დღეს ყველა საუბრობს და არც ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში მისი მხარდამჭერები ლამავენ იმას, რომ „ოცნების“ პროპაგანდა კარგად მუშაობს.
ასევე, დღეს ყველა საუბრობს, მათ შორის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები მალავენ იმას, რომ „ოცნების“ პროპაგანდა კარგად მუშაობს.
ცხადია, რომ ხელისუფლება კმაყოფილია თავისი საქმიანობით. მისი ოპონენტები კი უკმაყოფილონი არიან, მაგრამ...
მაგრამ... პრობლემა ის არის, რომ სიმართლის მოსმენა არავის სურს და მისი მიღება და აღიარება მით უფრო.
უამრავი კვლევის შედეგი გვამცნობს და ეგეც რომ არ იყოს, ფაქტები გვიდევს ცხვირ წინ - ჩვენი თანამოქალაქეების უმეტეს ნაწილს არა მხოლოდ წაკითხულის, არამედ მოსმენილის გააზრებაც უჭირს. სულაც არ გახლავთ მნიშვნელოვანი რამდენად განათლებულია ადამიანი, განათლება და გნებავთ ინტელექტი, რაზეც ძალზე მოსწონთ აპელირება ჩვენს თანამოქალაქეებს, არაფერ შუაშია წაკითხულის და გნებავთ მოსმენილის გააზრებასთან.
როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსი კომპლექსებით არის დახუნძლული რა თქმა უნდა, მისთვის სხვისი აზრისა და მოსმენილ-წაკითხულის სწორად გააზრება შეუძლებელია. კომპლექსი ხომ სხვა არაფერია გარდა სიტუაციის გაგების შეუძლებლობა-მიუღებლობისა.
სწორის კომპლექსები განაპირობებს იმას, რომ როდესაც პოლიტიკოსს ესაუბრები - ეს ასე ჯობია და ეს ვარიანტიც განიხილე, პასუხად იღებ: „ეგ ვიცი, აქედან არაფერი გამოვა“... ამ დროს გონზე არ არის რაზე ამბობს უარს, რადგან სიღრმისეული გააზრება არ შეუძლია და ყველაზე მთავარი - იდეა მას არ ეკუთვნის. თუ იდეა „სხვისია“ მაშინ მათ „სხვისი“ ეშინიათ...
ჩვენი რიგითი თანამოქალაქეების უმეტეს ნაწილს, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, სიღარიბის კომპლექსი აქვს და რა თქმა უნდა, ის როგორ მოისმენს იმას, რომ მისი სიღარიბის დაძლევა მასვე შეუძლია თუ ხმას არ გაყიდის, თუ მენტალური მონა არ იქნება. მისთვის ხომ მთავარია - დღეს და ახლა - კარტოფილი, ხახვი და ასი ლარი...
და მაინც, მე პირადად, სულაც არ ვბრაზობ ამ მენტალურ მონებზე. ვერავის მოსთხოვ გახდეს სპარტაკი. ჩემთვის სამიზნე პოლიტიკოსები არიან, რომელთა უმეტესობა ამბობს რომ გუნდური მოთამაშეა და ამ არგუმენტით, მუდამ მონა და მორჩილია. რატომ? მათაც სიღარიბის კომპლექსი აქვთ და როდესაც მახინჯი გარემოებებით აღმოჩნდნენ იქ, სადაც არ უნდა იყვნენ, ერთი ის, რომ ტკბებიან საკუთარი მდგომარეობით, და მეორე - ჯოგური პრინციპით აზროვნებენ. ისინი არ არიან ინდივიდუალისტები, თვითკმარნი. ამ ხნის განმავლობაში რაც ისწავლეს, - საკუთარ სინდისთან კომპრომისით - გახლავთ ის, რომ ინიციატივა დასჯადია. უფრო დიდი „ვაი“ უმეტესობის უწიგნურობაა. მათი ინტელექტუალური საზრდო ნიუსის სათაური და მათივე კომენტარებისა და ინტერვიუების კითხვაა.
რატომ ასე ვრცლად მავანთა და განსაკუთრებით პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის უმეცრებაზე? იმიტომ, რომ როდესაც ვამბობთ, ვიღაცამ წინააღმდეგობა უნდა გასწიოს, ხომ უნდა დავსვათ კითხვა: როგორ? რატომ ვერ სწევენ?
შესაბამისად, მეც ვამბობ, სწორედ რაც ზემოთ აღვნიშნე იმიტომ და სხვა, უამრავი ფაქტორის გამო.
ახლა, რაშიც ოპოზიცია ფულს უნდა ხარჯავდეს, არის აზრი და არა დისკრედიტირებული სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები. (ცალკეულ გამონათებებს ამა თუ იმ ჟურნალისტისა თუ გადაცემის გამო შევეშვათ.)
ქართველი პოლიტიკოსების - ვსაუბრობ ოპოზიციაზე, უმრავლესობაში კიდევ უარესი ვითარებაა - უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს რა არის აზრი და სიტყვა. რა ძალა აქვს ან ერთს, ან მეორეს და ასეთ ვითარებაში რა გინდა აკეთო? აი, ტელევიზიებიო გეტყვიან და, რა - ტელევიზიები? რა შედეგია? არავითარი! ამათ რომ უთხრა და წლებია ვამბობ სხვადასხვა ფორმით - აზრის ლაბორატორიები უნდა შეიქმნას, გიპასუხებენ: ტელევიზიები ვერაფერს აღწევენ და აზრის ლაბორატორიები რატომ უნდა შეიქმნას?
(ისე, აზრის ლაბორატორიების შექმნა და დაფინანსება ქართული ბიზნესის პრიორიტეტიც უნდა იყოს, მაგრამ ეს ვის უნდა მოსთხოვო, როდესაც ქართველი ბიზნესმენების უმეტესობა საბჭოთა ცეხავიკის მენტალობისაა).
მოკლედ, ამათი შემყურე წინ წყალი უკან მეწყერი გვაქვს. და მაინც, ამ რეალობის გათვალისწინებითაც კი ყველანი - უკლებლივ ყველანი, ვალდებული ვართ ამ ურთულეს ვითარებაში სახელმწიფოს გადასარჩენად რაღაც გავაკეთოთ.
მიმაჩნია, რომ დღეს მთავარი პრობლემა სწორედ პროპაგანდაა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება სახელმწიფოს გვართმევს. აქ არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ სამშობლოს და ქვეყანას ვერავინ წაგვართმევს.
მოდით დავსვათ კითხვა: რა არის „ოცნების“ პროპაგანდის მთავარი კომპონენტები?
დღეს უკვე თვალნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ააწყო პროპაგანდის სისტემა, რომელიც ემყარება: ტოტალურ კონტროლს მედიაზე; მტრის ხატის შექმნას; ფობიებზე თამაშს; ტრადიციული ღირებულებების გადამეტებულ გამოყენებას;
ჩვენს თვალწინ ხდებოდა და ხდება ამ ოთხივე კომპონენტის რეალიზება: სახელისუფლებო არხები და მარეგულირებელი ორგანოები რეალურად ქმნიან ერთგვარ საინფორმაციო კარტელს, სადაც მხოლოდ მმართველი პარტიის დღის წესრიგია ლეგიტიმური.
ტვ „იმედი“, პოსტ-ტვ, საზოგადოებრივი მაუწყებელი - სამივე არხი „ოცნების“ პროპაგანდის გაერთიანებული ინსტრუმენტია. მათი მთავარი მიზანია ერთის მხრივ - ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და სამოქალაქო აქტივისტების ლეგიტიმაციის დარღვევა, მეორეს მხრივ – ხელისუფლების წარმოდგენა როგორც შეუცვლელი ძალისა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, ყოველდღე აშუქებს მმართველი პარტიის პრესკონფერენციებს, აქტივობებს, მაშინ როცა ოპოზიციური აქციები ან იგნორირებულია ან დამცინავი კადრებით არის გადმოცემული.
პროპაგანდა მუდამ ეძებს და ქმნის მტერს: ხან „ნაცები“, ხან უცხო ქვეყნის ელჩები, ხან „ლგბტ ლობი“, ხან „სახელმწიფოს მტერი არასამთავრობოები“, გლობალური ომის პარტია, დიპსტეიტი...
ამ კონტექსტში რასაც ვაკვირდებით არის „ღირებულებების ომი“ – ხელოვნურად შექმნილი მტრები: გლობალური ომის პარტიის, დიპსტეიტის, ლგბტ თემის, ევროპელი ელჩების ან არასამთავრობოების წინააღმდეგ კამპანიები იმაზე, რომ მტერი ყოველთვის გარედან ან „უცხო ღირებულებიდან“ მოდის.
საინტერესოდ გამოიყურება ხელისუფლების ფობიების შიშის სისტემა: ომის შიში, ნაცების დაბრუნების შიში, სიღარიბის შიში, სახელმწიფოს მოშლის შიში, „გაპიდარასტების“ (ძალიან საინტერესოა) შიში, ერის გადაგვარების შიში... ქართველ "პრადვინუტებს" სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს შიშები და იმდენს ვერ ხვდებიან, რომ შიში მასების კონტროლის მთავარი იარაღია.
შიშით მართვა – ხალხს ეუბნებიან: „თუ ჩვენ არ ვიქნებით, ომი დაიწყება“. რეალურად კი, პრორუსულ ხაზზე გადასულმა ხელისუფლებამ ყველაზე დიდ საფრთხეში ჩააყენა ქვეყანა.
გახსოვთ ალბათ, ირაკლი კობახიძის განცხადებები NATO-ზე და ომზე — თითქოს გაწევრიანება საქართველოში ტანკების შემოსვლას ნიშნავს.
ძალიან მნიშვნელოვანია „ტრადიციულ-რელიგიური“ პროპაგანდის კომპონენტი - „ოჯახის, სარწმუნოებისა და ერის დაცვა“ ხდება ნებისმიერი გადაწყვეტილებითა და ქმედებით, მათ შორის ადამიანზე ძალადობით და ამ ძალადობის გამართლებით.
რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლების მთავარი მოკავშირე ეკლესიაა.
ერთხელაც გავიაზროთ, როგორ მუშაობს ეს პროპაგანდის მანქანა?
მოსამართლეების და პოლიციელების მორჩილება: სამართალდამცავი სისტემა პირადი სარგებლის იმედად მოქცეულია ივანიშვილის ან „ზემოდან“ ზარების მოლოდინში. მოსამართლე ამბობს, რასაც ეუბნებიან. პოლიციელი ცრუ ჩვენებას აძლევს, რათა შეუნარჩუნდეთ თანამდებობები და სტატუსი. ისინი არიან პროპაგანდის მატერიალური ძალა – სიცრუის მჭედლები.
ვინმესთვის უცხოა, რომ საქმეებს როგორც წესი წყვეტენ ცრუ მოწმეების ჩვენებაზე დაყრდნობით. პოლიციელი კითხულობს ფურცლიდან, რაც წინასწარ დაუწერეს. მოსამართლე კი უარს ამბობს დაცვის მტკიცებულებების დაშვებაზე.
მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებაზე ზეწოლა - კონტროლის მექანიზმი: სკოლაში, საჯარო სამსახურში, ჯარში - ყველგან პოლიტიკური სიჩუმე და მორჩილება სუფევს. ვინც ხმამაღლა ფიქრობს, ისჯება.
რამდენჯერ მოგვისმენია, რომ მასწავლებელს თუ საჯარო მოხელეს, რომელიც სოციალური ქსელში ოპოზიციური შინაარსის პოსტს ან სულაც ფაქტს, სიმართლეს, რომელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია - აზიარებს, დირექტორი ან უშუალო უფროსი აფრთხილებს „ზედმეტი აქტიურობის“ გამო. რამდენი ასეთი პირია დარჩენილი უსამსახუროდ?
ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს ასპექტში, რასაც შეიძლება დავარქვათ „გაახარეთ ბიძინა“. ეს სხვა არაფერია თუ არა მორალური პროსტიტუციის წახალისება.
ადამიანები, რომლებიც სამსახურების ან სტატუსის გამო თანხმდებიან მოსმენილი ტყუილების გამეორებას - ესაა სადისტ-მაზოხისტური პროპაგანდის ბირთვი. მავანისთვის სიამოვნებს დათრგუნვა, სხვისთვის სიამოვნებს დაჩაგვრა, ოღონდ ორივე იმპოტენტია - არ შეუძლიათ საკუთარი აზრის ქონა.
დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ეს პროპაგანდის მანქანა, რომელიც სამშრიანია.
1. ინსტიტუციური შრე – ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს, პოლიციას, განათლების სისტემას და მედიას... ეს ქმნის ერთმნიშვნელოვან, მონოლითურ სურათს, რომელსაც საპირისპირო აღქმადობა თითქმის არ აქვს.
2. ემოციური შრე – აქცენტები კეთდება იმაზე, რაც ადამიანს თავს უბედურად აგრძნობინებს და ამავდროულად ჰპირდება უსაფრთხოებას. მაგალითისთვის, როგორი ამაზრზენი საქციელია ღარიბს უთხრა, რომ სიღარიბეში ამოხდება სული და თავად კორუფციით მდიდრდებოდე, სწორედ ღარიბის ხარჯზე. ამ ვითარებაში კი კორუფციითა და ძალადობით მოქმედი პოლიტიკური ძალა თავს წარმოაჩენს როგორც მამა-მარჩენალი. „სეთურიზმის“ კლასიკური გააზრებაც საკმარისია ემოციური შრის გასააზრებლად. იგივეა ომის შიშის შემთხვევაში, როდესაც მშვიდობას პროპაგანდირებ და ცალკე ჯარი გყავს ნახევრად მშიერი და დემორალიზებული და ცალკე, ერთი მოკავშირეც კი არ გყავს.
3. პერსონალური ზემოქმედების ანუ პიროვნული დაშინების შრე – განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა, შევიწროება, დისკრედიტაცია, შანტაჟი.
ძალიან მოკლედ შევეცადე აღმეწერა ტრადიციული პროპაგანდის ის მანკიერი მხარეები რასაც ხელისუფლება იყენებს. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა კარგად უნდა იცოდნენ.
მაგრამ იციან? რომ იცოდნენ მაშინ ისიც ეცოდინებათ, როგორ შეეწინააღმდეგონ პროპაგანდას, რომელიც სახელმწიფოს მოშლისკენ მიმართული, „ოცნების“ დღის წესრიგის მთვარეს კომპონენტს წარმოადგენს.
შევთანხმდეთ, რომ არ იციან, რადგან უარესი არგუმენტის მოყვანა - „იციან და არაფერს აკეთებენ“ (რატომ?) - კიდევ ერთხელ დაგვანახებს სწორედ იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - ისევ მათ კომპლექსებზე მოგვიწევს საუბარი თუ უარესზე არა.
ახლა დავსვათ კითხვა: როგორ შევეწინააღმდეგოთ და დავამარცხოთ ეს პროპაგანდა?
სხვადასხვა ეტაპზე, მართლაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების გაღების მიუხედავად, ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ქართული ტელევიზიები - არ ვგულისხმობ ხელისუფლების მიერ მართულს - ვერ ასრულებენ მათ უმთავრეს მისიას. პირიქით, ბოლო 12 წლის განმავლობაში, ცალკეულმა ქართულმა მაუწყებელმა, იმდენი და ისეთი წვლილი შეიტანა რეჟიმის გაძლიერებაში, რამდენიც არ გაუკეთებია არა თუ არც ერთ „ოცნების“ პროპაგანდისტს, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილსაც კი. შესაბამისად, დღეს მათი როლი და ფუნქცია კიდევ უფრო დასუსტებულია და ცალკეულ შემთხვევაში ისევ და ისევ „ოცნებისთვის“ სასარგებლო. ამ ვითარებაში აუცილებელია პარალელური, ალტერნატიული მედიის გაძლიერება – სოციალური ქსელები, ინტერნეტპორტალები, დამოუკიდებელი ბლოგები, რეგიონული მცირე მედია... ყველაფერი, რაც ინფორმაციის რეალურ ალტერნატივას ქმნის, უნდა გაძლიერდეს.
ყველა უნდა მიხვდეს, რომ აუცილებელია ალტერნატიული მედიის ხელშეწყობა -
ციფრული მედიის ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. დიდ პრობლემა არ არის თუნდაც პატარა ტელეგრამ არხების ან იუთუბ ბლოგების შექმნა. აქტიურად არის გამოსაყენებელი ტიკ-ტოკის არხი.
ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩვენ გვიჭირს წაკითხულისა და მოსმენილის გააზრება. ამიტომ აუცილებელია (!) გადამწყვეტი ბრძოლა განათლების ფრონტზე. აქ პირველ რიგში ვგულისხმობ კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას, დეზინფორმაციის ამოცნობის უნარის სწავლებას, მედია-პროექტების რეალიზებას. ნუ გვაქვს იმაზე ცრუ წარმოდგენა, რომ ახალგაზრდობა ტოტალურად უჭერს მხარს ცვლილებებს, თუნდაც აქტივიზმის დონეზე. განსაკუთრებით რეგიონებში ხელისუფლება კარგად მუშაობს მათთან. ისევე როგორც სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებაში. ამიტომ საპირწონედ აუცილებელია ახალგაზრდებთან სწორი მუშაობა. მინიმუმ ის უნდა გავიაზროთ, რომ მომავალი მმართველი თაობა ახლა ყალიბდება. თუ მათ ვასწავლით მედია-კრიტიკას, ვაძლევთ გამბედაობას რომ არ გაჩუმდნენ, რაც პროპაგანდისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა მივხდეთ, უფრო სწორად, პოლიტიკოსები უნდა მიხვდნენ, რომ მათვე დაქირავებული უცხოელი კონსულტანტების წინაშე რეალურად „ლუზერები და ლოხები“ არიან. როგორ შეიძლება არჩევნები ამართინო ადამიანებს, ვისაც მინიმალურად არ ესმით ქართველის ფსიქოლოგია. და, აქ კიდევ რამდენი შრეა? საქართველოს სხვადასხვა კუთხის და სოციალური წრის წარმომადგენელი სხვადასხვა ფენომენია. რა უნდა იყოს ამ უცხოელების როლი ამაზე განმარტებისთვის არ შევწუხდები. მაგრამ იმდენს მაინც ხომ უნდა მიხვდეთ რა გოიმებიც ხართ, როდესაც 3-6 თვეში მილიონებს უხდით ვიღაცებს, რომლებიც ხვალ, შესაძლოა, იმავე „ოცნების“ კონსულტანტები აღმოჩნდნენ მაგრამ სწორი მისიით.
ახლა მე გეტყვით, რომ ქართველი ადამიანისთვის, ქართველის ფსიქოტიპისთვის, სირცხვილი ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა. ამიტომ, პროპაგანდის პრიზმაში აუცილებელია სწორედ სირცხვილის ინსტიტუციონალიზება. დიახაც, ცრუ მოწმეს, მოძალადე პოლიციელს, მორჩილ მოსამართლეს, მართულ ჟურნალისტს და ა.შ. უნდა რცხვენოდეს... როგორ? მარტივად, მასთი სახელები უნდა იყოს საჯარო.
უნდა დაიწყოს კამპანია „ამხილე!“ დიახ, უნდა იყოს მხილებული პროპაგანდის მსახურები სახელებით. სახელი უნდა დაერქვას ყველას - მოსამართლეს, რომელმაც ცრუ მოწმის ჩვენებით ადამიანი უდანაშაულოდ გაასამართლა. პოლიციელს, რომელმაც პოლიტიკური დაკვეთით დააკავა ადამიანი. ჟურნალისტს, რომელმაც სინდისი ფულზე გაცვალა და ა.შ.
გაკეთდეს პლატფორმა, სადაც დოკუმენტურად დაფიქსირდება, ვინ რას ამბობს და ვის ემსახურება. ეს არ იქნება შურისძიება - ეს იქნება ისტორიისთვის სიმართლის დამახსოვრება.
ზემოთ, როდესაც პროპაგანდის მანქანის მუშაობის შრეებზე ვსაუბრობდი, ყურადღება გავამახვილე ემოციურ შრეზე და აქაც გავიმეორებ - ეს უმნიშვნელოვანესია ფაქტორია. ამ შემთხვევაში აუცილებელია კულტურის წინააღმდეგობა. ვგულისხმობ ღია საუბრებს, იუმორს, კლიპებს, გნებავთ პოეზიას, სიმღერას, თეატრს... ძნელია იმის მიხვედრა, რომ როგორც კი პროპაგანდა ვეღარ ახერხებს ემოციების მართვას – ის იწყებს მარცხს?
გინდათ გაგახსენოთ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თუნდაც დარდუბალამ შევარდნაძის დასუსტებაში?
თეორიულად ყველამ იცის, რომ პროპაგანდა სიბნელეა. ხუმრობა, სიყვარული, ხელოვნება - სინათლე. აუცილებელია ადამიანებთან საუბარი სხვადასხვა ფორმით და საშუალებებით - ინდივიდუალურად, ჯგუფურად, თუნდაც ხელოვნების მეშვეობით - რადგან, სადღაც უფრო ეფექტურია სატირა, ვიდრე ღრმა პოლიტიკური ანალიზი. პროპაგანდის ცრუ პათოსი უნდა ჩანაცვლდეს გულწრფელობით.
ასევე აუცილებელია თვალსაჩინოებები - თუნდაც ქუჩის გამოფენები გაყალბებულ საქმეებზე, პერფორმანსები სასამართლოს წინ.
ანუ, მაინც რატომ დავწერე ეს ყველაფერი და თან არ ვახსენე არც რუსეთი, არც ჰიბრიდული ომი და სხვა ათასი უბედურება? თუ საზოგადოება და პოლიტიკოსები დღეს არ გაერთიანდებიან პროპაგანდის წინააღმდეგ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. არ იარსებებს ცალკე „ნეიტრალური“ სივრცე, რადგან სიცრუე ყველაფერს შთანთქავს. პროპაგანდა არ არის უბრალოდ სიტყვების თამაში - ის ადამიანის ქვეცნობიერზე თავდასხმაა, სადაც საბოლოოდ ყველა ხვდება ან დამმორჩილებლის, ან დამორჩილებულის როლში. თუ დღეს ხმას არ ამოვიღებთ, ხვალ აღარ გვექნება ხმა. თუ არ დავუპირისპირდებით ცრუ რეალობის შემქმნელებს, ისინი წაგვართმევენ ნამდვილ ცხოვრებას.
ყველამ უნდა გაიგოს, რომ ვერცერთი სტრატეგია ვერ გაიმარჯვებს, თუ ხალხს ტყუილში ცხოვრების უფლებას დაუტოვებენ. სიჩუმე აქ არჩევანი კი არა, დანაშაულია.
გოჩა მირცხულავა,
ანალიტიკოსი