გამყრელიძის განცხადებით, სერბეთის ახალმა ხელისუფლებამ პირველივე განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, რადგან მოსკოვს დიდ სახელმწიფოდ, ისტორიულ მოკავშირედ და სერბეთის დამცველად მიიჩნევს.
„სიმართლე გითხრათ, კი ვიცოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, მაგრამ არც ასე სწრაფად ველოდი და არც ასეთი პირდაპირი ფორმულირებით. უნგრელები უფრო დიპლომატიურად მოქმედებენ და მაინც თავის ხაზს აწვებიან“, – წერს გამყრელიძე.
მისი შეფასებით, სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია ევროკავშირისთვის არასახარბიელო პოლიტიკური სიგნალია და აჩვენებს, რომ ევროპას საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება.
„ევროკავშირი დანის წვერზე დადის. ფაქტობრივად, არავინ დარჩა მოკავშირე. თუ ასე უკბილოდ გააგრძელებენ, მომავალში ჩინეთის ლუკმად იქცევიან. ცვლილებები სჭირდებათ და თანაც რადიკალური“, – აცხადებს გამყრელიძე.
იგი აღნიშნულ პრობლემას საქართველოს საგარეოპოლიტიკურ მდგომარეობასაც უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას სანდო საერთაშორისო პარტნიორების დეფიციტი აქვს.
„საქართველოსაც იგივე პრობლემა აქვს. სანდო მოკავშირე არ გვყავს. რეგიონი კი უაღრესად საშიშია“, – წერს მამუკა გამყრელიძე.
სერბეთში 25 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სტუდენტურმა მოძრაობამ მოიპოვა, რომელმაც ალექსანდარ ვუჩიჩის პოლიტიკური ძალის მრავალწლიანი მმართველობა დაასრულა. გამარჯვებული მოძრაობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავენ. ამასთან, ახალი მთავრობის შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
გამყრელიძის შეფასებით, ეს პოზიცია ევროკავშირისთვის დამატებითი გამოწვევაა, თუმცა სერბეთის მომავალი ხელისუფლების საერთო საგარეოპოლიტიკური კურსი ჯერ ბოლომდე გამოკვეთილი არ არის.