სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

რისთვის ჩამოვიდა საქართველოში მიშა?

29.12.2021 ნახვები: 2890

გადახედეთ ქართულ პოლიტიკას ბოლო 2 თვის მანძილზე და მიხვდებით - ყველა თემა გაჩერებულია.

არავის ახსოვს „ვადამდელი არჩევნები", რომელსაც ნახევარი წლის წინ „გარდაუვალს" უწოდებდნენ, დრო კი ისე სწრაფად მიდის, რომ, როგორც, ჩანს, ვადიანი უფრო მალე მოგვისწრებს.

არავის ახსოვს 2024 წლის არჩევნები, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან შორსაა, თუმცა, 2,5 წელი სულ მალე გავა და „ქართული ოცნება" ქვეყნის მართვის პრივატიზებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

არავის ახსოვს საარჩევნო ბარიერის დაწევა, რომელიც, ქართული ოპოზიციის ჭარბი მრავალხმოვანებიდან გამომდინარე, აუცილებელია, თორემ ქოცები 2028 წლამდე უპრობლემოდ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას.

არავის ახსოვს ათასი სხვა წვრილმანი, რომელიც შესაცვლელია იმისთვის, რომ ოპოზიციას 2024 წელს გამარჯვების შანსი ჰქონდეს,

არავის ახსოვს ზრუნვა ოპოზიციური ერთობაზე, იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში სხვადასხვა პარტიებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

ისე, ვინმეს აინტერესებს რა ხდება ოპოზიციის აკვანში, მრავალტანჯულ გმირ-ქალაქ წალენჯიხაში, ან იმ ქალაქებში, სადაც ქოცობამ უმრავლესობა დაკარგა? და საერთოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობის ფასი გაორმაგდა - არ ვამბობ, რომ ეს არასწორია (ან პირიქით, სწორია), მაგრამ ვინმეს ოპოზიციიდან ეს საკითხი აღელვებს?

არა. ყველაფერო გაჩერებულია, ქართულ პოლიტიკაში დარჩა ერთად-ერთი თემა - თავისუფლება მიშას.

ნოემბერში ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოდიოდა და ამ ძალის გამოყენება შესაძლებელი იყო ბევრი გადაუდებელი საქმის გასაკეთებლად. მაგრამ მაშინ ეს უზარმაზარი ენერგია დაიხარჯა იმაში, რომ მიშა რუსთავიდან ჯერ გლდანში, გლდანიდან კი გორში გადაეყვანათ.

მაშინ ეს ნაცმოძრაობის დიდ გამარჯვებად შეფასდა. და მართლაც- ეს უზარმაზარი ტრიუმფი იყო - არა არჩევნების მოგება, არა ქოცების ხელისუფლებიდან გაშვება, არა საპარლამენტო უმრავლესობის მიღება, არა, ბოლოს და ბოლოს, მიშას განთავისუფლება, არამედ გლდანიდან გორში გადაყვანა...

შემდეგ მოძრაობის მასობრიობა შემცირდა და ბოლო პერიოდში ენმ-ს ასობით აქტივისტი შიმშილობს. არა ვადამდელი არჩევნების, არა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის, ან სასამართლო რეგორმის განხოციელების, ან კიდევ რაიმე სხვა მნიშვნელოვანი რეფორმის ჩატარების, არამედ მიშას განთავისუფლების მოთხოვნით.

„ქართული ოცნება" კომფორტის ისეთ ზონაშია, რომელსაც აქამდე ვერ წარმოიდგენდა - არაფერზე პასუხის გაცემა არ უწევს. სასამართლოს ჭრის და კერავს როგორც უნდა, სახელმწიფო ინსპექციას მიადგა, ფასებს ზრდის... და არც არაფერი, არავის ახსოვს.
აგერ, ციხიდან გამოუშვეს „ძაღლი", რომელმაც აღდგომის ღამეს, ღორივით მთვრალმა, უმისამართო სროლა ატეხა, და ბინაში, ლეპ-ტოპით მუხლებზე მსხდომი ქალი მოკლა - ვინმე ამაზე შეწუხდა?

ისევ და ისევ - არა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია - რა ჭამა მიშამ? და ჭამა თუ არა საერთოდ? ისე, წნევა ხომ არ აწუხებს? უი, მართლა? მაღალი აქვს? სასწრაფოდ უნდა გაუშვან გარეთ... და საერთოდ ეს ზელენსკი რატომ გაჩუმებულა? ეტყობა ბიძინამ მოისყიდა....

მიშას ფან-კლუბი აქტიურობს სოციალურ ქსელებშიც. იგინება, ილანძღება, შუღლს თესავს, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ მიშას რაციონის და დიაგნოზის გარდა, ქვეყანას კიდევ მრავალი სხვა პრობლემაც აქვს - მაგალითად ის, რომ ქოცები 2024 წლის ტრიუმფისთვის უკვე დღეს ემზადებიან.

რა დროს ქვეყნის მომავალია, როდესაც ციხეში პრეზიდენტს კლავენ?

საეჭვოდ გაჩუმდა საერთაშორისო საზოგადოებაც. არც სენატორების წერილებზე ისმის რამე, არც ევროპარლამენტარების განცხადებებზე. ზოგჯერ ერთი საწყალი კელი დეგნანი იწვევს თავის თავზე კობახიძის რისხვას, ისიც, უფროსობის მხარდაჭერის გარეშე.

საერთაშორისო საზოგადოება, რომლის დიდი იმედიც ჰქონდა მიშას ფან-კლუბს - სდუმს. სააკაშვილი დასაცავად არ გაილაშქრეს მსხვილმა უფლებადაცვითვმა ორგანიზაციებმა, ისეთებმა, როგორც Freedom house და Human rights watch.

თვეში ერთხელ რომელიმე მეორეხარისხოვანი ევროპარლამენტარი რაღაცას იტყვის ამ საკითხზე, ოღონდ არა სააკაშვილის გაშვების, არამედ მისი ციხეში ყოფნის პირობების კუთხით. პატიმრის უფლებები უნდა დაიცვათ - მოუწოდებენ ალაგ-ალაგ და შიგა და შიგ ევრო-ამერიკელი პარტნიორები ქოცობას..

სულ ესაა „გრანდიოზული მხარდაჭერა", რომელშიც დარწმუნებული იყო ფან-კლუბი და რისი რწმენაც, სავარაუდოდ, მათ მიშასაც ჩაუნერგეს.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლიდან თითქმის 3 თვე გავიდა და დღეს უკვე დასკვნების გაკეთებაა შესაძლებელი.

მიშას ჩამოსვლამ ქუჩის თუ საარჩევნო აქტიურობა ვერ გაზარდა და მოსახლეობაში არსებული განწყობები თითქმის ვერ შეცვალა - ვინ რომელ ბანაკშიც იყო, იგივე ბანაკში დარჩა.

ერთად-ერთი პოზიტივად შესაძლოა ჩაითვალოს თავისუფლების მოედანზე შთამბეჭდავი მიტინგი, რომელიც ნამდვილად უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე, თუმცა - ერთჯერადად. ნაცმოძრაობის ყველა შემდგომი აქტიურობა ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა.

ვერ შეცვალა მიშას ჩამოსვლამ საარჩევნო შედეგებიც - 28-30% ნაცმოძრაობის მყარი მაჩვენებელია და ის დიდად არ იცვლება - მაგალითად, ბოლო 2 არჩევნებში ენმ-ს პროცენტი დაახლოებით ანალოგიური იყო.

მიშას ჩამოსვლამ ვერ შეცვალა ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში თუნდაც იმიტომ, რომ მას ძალიან ბევრ მომხრესთან ერთად, ბევრი მოძულეც ჰყავს. სააკაშვილი არაა საყოველთაო-ეროვნული ლიდერი, რომლის ჩამოსვლამაც მთელი ქვეყანა აღაფრთოვანა და ამიტომაც, ის თავისთავად ვერანაირ რევოლუციას ვერ მოაწყობდა - ამის გაკეთება მხოლოდ ერთიან და უპირობო ეროვნულ ლიდერს შეეძლო, რომელიც დღეს საქართველოს არ ჰყავს.

მიშას ჩამოსვლამ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, იმიტომ რომ ევროპა და ამერიკა მის საქართველოში ჩასვლის წინააღმდეგი იყვნენ. უთხრეს ალბათ - დაგიჭერენ, და ჩვენ ვერ დაგიცავთ, არ გვაქვს უფლება სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებისგან სასამართლო გადაწყვეტილების იგნორირება მოვითხოვოთ.

ჰო და არ მოუსმინა. რაც მოგივა მიშაო, ყველაფერი თავის თავითო...

მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებული ყველა გეგმა ჩავარდა და ეს მის ჩამოსვლამდეც ცხადი იყო ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ოდნავ რაციონალური აზროვნების უნარი შერჩა. როგორც ჩანს, მიშას გარემოცვაში ასეთები ვერ მოიძებნა.

მიშას ჩამოსვლა საქართველოში დიდი შეცდომა იყო. ის არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საზიანო აღმოჩნდა - თუნდაც იმიტომ, რომ უზარმაზარი ენერგია,რომლის მიმართვა შეიძლება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე, დღეს ხმარდება მიშას განთავისუფლების მოთხოვნას.

მუხტი და ენერგია - უწყვეტი არაა, ის მიდის-მოდის. მისი დაგროვება - რთული საქმეა, ხოლო ხარჯვა - დიდ დაფიქრებას და სიფრთხილეს მოითხოვს. საქმე იქითკენ მიდის, რომ მიშას რაციონის და დიაგნოზისთვის რბოლაში მყოფი აქტივისტების და მომხრეების ენერგია ისე გამოიფიტება, რომ 2024 წელს საჭიროების შემთხვევაში ქუჩაში ხმის დასაცავად ვერავინ გამოვა.

რაო, შე კაი კაცო - საქართველოში რისთვის ჩამოხვედი? იმისთვის რომ ჩაჯდე და მერე თავისუფლების დაბრუნება მოითხოვო? კი მაგრამ შენ უკვე გქონდა ეს თავისუფლება, კიევში. შენი ნებით ჩაჯდე ციხეში იმისთვის, რომ მერე ციხიდან გაშვებაზე უზარმაზარი საზოგადოებრივი ენერგია დახარჯო - მაზოხისტი ხარ?

დღეს უნდა ვაღიაროთ ის, რაც მიშას ჩამოსვლამდეც აშკარა იყო, მაგრამ დღეს უკვე მტკიცე ფაქტია - სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა - უზარმაზარი შეცდომა იყო, რომელიც, შესაძლოა, ქვეყანას 2024 წელს თაღლითების ხელისუფლების კიდევ 4 წლით შენარჩუნება მოჰყვეს.

აი ასე ხდება, როდესაც ადამიანები თავით არ აზროვნებენ....

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა