„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ ჩაუდენია კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება და არც მათ პოლიტიკურ საქმიანობაში არსებობს ისეთი მოწოდებები, რომლებიც პარტიების აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი არის სრულიად დაუსაბუთებელი. ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმიტომ, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოწოდებები“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში ამ ფორმით საერთოდ არ უნდა მიეღო, რადგან მოსარჩელე მხარეს საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთება არ წარმოუდგენია.
კოპალეიშვილის განცხადებით, სასამართლოში ამჟამად მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპი მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინა სხდომაზე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული ფაქტები წარმოადგინა.
„„ქართული ოცნება“ მხოლოდ სხვის დისკრედიტაციაზე რომ არის გადართული, ალბათ მისთვის უკეთესია, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას მიხედოს. არაფერი ღირებული და ნორმალური არ წარმოუდგენიათ. მათი სარჩელი თავიდანვე დაუსაბუთებელია და საკონსტიტუციო სასამართლოს ასე ერთიანად განსახილველად არ უნდა მიეღო“, – აღნიშნა მან.
ამასთან, კოპალეიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს. ამის მიზეზად იგი სასამართლოს მიერ სარჩელის მიღებასა და ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ასახელებს.
„არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთიანად მიიღო ეს კონსტიტუციური სარჩელი, არანაირი ხარვეზი არ დაუდგინა მოსარჩელე მხარეს. შემდეგ ჩვენ არ მოგვცა შესაძლებლობა, შესაბამისი საკითხები დაგვეზუსტებინა წარმოდგენილი შუამდგომლობებით“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად არსებული მოლოდინებისა, ოპოზიციური პარტიები სასამართლოში საკუთარი პოზიციების დაცვას განაგრძობენ.
კოპალეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პლურალიზმი დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი პირობაა და პოლიტიკური პარტიების არსებობა ხელისუფლების სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„დემოკრატია იცნობს პოლიტიკურ პლურალიზმს და აუცილებელია პოლიტიკური პარტიები არსებობდნენ ამ ქვეყანაში, ეს მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მოთხოვნით. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.