კონსერვატიულ პარტიას შემოაკლდა ფული.
ძნელი სათქმელია რა გახდა ამის მიზეზი - შესაძლოა სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთს დღეს საქართველოსთვის არ სცხელა და კიდევ ერთი პრორუსული პარტიის დაფინანსება უკეთეს დრომდე გადაიდო. შესაძლოა, ადგილობრივი ბიზნესი, რომელიც აფინანსებდა „ალტინფო“-ს მიხვდა რა საძაგლობაში იყო ჩართული და განზე დგომა ამჯობინა. ანდა სრულიად შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“გადაწყვიტა თავისთვის დაეტოვებინა ის რადიკალური პრორუსული 5-10%, რომელიც ხან ნინო ბურჯანაძეს აძლევდა ხმას და ხან ინაშვილ-მოურავის ალიანსს - რაღა ვიღაცა ხელმოცარულებს ვაჩუქოთ ეს 5%?
მოდი და ჩვენთვის მოვიხმაროთ, 5% ხომ ძალიან ბევრი არაა, მაგრამ არც ქუჩაში აგდია. ასეა თუ ისე, პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები აქვს და შესაძლოა ტელეარხი „ალტინფოც“ საერთოდ დაიხუროს. მდგომარეობის გადარჩენა თავის თავზე მთავარმა პარტაიგენოსემ - კოკა მორგოშიამ - იკისრა.
მან საზოგადოებას სოციალური ქსელებიდან მიმართა - ხალხნო, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, გამოიჩინეთ ჰუმანურობა და დაგვეხარეთ!!! ამ მოწოდებას თან ერთოდა სურათი - კოკა მორგოშია - აბა თუ მიხვდებით სად? კრასნოდარში? სოჭში, როსტოვში, ან ბოლო და ბოლოს მოსკოვში როგორც ეს ეკადრება ევროკავშირის დროშის დაწვით ცნობილი პარტიის ლიდერს? გაგიკვირდებათ, მაგრამ არა - არც კრასნოდარში, არც როსტოვში, არც სოჭში, და ბოლოს და ბოლოს არც მოსკოვში.
ევროპასთან მებრძოლი მორგოშია თავის მოქალაქეებს ევროპის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფულს მონაკოდან სთხოვდა. იქნებ ეს უნებლიე შეცდომა იყო? მართლაც, უხერხული არაა, აგროვო თითო ლარი ევროპის ლანძღვა-გინებისთვის და ამ დროს იყო არა უბრალოდ ევროპაში, არამედ მონაკოში? როგორც ჩანს, მორგოშია ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავს - შემდეგი მოწოდება „გვიშველეთ რითაც შეგიძლიათ“ დაიდო სოციალურ ქსელებში ვენეციის ერთ-ერთო რესტორნის ფონზე, სადაც მთავარი ქართველი ანტიევროპელი მშვენიერად ატარებდა დროს.
რატომღაც, არავის არ გაუკვირდა ეს ამბავი. ბევრი აღშფოთდა, ეს კი, მაგრამ აი გაკვირვებით კი - არავის გაჰკვირვებია. და ეს ბუნებრივია - ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმ რეალობას, რომ ე,წ. „პატრიოტები“, „ქართველობის მცველები“ და უბრალოდ რუსეთის აგენტები სათავისოდ ძალიან კარგად ხვდებიან რა არის კარგი და რა არის ცუდი. უტვინო ბრბოს და მრევლს ისინი მოძღვრავენ, რომ ევროპა ბოროტებაა და ის ქართველობას ებრძვის. თუმცა როგორც კი საქმე საკუთარ ტყავს და კომფორტს შეეხება - „ქართველობა“ წამში ავიწყდებათ.
კოკა მორგოშია ამ ფარისეველთა აღლუმში არც ერთად-ერთია და არც პირველი. პირველია რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესია, რომელიც საზოგადოებაში მკვეთრად ანტიევროპულ განწყობებს თესავს, თუმცა, საკმარისია ერთი თითი ასტკივდეთ - მირბიან არა რუსეთის შორეულ მონასტრებში ლოცვებით მკურნალობისთვის, არამედ გერმანიის საუკეთესო კლინიკებში. რატომ მაინც და მაინც გარყვნილ ევროპაში დარბიხართ სამკურნალოდ? აგერ არაა ერთმორწმუნე ძმა, რომელიც არ ცდილობს ქართველი მამაკაცები გეებად აქციოს?
თუმცა, ერთია ლაყბობა უტვინო ჯოგის გულის მოსაგებად და სულ სხვაა - საკუთარი, პირადი ინტერესი. მრევლისთვის - ლოცვა, ჩაკეტილობა, გაუნათლებლობა, დასავლეთის გინება და ევროპული ცხოვრების წესის დემონიზება, ხოლო სათავისად - რესტორანი ვენეციაში, უძრავი ქონება პარიზში, შოპინგი მილანში. ისე, სხვათა შორის - არავის შეგხვედრიათ სადმე ბაზარში „უცნობი“ გაჩეჩილაძე? ლობიოს ხომ არ ყიდულობს ტომრებით? არა?
არც არის გასაკვირი - ლობიო - ეს ჩვენთვის, ანუ გოიმებისთვისაა, ხოლო თავად „უცნობისთვის“ - ბიძინას ფულით ნაყიდი სტეიკები და ისევ ის - რესტორანი ვენეციაში, კაზინო მონაკოში, შოპინგი მილანში.
ქართველი რუსეთუმეების უსაზღვრო ფარისევლობას მხოლოდ მათი უფროსი ძმა, რუსეთი შეედრება. საკმარისია იმის თქმა, რომ დიმიტრი მედვედევის შვილი უკრაინაში ომის დროსაც კი შტატებში ცხოვრობდა, ხოლო ლავროვის ქალიშვილი ლონდონში სახლს ფლობს და ბოლოს და ბოლოს პუტინის ერთ-ერთო ქალიშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს. ამ გაქანების ფარისევლობას უცნობ-მორგოშიები- საპატრიარქო ვერასდროს მიაღწევენ - ამხელა ფინანსური რესურსი მხოლოდ ბორენკას აქვს, რომლის მომსახურე პერსონალიც დასავლეთს მისი დავალებით ბოლო სიტყვებით აგინებს, ხოლო მისი შვილები პარიზში და სეულში ცხოვრობენ...
პრორუსი - ყველა საკითხში მატყუარაა და ამაში - პირველ რიგში. თუმცა, კოლექტიურ მორგოშია-უცნობ-ბორენკასთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს - გასდით და თავხედობენ. მთავარი პრეტენზია კი იმათთან მაქვს, ვისთანაც გასდის - მრევლთან, რომელიც ვერ ხვდება, რომ მათ მოკლე ჭკუას და ქსენოფობიას ძალიან კარგად იყენებენ ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოვრება წარმოუდგენელია გერმანიის საუკეთესო კლინიკების, ვენეციის რესტორნების და მილანური შოპინგების გარეშე.
ისინი კითხვების გარეშე ყლაპავენ ამაზრზენ ანტიდასავლურ რიტორიკას ადამიანებისგან, რომლებიც ევროპაში ან ამერიკაში ჩასასვლელად საჭირო თუ გახდა ქვეყანას კი არა, დედ-მამას გაყიდიან.
ეს აბსურდის თეატრი ათწლეულებია გრძელდება და მას ბოლო ჯერაც არ უჩანს.