ჩვენი გამარჯვების ფორმულა სახელმწიფო გერბზე წერია - „ძალა ერთობაშია!“
"საპატრიარქო დღეს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური განყოფილების ერთ-ერთ შტოს. ეკლესიის ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან და რუსეთის ეკლესიასთან არის აფილირებული, შესაბამის შედეგს ნახავს. ეს შედეგი მათთვის სასიამოვნო არ იქნება"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- ბატონო გოჩა, პოლიტიკური პარტიები საბოლოო განაჩენის მოლოდინში არიან. ამ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, როგორ პოლიტიკურ სურათს ვიხილავთ?
- „მაღალი აიქიუს“ მქონე ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ერთი რამე არ ესმით, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმების ასეთი ფორმატით, ისინი ვერაფერს შეცვლიან. ამ პარტიებმა 2024 წლის არჩევნებში, მილიონზე მეტი ხმა აიღეს.
- დაახლოებით 40% აიღეს.
- ბიძინა ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება, რომ მაგრად ფეხებზე მკიდიხართ. ქართველებს ბევრი რაღაცის მოთმენა შეუძლიათ, მაგრამ არის ერთი რაღაც, რასაც ქართველები ვერ მოითმენენ. ეს ფეხებზე დაკიდება, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მათ ძალიან მძიმედ მიუბრუნდებათ. ადამიანს შეიძლება გაბრაზებამ გადაუაროს, მაგრამ შეურაცხყოფის ატანა არის ძალიან რთული. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რომელიმე პარტია დატოვონ. ეს იქნება, სავარაუდოდ, გახარიას პარტია. „ქართული ოცნება“ ისურვებს, რომ პარლამენტში რაღაცა ფორმატით ჰყავდეს ოპოზიცია. გახარიას პარტიის წევრებმა თქვეს, რომ თუ მათ აკრძალავენ, მაშინ მანდატებს დატოვებენ. „ქართული ოცნება“ მწარე რეალობაში აღმოჩნდება, რაც უკავშირდება პარლამენტში მარტო ყოფნას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გახარიას პარტია არ აკრძალონ. ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ჩორჩანას ამბავი გახარიას შეტენეს.
- 20 ივნისიც.
- კი, 20 ივნისიც. აქედან გამომდინარე, რთულია პროგნოზირება. თუ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პრაგმატიზმამდე მივა, ისინი იტყვიან, რომ გახარიასთან სამართლებრივი დავა გვაქვს, მაგრამ მათ არ ვაუქმებთ. ეს პროცესი არის შიშის მაჩვენებელი. „ქართული ოცნების“ ეს რეპრესიული კანონები, მათი დამოკიდებულება და ძალადობა საზოგადოების მიმართ ნიშნავს, ხელისუფლებას ეშინია. ისინი ძალადობენ, რადგან ეშინიათ. ვისაც არ ეშინია, ის არ ძალადობს. მას ნორმალური დიალოგი შეუძლია. „იმედის“ ეთერში აფრიკაში კარგად ცნობილი შალვა პაპუაშვილი კედელთან მიაყენეს. ეს მძიმე კადრები იყო ხელისუფლებისთვის. რიგითი მოქალაქეები ბევრ რაღაცას ხვდებიან. ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა დააბრალოს ნაციონალურ მოძრაობას, ქართველი ხალხი ხედავს, რომ „ოცნებამ“ 100-ჯერ მეტი პრობლემა შექმნა. ადამიანს, როდესაც საარსებო მინიმუმი აქვს, ის ადამიანი არჩევნების წინ შეიძლება მოატყუო, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, მანდ უკვე 50-ლარით ხალხს ვერ მოატყუებ. ქვეყანაში ძალას იკრებს შიშის დაძლევის პროცესები.
- ოპოზიციის პოლიტიკურ საქმიანობას საფრთხე ემუქრება. რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ეს საფრთხე თავიდან აიცილოს? კვირას, თსუ-თან აქცია ჰქონდათ და ისევ „ოცნების“ ლიდერების დასაცინი გახდა. პაპუაშვილმა თქვა, რომ ზემო აჭარაში პატრიარქის მიერ მონათლული ხალხის რაოდენობა მეტი იყო იმ მოქალაქეების რაოდენობაზე, რომლებიც აქციაზე იყვნენ. რატომ ვერ ცვლის ოპოზიცია ბრძოლის ტაქტიკას? ერთ მოჯადოებულ წრეზე რატომ დადიან?
- ხელისუფლებას ხალხის ეშინია. როდესაც ადამიანების მაცივარი არის ცარიელი, მაშინ ქუჩაში მოქალაქეების რაოდენობას აზრი არ აქვს. დღეს, საზოგადოება თავის გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ხალხი გაბრაზებულია და ეს ბრაზი არსად წავა. საზოგადოებაში განწყობების ფორმულირება მიდის და ამას ხელს უწყობს „ქართული ოცნება“. ქართველებს გამარჯვების ფორმულა გვაქვს. ეს გამარჯვების ფორმულა, სადღაც შორს არ არის. ეს გამარჯვების ფორმულა არსად არ არის საძებნი. სახელმწიფო გერბზე წერია - „ძალა ერთობაშია“. პოლიტიკური პარტიები ბრძოლის ტაქტიკაზე უნდა შეთანხმდნენ და ეს ორი სიტყვა, რაც გერბზე წერია, კარგად წაიკითხონ. შიომ ვინ სად შეკრიბა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ეს ჯოგური ნათლობები არის გაუგებარი. საინტერესოა, ეს მონათლული ადამიანები, ნათლობისთვის როგორ ემზადებოდნენ. ბევრი ქრისტიანისთვის ნათლობა გაუგებარია, თუ რას ნიშნავს. ნათლობა ქრისტეში სიკვდილი და შობაა. ამას სერიოზული მომზადება სჭირდება. რამდენმა იქ მყოფმა ადამიანმა გაიარა ნათლობამდე მიმავალი გზა ქრისტიანული წესებით? პატრიარქად წოდებულ შიოს მოციქულის სიმპტომები არ ეტყობა. საინტერესოა ის რიტუალი, რაც ჩაატარეს, რამდენად შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებას, 2004-06 წლებში ასეთი ტიპის რიტუალები უკეთესად ტარდებოდა. მაშინ საპატრიარქოს და ხელისუფლების ინტერესები უნისონში იყო. „ოცნებამ“ ახალი არაფერი გააკეთა. იგივე გადაამღერეს, ოღონდ ცუდად გადაამღერეს.
- პაპუაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა და კრიზისი არ არის. მისი აზრით, კრიზისი ასაკრძალ პოლიტიკურ ძალებს აქვთ. ეს ადამიანი ვარდისფერი სათვალეებით უყურებს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ სურათს?
- ვიღაცას, როდესაც საჯარო სექტორში ხელფასი 2.000 ლარით გაეზარდა და ვიღაცას მხოლოდ 10 ლარით, მაშინ გამოდის, რომ ხელფასის ზრდა არის კოლოსალური. ესენი ამას ეძახიან ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკა იზრდება ქოლ-ცენტრების ხარჯზე, აზარტული თამაშების ხარჯზე და ფულის გათეთრების ხარჯზე. ამ „ეკონომიკურ ზრდას“ არავითარი გავლენა არ აქვს რიგით ადამიანებზე. საკუთარი თავებისთვის აქვთ ეკონომიკური ზრდა. ოპოზიციის ამომრჩევლებს ადამიანებად არ თვლიან. „ქართულ ოცნებას“ ეს ცინიზმი ძალიან მწარედ დაუბრუნდება.
- საპატრიარქოს რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით? მრავალპარტიული სისტემის ჩამოშლა შეიძლება ეკლესიისთვის მისაღები იყოს?
- საპატრიარქო დღეს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური განყოფილების ერთ-ერთ შტოს. მათი დუმილი არის თანხმობის ნიშანი და საქართველოს ხელისუფლებასთან უნისონში ყოფნა. ისინი არაფერს არ იტყვიან. საპატრიარქოს ავიწყდება, რომ საკვირაო წირვებზე ტაძრებში იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან მრევლი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან და რუსეთის ეკლესიასთან არის აფილირებული, შესაბამის შედეგს ნახავს. ეს შედეგი მათთვის სასიამოვნო არ იქნება. ეს ადამიანები ეკლესიისგან შორს არიან. ეს ადამიანები ეკლესიის წარმომადგენლები არ არიან. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უამრავი ჭკვიანი და გონიერი ადამიანია, საპატრიარქოს და ეკლესიის პრორუსულ ფრთას არ ვგულისხმობ, ისინი კარგად გრძნობენ იმ რეალობას, რაც არის დღეს. მათ მოუწევთ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი.
- სერბეთში ვუჩიჩის რეჟიმი დამარცხდა და სტუდენტურმა კოალიციამ გაიმარჯვა. რა ფაქტორებმა გამოიწვია, სერბეთის ხელისუფლების ცვლილება? საქართველოში შეიძლება, რომ სერბული მოდელი განმეორდეს?
- ეს გამარჯვებული ძალა მხოლოდ სტუდენტებისგან არ შედგება. იქ არიან აკადემიური წრის წარმომადგენლები, ტიკ-ტოკერები და ინფლუენსერებიც იყვნენ. პოლიტიკოსები გვერდზე გადაწიეს და სხვა პროფესიის ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოსულიყვნენ. არ ვიცი, როგორი იქნება სერბეთის ხელისუფლების ფორმირება. ეს იქნება ტექნოკრატების და საზოგადოების მიერ შექმნილი მთავრობა? დღეს უკრაინა ფეხზე რომ დგას ეს არის ევროპის დამსახურება. უამრავი შიდა პრობლემის მიუხედავად, ევროპა უკრაინის გვერდზე დგას. უნგრეთსა და სერბეთში განხორციელებული ცვლილებები პოზიტიური განწყობის საშუალებას იძლევა, თუმცა ეს არ არის ის მოდელები, რომლებითაც ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენ ჩვენი მოდელი გვჭირდება, ეს არის ლოზუნგი - „ძალა ერთობაშია“.
ესაუბარა კოტიკო გოგინაშვილი
ახალი თაობა