრძანებების შემსრულებელი.
მისი ნდობით აღჭურვილ პირებს რაც შეეხება, ალბათ გულისხმობთ ლილუაშვილსაც, რომელიც სულ სხვა ქეისში უნდა განვიხილოთ.
- რას გულისხმობთ?
- ლილუაშვილის წასვლა უფრო სიმპტომატური და მნიშვნელოვანია, ვიდრე ღარიბაშვილის, რადგან ღარიბაშვილი ფორმალურად იყო პარტიის თავმჯდომარე. პარტიასაც და მთავრობასაც ირაკლი კობახიძე მართავს. ღარიბაშვილი რეალურად არაფერს არ წარმოადგენდა. ღარიბაშვილს, როდესაც კობახიძეზე ეკითხებოდნენ, ბრიფინგის დროს, მას აშკარად ეტყობოდა სახეზე, არა თუ შეუთავსებლობა ამ პერსონასთან, არამედ ზიზღი! ღარიბაშვილის წასვლა არ ყოფილა მნიშვნელოვანი. ივანიშვილის გუნდიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლილუაშვილის წასვლა.
- თითქოს ასეც ითქვა, რომ ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გასვლას გადააყოლეს ლილუაშვილიო.
- ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გასვლას ვერ გადააყოლებდნენ, რადგან საზღვარს გომელაური აკონტროლებს. დევნა-თვალთვალის ოპერაცია, რომელიც ხორციელდებოდა ბაჩიაშვილის მიმართ, გასარკვევია, სუსი ახორციელებდა, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყოველ შემთხვევაში, საზღვარი რადგან გადაკვეთა, ფაქტია, რომ შსს-ს რაღაცა რგოლი ან ჩაუვარდათ, ან ვიღაცას გაურიგდა ბაჩიაშვილი.
- მაშინ რა მოხდა?
- მე ვფიქრობ, რომ ლილუაშვილის შემთხვევაში, ეს ადამიანი იყო გარკვეულად ბალანსის დამცველი, რაღაც მაინც რომ შენარჩუნებულიყო დინამიური ურთიერთობის თვალსაზრისით, იგივე დასავლეთთან, გარკვეული ინფორმაციების გაცვლის კუთხით, სპეცსამსახურების თანამშრომლობის ფორმატში და ასე შემდეგ. ქვეყნის კურსის შეცვლასთან ერთად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაც მინელდა. სუსი ორი ნაწილისგან შედგება, ერთი, რომელიც ჩვენ ასე ნერვებს გვიშლის და „ოცნების“ დანამატს წარმოადგენს და მეორე ნაწილი, რომელიც არ ჩანს და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. სწორედ ეს ნაწილი იყო კონტროლის გარეშე დარჩენილი კობახიძის ფლანგის მიერ და ჩემი ინფორმაციით, კობახიძე კარგა ხანია, დაკავებული იყო გესლიანი ენის მიტანით ბიძინა ივანიშვილთან, ცდილობდა, სრული კონტროლი აეღო სუსზეც და მოახერხა. რაც ამათ უნდათ, ლილუაშვილი იმას არ გააკეთებდა, არ გადაკვეთდა წითელ ხაზებს. ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ის საკმაოდ რაციონალური ადამიანი იყო და სწორედ მისი ურთიერთობები აბალანსებდა რაღაც-რაღაცეებს ამ მიმართულებით. პოლიტიკური კურსის ცვლილებამ, აშკარად განაპირობა ის, რომ სულ სხვა ამოცანები დადგა უსაფრთხოების სამსახურის წინაშე. ამ სხვა ამოცანების შესრულებას, სხვა ადამიანი სჭირდებოდა. უკვე დადასტურებულად გეტყვით, რომ ამ ყველაფერს ლილუაშვილი ხელს არ მოაწერდა. სწორედ ამიტომ მოიყვანეს ისეთი ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს.
- გომელაურის გაშვებაზეც ბევრს საუბრობენ. ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ?
- მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, შინაგან საქმეთა მინისტრი და ზოგადად ეს უწყება, შსს არის სამინისტრო, რომელზედაც დგას ივანიშვილის პირადი უსაფრთხოება. ივანიშვილი სუს-ზე არასდროს არ იდგა. ის იდგა და ახლაც დგას შსს-ზე. შსს არის ის ინსტიტუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი ფული აქვს ჩაყრილი. ყველაზე მეტი პრემიები და ჯილდოები სწორედ ამ სამინისტროში რიგდება.
- იმის თქმა გინდათ, რომ არ გაუშვებენ გომელაურს?
- თუ რამეზე დგას დღეს ეს ძალმომრეობითი სისტემა, დგას შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ეს უწყება ივანიშვილისთვის არის ყველაზე საიმედო. აქედან გამომდინარე, მე ძალიან გამიკვირდება, რომ გომელაური გაუშვან. ერთადერთი, თუ გომელაურს გაუშვებენ, მაშინ შესაძლოა, ანზორ ჩუბინიძე ვიხილოთ შინაგან საქმეთა მინისტრად, რომელსაც ასე ენდობა ბიძინა ივანიშვილი. მე არ მგონია, რაიმე გადაადგილებები მოხდეს შსს-ში, რადგან გომელაურზე უფრო სანდო, ივანიშვილს ამ ეტაპზე არავინ არ ჰყავს! ვიცით, რომ მუდმივი არაფერია და ალბათ გომელაურის შეცვლის საკითხიც დადგება, თუმცა ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ეს განიხილებოდეს. თუ გომელაური წავიდა, ეს შურისძიების წასვლა არ იქნება, არც სანქციებთან დაკავშირებული. უბრალოდ, სისტემა რომ არ მოდუნდეს, რაღაცეები არ გაფუჭდეს, შესაძლოა, ახალი სისხლის გადასხმა გახდეს საჭირო და ამისთვის გააკეთონ ეს. თუმცა ამ ეტაპზე არ მგონია, ეს განიხილებოდეს.
- დავითაშვილის ამერიკაში ვიზიტზე რას იტყვით? ბევრი ჭორ-მართალი მოვისმინეთ. თითქოს პრემიერად ამზადებს ივანიშვილი და ასე შემდეგ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? რა მიზნით იმყოფებოდა დავითაშვილი ამერიკაში?
- როგორც მე ვიცი, დავითაშვილმაც, ფინანსთა მინისტრმაც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ ეკონომიკურ ფორუმებში და ეს ფორუმები დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე იგეგმება. ამიტომ მათაც გამოიყენეს ეს პიარი. არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ვიცე-პრემიერ დავითაშვილს არ ჰქონია. მდივნის თანაშემწის დონეზე ჰქონდა შეხვედრა. მაქვს ინფორმაცია, რომ სერიოზული გულის წყრომა გამოითქვა რეჟიმის მიმართ. ის კი არ არის მთავარი, ხელი ვინ ვის ჩამოართვა, ან ვინ ვის დაუქნია, არამედ მნიშვნელოვანი იყო, რა გზავნილები ჩამოიტანა დავითაშვილმა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილებია, თუმცა „ოცნება“ არ აპირებს არც ერთი ამ გზავნილის შესრულებას.
- ამ ფონზე რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? დღეს ოპოზიცია ვერ გამოიყურება ისე, როგორც საჭიროა. რა მოლოდინები გაქვთ, რა იქნება?
- რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, როდესაც ოპოზიციის კრიტიკას ვიწყებთ, მათ შორის მეც, ვიღაცეები იწყებენ ჩვენს დამუნათებას, რა დროს ეს არის, უკეთესს საიდან მოვიყვანთ და ასე შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ ამ წუთას, რასაც აკეთებს ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ოპოზიცია, ის არის რომ სუნთქავს, თანაც სხვისი მეშვეობით. მათგან არანაირი პოლიტიკური პროცესის გენერაციას არ ველოდები. უცხოეთში მათი ოპერირება უფრო ეფექტურია, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ისინი აბსოლუტურად მარგინალიზებულები არიან შიდა პოლიტიკურ პროცესებში. მე ვფიქრობ, რომ დროა ისინი ამას მიხვდნენ. რამდენიმე პოლიტიკურ ძალას თვითკმაყოფილებასაც ვატყობ, საკუთარი ტელევიზიები აქვთ ტიპებს და თუ ეკრანზე გამოჩნდებიან, მიაჩნიათ, რომ აი ხალხი გვიყურებს. სინამდვილეში ასე არ არის, ხალხი იცინის ამ სისულეებზე, რაზედაც ეს ცალკეული პოლიტიკოსები საუბრობენ.
- რა შეცვლის ამ მოცემულობას? რა მოლოდინი გაქვთ?
- მე მაინც ვფიქრობ, რომ ზუსტად ისე მიდის პროცესი, როგორც უნდა მიდიოდეს. ხელისუფლებას უკვე ძალიან უჭირს. უჭირს ეკონომიკურადაც. მარტში უკვე ძალიან გაუჭირდათ ხელფასების დაფინანსება. არ შესრულდა ბიუჯეტის სხვადასხვა მაჩვენებლები. აპრილის შედეგები გაცილებით მძიმე იქნება. აი მაისისთვის, ჩვენ სულ სხვა პოლიტიკური პროცესებს მომსწრენი გავხდებით. რომელიც გარკვეულწილად იქნება ინდიკატორი, პროცესების შემდგომი განვითარების. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ერთად გაიმართოს. თუ ასე მოხდა, აი ამ შემთხვევაში რა ხდება?!
- თუკი ასე მოხდა, სწორია ოპოზიციის მხრიდან არჩევნების ბოიკოტი?
- საპარლამენტო არჩევნები კი არის საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მაგრამ იმ პირობებში, რა კანონებიც გვაქვს, ახლა კიდევ მუდმივი ცვლილებებია საარჩევნო კანონმდებლობაში, იგივე ცესკოს დადგენილებაში, ამ პირობებში და ამ თამაშის წესებით, არჩევნებზე გასვლა არის წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა. მე სწორად ამის შიში მაქვს, რომ ამას არ წამოეგოს ოპოზიცია, ვიღაცამ არ თქვას, რომ მივაღწიეთ, არჩევნები დავანიშნინეთ. არა, ეს არაა სწორი. ამ კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება, რა კანონმდებლობაც ახლა გვაქვს, ნიშნავს იმას, რომ ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს.
- მაშინ სადაა გამოსავალი?
- როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, არჩევნებს უნდა მოყვებოდეს დათქმები, რომ ვითხოვთ ასე და ასე. ამ შესაბამისი პუნქტების საფუძველზე, არჩევნები უნდა დაინიშნოს კონკრეტული ცვლილებების განხორციელების მერე, რომლის განხორციელებაშიც უნდა ჩაერთონ საერთაშორისო მონიტორინგის მისიები. მაშინ კი აქვს ახალ არჩევნებს აზრი. მთელი კანონმდებლობა ააყირავეს, შესაძლოა, მალე ქუჩაში გამარჯობის თქმაზე დაგვიჭირონ. ტროტუარზე დგომისთვის ხომ იჭერენ უკვე ხალხს?! ახლა გამარჯობის თქმისთვის დაგვიჭერენ. ამ პირობებში როცა ვიმყოფებით, ამ კანონმდებლობით რომელ ახალ არჩევნებზე ვლაპარაკობთ?! მთელი პაკეტი უნდა წარვადგინოთ და საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორინგის საფუძველზე უნდა ჩატარდეს ეს ყველაფერი, ცვლილებებიც და შემდეგ არჩევნებიც.